დამაგვიანდა ..


დამაგვიანდა,
ვეღარ ვხვდები ახლა ვინა ვარ,
მთის ჭიუხებმა მიუარეს, ბარმაც უარმყო,
აღარც წარსულმა შემინანა, არც მომავალი
არ არის ჩემი და დავდივარ ასე უაწმყოდ.

სისხლი თრიაქით კალაპოტებს ანგრევს, ( შემცივდა ),
ვით მათოვარი საფლავებზე შავად გავთოვდი
და ჩემს სამყაროს შემოდგომა ზამთრად დასცვივდა,
როცა მეძახდი, მე ვდუმდი და სადღაც გავრბოდი.

დამზრალ ფიქრების შემეშინდა და მქონდა დარდი,
რომ შევცბუნდები ფიქრის მსგავსად არ დამეზარო,
მოვკალ დედილა, რომელსაცა ღმერთივით ვწამდი
და ახლაც სევდობს, კიდევ ერთხელ არ გავებზარო.

რაი ვქნა, სულო, ჭიაფერი გასკდა ცისკარზე,
როს ალიონმა აიწია კაბის ფოჩები,
ქალო, შენც კალთა წუხილისგან ჩამოგეხევა,
ჩემი ტანჯვისგან მაგ გოდებას თუ არ მორჩები.

და მაინც მგონის არ მბეზრდება ასე ხეტება,
ტანს მჭრის სისავსე და ლოცვისფრად შევთხოვ მაცხოვარს,
რომ შენი სახე შემინახოს წმინდა ხატებად
და გამახსენოს, რომ ჩემგვარად შენაც გახსოვარ.

დამაგვიანდა,
აბა, მე რა ჭკუა დამიშლის,
კინწებს და კლდეებს ბანდულები შემომატარებს
და ჭერის ნაცვლად დელგმისპირულს სივრცეს გავიშლი
და ამ სიცოცხლეს იმ სიკვდილსაც კი შევადარებ.

/ ნანუკა ჭკუასელი /
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი