გისმენდით

თქვენ მაჩვენებთ ფოტოს..
და ჩემზე  ბრაზდებით...
ვერ დავემსგავსები თვრამეტი წლის გოგოს
ვერც ვერავინ დამამსგავსებს
და ვერც მე დამემსგავსება...
მე ჩემით სავსე ვარ...
ვერასდროს მოგაჩვენებთ თავს მიამიტად და კეთილშობილად ცამდე...
ვერასდროს ვიქნები იდეალური მსახიობი,
რომელიც ძალიან კარგად ფუთავს საკუთარ ტალანტს 
და გარეგნობას.
ვერასდროს ვიქნები ქალი
რომლის დანახვაზე
კაცები იფიქრებენ  ,,აუუფ" ან უფრო მეტიც-ამას ხმამაღლა წამოიძახებენ..
ვერასდროს გამოვბურცავ ტუჩებს ან სხვა ნაწილებს რომ ვინმეს მოვაწონო ან მინიმუმ შევაშურო მაინც ჩემი სიკოხტავე..
ვერასდროს ვიფიქრებ სხვების ცოლებზე ან ქმრებზე--რა მისცეს ან რა წაართვეს ერთმანეთს  (თუმცა ამაზე პასუხი მარტივია--რაც ქონდათ, ნებისმიერ შემთხვევაში! აქ ფიქრი უფრო იმაზე მეზარება რა ქონდათ, როომ? )
და მითუფრო მათ ვერ შევადარებ ჩემს ქმრებთან...და ჩემი ქმრების ცოლებთან...
ვერასდროს დავიმახსოვრებ ვინ ვის სად  რა და როგორ  (ან რამდენგზის)
მიცა, ეცა, ეცვა, ეცეკვა, შეკვეცა, შეკეცა...
არ ვიცი ვისი ცოლის კაბა ან ჩანთა ან მანქანა რა დაჯდა...
არც ის ვიცი ის ცოლიან ქმარი ამისთვის  სადა  ჯდა..
ან რატომ მიყვებით ამ უმნიშვნელო დეტალებს
ამდენად უმნიშვნელო ადამიანებზე..
ან რატომ გახადეთ ეს ფაქტი, ამ ამბების მოყოლის ამბავი, ისეთი მნიშვნელობის,
რომ იძულებული გავხდი პასუხი გამეცა
თუნდაც მხოლოდ ზრდილობისათვის,
იმის დასადასტურებლად, რომ ნამდვილად გისმენდით...