ქვა ავატირე, ქარიშხალი ქვიშად ვაქციე ..


ქვა ავატირე, ქარიშხალი ქვიშად ვაქციე,
მტერი ვიმოყვრე და კლდის რისხვა მხრებზე მოვიცვი,
ვკითხე - რთულია?
მიპასუხეს - რთული? - არც ისე
და თუ ასეა იქ, სიკვდილი კიდევ მოიცდის.
გზა გავასწორე,
ხმელი ტოტი გავაყვავილე
და იმედები ჩავისახე ,იცი, ცალი ფრთით,
ცა გავალურჯე
და ტყისფერი მივეც ყვავილებს,
და შენ ძვირფასო
ვერ გიბრუნებ ისევ ვერაფრით.
ცრემლი დავღალე
და ღვთის ღალატს თუ გადავურჩი,
მერე ცხოვრება ,ალბათ, რამეს კიდევ მაღირსებს,
ვკითხე - მძიმეა?
მიპასუხეს - შეუძლებელი,
თორემ გატანა მარტივია, მძიმე - არც ისე.
ქვა ავატირე,
ეჰ, ძვირფასო . . . 
შენ კი ვერაფრით,
რაღაც ისეა,
დიდი ხარ და თითქოს ბავშვივით,
ეს სიმართლეა
მომიტევე, მაგრამ რაღა ვთქვა,
შენთან ვრჩებოდი და შენ
სადღაც მაინც გამიშვი.

/ ნანუკა ჭკუასელი /
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი