წითელი ოქროსფერი


ეს ყველაფერი ზუსტად ერთი კვირის წინ დაიწყო. 
ბარში ვისხედით მე და კრისტი,  18 აპრილი იყო, კრისტის დაბადების დღე. 
მახსოვს, რაღაცას ვუხსნიდი აზარტში შესული, ან, ჩვეულებისამებრ, ვეჩხუბებოდი იმის გამო, რომ ყურადღებას არ მაქცევდა. კრისტისაც ჩვეულებისამებრ ქინდლი ეჭირა ხელში და წიგნების კატალოგს ათვალიერებდა. ხანდახან, მობილური რომ განათდებოდა, ესემესებს კითხულობდა და ვიღაცებს წერდა/შლიდა.  არ მახსოვს, ზუსტად რის გამო ვეკამათებოდი, მაგრამ მახსოვს, რომ ძალიან გაღიზიანებული ვიყავი,ამინდის, ჩემი თავის და რაღაც ყოველდღიური შემთხვევების გამო. 
კრისტი ხანდახან ამოიხედავდა და თვალს შემავლებდა, ელოდა,  როდის გადამივლიდა ამრეზილი იერი, სხვა დროს მეტყოდა, ეგეთი საოცარი ოქროსფერი თვალები რომ არ გქონდეს, შენს გვერდით არ გავჩერდებოდიო. თუმცა ეს იშვიათად. კრისტის ბევრი ლაპარაკი არ ჩვევია. 
გარეთ წვიმდა, შავქოლგებიან გამვლელებსაც ვხედავდი, ბუნდოვანი მინიდან შავქოლგებიანები დიდი, მდუმარედ მოსიარულე ხოჭოების ილუზიას მიქმნიდნენ. 
-კრისტი, სასტუმროში წავიდეთ ? 
-კარგი... 
- იქნებ გირჩევნია, ჩემთან წავიდეთ ? 
-კარგი,- მხრები აიჩეჩა. ხომ ვთქვი, არ უყვარს ბევრი ლაპარაკი. 
-კარგის გარდა არაფერი იცი ? - კრისტიმ თევზის თვალებით გაოცებულმა ამომხედა,- არ ელის და აზრზე ვერ მოსულა, რა დამემართა, მე კი ვაგრძელებ,- სულელი ქალი საწოლშიც კი მოგბეზრდება . 
ვდგები და სკამზე გადაკიდებულ პიჯაკს ვიცვამ, კრისტი მიყურებს , არაფერს ამბობს. 
-ქოლგას არ წაიღებ ? - მეძახის კართან მისულს.  ცხოვრება/ქოლგაც ზედმეტად უაზრო მეჩვენება. ყველაფერი იცრიცება , ხუნდება . ასე ხშირად მემართება , თუმცა ვიცი, რომ დროებითია. მგონი, ბევრი კითხვის ბრალია. 
შუა გზაში თავი ცუდად ვიგრძენი. უწვიმარ ზოლს მივყვებოდი. რამდენჯერმე მოვიკიდე გულზე ხელი და მანქანამდე რომ მივაღწიე, მივეყრდენი...
კრისტის თევზის თვალები მახსენდებოდნენ. 
. . .
სახლში შვედი და ნაწვიმარი, სველი ხელით შუქი ავანთე. აბაზანაში შევედი, სარკეში ჩავიხედე, შუბლზე ჩამოშლილი თმა ორივე ხელით ავიწიე. კბილის ჯაგრისი ავიღე, თვალები დავხუჭე და კბილების ხეხა დავიწყე.  ასეთი ყოფითი საქმეების შესრულებისას არაფერზე ვფიქრობ ხოლმე. 
უცებ მომეჩვენა...
თითქოს პირში პატარა კენჭები მეყარა..
თვალები გავახილე და პირი გავაღე : ეს ჩემი კბილები იყო.
გადმოვაფურთხე და ჩემი ყველა კბილი ხელსაბანზე დაიყარა. 

. . . 
პირში ლპობის საშინელ გემოს ვგრძნობდი და სისხლს ვანთხევდი დამუწული ტუჩებიდან, როცა კიბეებზე ჩავრბოდი ( ლიფტი არ მუშაობდა) 
ტაქსის გამოძახება მინდოდა, მაგრამ ვიტრინის მინაში ჩემს ანარეკლს თვალი მოვკარი. გადავიფიქრე. 
რუხი პერანგი ჩამოალუბლისფერებულიყო, როგორც მავანი არშემდგარი პოეტი მეგობარი იტყოდა. 

. . . 
-თქვენი სახელი ?
-ედი.
-გვარი ? 
-ასათიანი. 
-ასაკი?
-24. 
-ეს როდის დაგეწყოთ ?
-რა ეს ?
-ავადმყოფობის ნიშნები. 
-სუფთა პირსახოცი, თუ შეიძლება. 
-ახლავე.
-რა მჭირს ? ( პირს ვიფარავ) 
-ასეთი რამ მედიცინას მხოლოდ რამდენჯერმე ახსოვს და ისიც მხოლოდ ასაკოვან მამაკაცებს დაემართათ. გამონაკლისისთვის ყოველთვის მზად უნდა იყო. 
-მოვკვდები ?.. რა მჭირს ?  კბილები ხომ შემიძლია, ჩავისვა ?
-შეგიძლია, მაგრამ არ ღირს , ასე მგონია. მაინც მოგერღვევათ. 
-პირში საშინელ გემოს ვგრძნობ...
-ბუნებრივია. ეს სულ 3-4  დღე გაგრძელდება... ძალიან ლამაზი კაცი ხართ და რა დასანანია...  თმის გაცვენა, კანის გადაგვარება ... ეტლისთვისაც იზრუნეთ - რაღაცას წერს, დიაგნოზს მისვამს,- ვინმე გყავთ აქ, მშობლები ან...
-არა...
-მაშინ , ჯობია, აქედანვე იზრუნოთ . 
-მერე რაიქნება ექიმო ?
-თვალების ქუთუთოების რღვევა.
-ბოლოს ?
-ძვლების  და ლიმფური სისტემის ჩაშლა. მოიცადეთ, სად მიდიხართ, მოიც...

. . . 
კარიდან გამოვედი და კიბეები ჩამოვიარე. ჩემი რეაქცია მე თვითონ გამიკვირდა, რატომ არ ვურტყამდი თავს ასფალტს, რატომ არ ვეშვებოდი ცათამბრჯენიდან, რატომ არ ვბღაოდი, რატომ არ ვგორავდი, რატომ არ ვიხრჩობოდი ცრემლებში. არა, არასოდეს გადმომვარდნია ცრემლი და არც ახლა დავუშვებდი, ყელი მტკიოდა ოღონდ და კანზე ხელს ვერ ვიკიდებდი- პატარა, ჯერ ძლივსშესამჩნევი ღრმულები მიჩნდებოდა...
„მე ჩემი ბედი რა ვთქვი, იობი მაინც ვიყო, რამის მაინც მწამდეს“.  
ვიტრინას გვერდი ავუარე ,არ ჩამიხედავს, შარფი ავიფარე და ქუჩას ავუყევი.
. . . 
ეტლი შევიტანე ოთახში. ბნელოდა. შუქი ავანთე, სარკეები გადავაბრუნე. აივნის სარკე თვალებდახუჭულმა ჩამოვიღე. თვალების დახუჭვა ძალიან გამიჭირდა- ქუთუთოები ნახევრად აღარ რეაგირებდნენ. 
„ ედი, დამშვიდდი...- ვიმხნევებ თავს,- დივანში ჩაჯექი, პლედი გადაიფარე და ბავშვობიდან აქამდე წლები გაიხსენე... რაც კარგი და ფერადი იყო, სადაც მშობლები, წუთები და სიხარული იყო“ ...  მაგრამ უცებ ვაანალიზებ, რომ ბავშვობიდან აქამდე სულაც არ გასულა დიდი დრო. რომ მოსაგონარი ახალშობილი წუთებია. სლუკუნის უფლება არ მაქვს. ბოლოსდაბოლოს ბიჭი ვარ ოქროსფერი თვალებით და სიმშვიდისფერი თმებით. 

. . . 
თვალებგახელილი ვიწექი. 
ხელები ტანიდან განცალკევებით მეწყო. გული ფეთქავდა.. 
მშვიდად ვიყავი, ოღონდ, მარტოობის შემეშინდა. 
მე ვიყავი და ოთახი, ოთახის კარადა, ფარდები, თეთრი ჭერი... 
„ ჩვენ ხომ ყველაფრის გვეშინია, რაც ჩვენთვის უცხოა, ადგილების, ადამიანების, სიტუაციების...“ გამახსენდა ადრე, ლექციაზე მოსმენილი. 
მარტოობა უცხო იყო ჩემთვის, ალბათ ამიტომ შემეშინდა.
„არ იფიქრო“-ვეუბნებოდი ჩემს თავს, მაგრამ ოთახის საათი , რომელიც წკაპუნობდა...
ტელეფონი ავიღე. 
-კრისტი..
-ედიი! გინდა, შენთან მოვიდე ? 
-არა...
-გამეხარდა, რომ დამირეკე... ვერ წარმოვიდგენდი... ხვალ მაინც გნახავ...
ვერ წარმოიდგენდა, იმიტომ რომ, ჩვეულებრივ, ჩხუბის მერე მე არ ვდგამ პირველ ნაბიჯს. უჯიუტესი მე. 
-ვერა კრისტი... ერთი კვირა ვეღარ მნახავ.
-რატომ ? 
ვფიქრობ რა ვუპასუხო, მერე კი გონება მინათდება:
-დეპრესიაში ვარ და...
-კარგი.
-ისევ ასე უცებ დამეთანხმე ?
სიჩუმე. 
-კრისტი..
-ერთი კვირის მერე გნახავ ?
-კი... აუცილებლად. მანამდე... მანამდე ერთი თხოვნა მაქვს...
-გისმენ.
-შეგიძლია, ეს ერთი კვირა ტელეფონი არ გათიშო ? უბრალოდ, არ გამითიშო...
-კარგი..
-ვილაპარაკოთ...
-კარგი...
-კრისტი.
-ჰო.
-კიდევ მითხარი. 
-რა ?
-კარგი, კარგი, კარგი... -ხმა ამიკანკალდა.
-შენ ტირი ? 
-ჰო, რა გაგიკვირდა ?
-არასოდეს გიტირია...
-ვიცი... კრისტი.
-გისმენ...
-ხომ არ გათიშავ ე...ერთი კვირა? 
-არა... დამშვიდდი. გინდა, გაგამხიარულო ? 
-მიდი..
-იცი, რით უნდა გაგამხიარულო ? 
-არა... ჯერ მე მომისმინე. შეიძლება მერე ვეღარ ვილაპარაკო. მე იცი, დეპრესიის დროს ასე ვარ. 
-კარგი. იცი, რისი თქმა მინდოდა ? 
-ჰო, თქვი, თქვი.
-იცი, ახლა აქ რომ იყო, რას გავაკეთებდი ? ჩაგხედავდი ოქროსფერ , ულამაზეს თვალებში და მთელი ცხოვრება გიყურებდი. 
-...........................................
-არადა, დღეს, შენ რომ წახვედი, ყველაფერი გაუფერულდა. წეღან რომ გითხარი, ვიღაც დიდი კაცი ვნახე-მეთქი სიზმარში...  მესიზმრებოდა, ვითომ...
ბურანში მივდივარ.
1 კომენტარი
.....7 წლის წინ

Auuu matireeb?ar ginda gagrdzwleba ro qondesss?imedia realurze araa agebuli xo?

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი