წყალს ვნაყავ როდინით, ამაო ლოდინი ..


წყალს ვნაყავ როდინით, ამაო ლოდინი,
                     აწყდება  ვერანდას,  ვერ  გავთბი, ვერა და..
                     ერთ მუჭა  სითბოში, ვერ ვადნე  ცის თოში,
                     ვიარე მითებით...ვერ ხედავ?–ვფითრდები..

                     ეს ბოლო  ლექსია..ხმას მაწვდის გესლიანს
                     საღამო  უმზეო,  ბოლოჯერ უმზერო
                     ქუჩებს და  ხეივნებს, დრო რას გახეირებს..
                     დანებდე  გიბრძანებს, დაახშობს იმ ზარებს

                     ბავშობას რომ დარჩა,  ნაზხმიან  ქამანჩად..
                     იმედის ფარაჯა, ოცნების ლამანჩა,
                     გქონდა და არა ჩანს...არც ჭროღა ალაჯა 
                     არ ხარობს  არსად და  დრო  ბედთან დაზავდა..

                     შენც კი მიმატოვე..დარდები მათოვე,
                     მე  ფიქრი ვიბევრე, მოვიდა სიბერე..
                     ფარ–ხმალი  დავყარო?  წაიღეთ აყალო,
                     მე ზეცას ვნებდები და თუ დავბერდები

                    მოდი დავნაძლევდეთ, მე  უნდა  გავგრძელდე
                    აპრილად, მაისად..დღეს ანდა გაისად..
                    მე მაინ მოვალ და  ვით  ქარის მოვარდნა, 
                    ვარდების მოვიდან  ჩემს სუნთქვას მოგიტან..




****
                               და როცა გარეთ  დგას  ცივი ბუქი,
                               ღამე ფიჩხებზე ცხვება მიწურთან,
                               თვალებში  გიდგას სამყაროს შუქი,
                               თითქოს უბეში მზე ჩაგიცურდა..
                               
                              გასხივოსნებულ დუმილს რომ ახლავს,
                              შენი ჩრდილია, თუ სანთლის ლანდი,
                              ფერშემოძარცვულ  ოთახში    ახლა,
                              უბრალოება მეფურად დადის..

                             თითქოს ჩამოდნა სარკმელი – ბროში,
                             მინაზე   წვიმა ისე დაცრემლდა,
                             არ ავცდენოდით ერთმანეთს დროში,
                             შენს შეყვარებას ვინ დამასწრებდა..

***
                               ამ მთათა  მიღმა   ფიქრის  მთებია..
                               მზედაფენილი მწვანე ყლორტებით,
                               შენს ახლო  ყოფნა   არც  მდომებია,
                               უბრალოდ  ისე  გიახლოვდები..

                              ზღაპარი ისე დამსრულებია,
                              სიზმრებშიც ვეღარ ვხედავ ქარიტებს..
                              შენი დანახვა   არც მსურვებია,
                              უბრალოდ თვალი  ვერ აგარიდე..

                           
                             ახლა არ ვიცი რარიგ წრფელია,
                             ნათქვამი, მე რომ ასე მეწრფელა..
                             ლექსი შენთვის არ დამიწერია
                             მარტის  წვიმებში  შემომეწერა..

***
                 მინდოდა მენახე...ოხრავდა ყველა ხე..
                 და ყველა  ყვავილთან ვიწყებდი თავიდან
                 შენზე  ფიქრს, შენზე დარდს..და გული გეძებდა..
                 თვალებმა ვერ გპოვეს,  და როგორც ბეთჰოვენს,
                ღამეს არ ესმოდა,  ნაცნობი ეზოდან
                 დეკემბრის  ქარის ხმა..არც  ზამთრის ქარიზმა..
                 და კლავესინების  ზრაპრული სიმებით,
                 თვითონვე  ქარობდა,  სულ სხვა სამყაროდან..
                 წავედი..წავიღე  ფიქრი და  თარიღებს
                 ვუპოვე  საშველი.. გონების  საშლელით..
                 და რა გამოვიდა..ჩემს თავთან კორიდა..
                 ჩემს თავთან  კამათი..უმიზნო ომი და..
                 დავბრუნდი  დაღლილი...ერთგული ძაღლივით..
                 დაკეტილ კარებთან..ტკივილს რომ დანებდა..  
***
                  მალე ეს ზამთარიც გადივლის,
                  წაიღებს  დროს,  დარდთან მინათვალს..
                  სიზმარო, მეც  არ ვარ ნამდვილი
                  და სიზმრის სიზმარი  ვინა თქვა..
                                            სიტყვები კი არა ქარის ხმა,
                                            მომძახის, ქარობას არ იშლის..
                                            სიკვდილი, სიცოცხლის ქარიზმა 
                                            ყოფილა და რა საშიში..
               არ ძალმიძს რაც, როგორ  შეგპირდე,
               ფარსია  დათმენაც,  ერთობაც..
               რამდენჯერ   დავთმე და შეგინდე,
               იმდენჯერ  მომთხოვე  შენდობა..
                                               ვჩუმდები...სიცხადით არმთელი..  
                                               (სულამდე მტკიოდა ვინ აღარ..)
                                               სულ ერთი სიტყვა მაქვს სათქმელი
                                               დღემდე და  უფლისთვის ვინახავ! 


  ***
                
ყველას, პასუხი როდი აქვს კითხვას,
მზით ვფერავ სულის ანაბეჭდ ლიტერს,
ხშირად ხდება, რომ სულ ერთი სიტყვა 
ზოგჯერ ცხოვრებას ღმერთივით იტევს..


ასეა, მისი თავი და ბოლო,
ხან წამალია და ხანაც დენთი..
ნამდვილი სიტყვა ერთია მხოლოდ,
როგორც ერთია ამქვეყნად ღმერთი..


და ახლა დუმილს ფიქრად ვიჩერებ..
გულის ოთხივე საკანს შესცივდა, 
რა ვქნა, ნათქვამი ვერ დაგიჯერე, 
არ მოგელოდი რადგან ზეციდან.. 
                                    
***

                       მინდა  ათასგზის  გითხრა ბოდიში,
                       თუკი  ოცნება  უკუღმა ახდა..
                       ნაიმედარი შუქის ლოდინში, 
                       გვირაბის ბოლოს გვირაბი დამხვდა..
                                    მიმქონდა  გულში   ნათბობი ლოცვა
                                    სხეული, თმენით სავსე, სულამდე
                                    და გზა, უკანსვლას ჯობია, როცა 
                                    იარო   წინ  და  აღსასრულამდე..     
                      დასერეს სივრცე იჭვის კეთრებმა,
                      და  მიხვდა ფიქრი–ბინდის საპყარი,
                      რომ  სინამდვილეს  ვერ შეედრება,
                      ვეღარც მითი და ვეღარც ზღაპარი..
                                        საკუთარ თავთან მოვრჩი შეკითხვებს
                                        აწ კარგად ვუწყი,  შარა სად მიძევს..
                                        მაინც შენს ხსოვნას ჩამოვეკიდე, 
                                        ვით ჩვილი, დედის გულის საკინძეს..
***

ალბათ ოდესღაც ეს გული შეცდა,
ჩემსავით ვეღარ შეძლო მისნობა,
მე სიყვარული შევთხოვე ღმერთს და 
გამომრჩა მისი მარადისობა!
ხმელი ხმიადით ლხინსავსე სუფრას
ცოტა ჩრდილი და ბევრი ცა ჰქონდა,
როცა კერია შევთხოვე უფალს,
მარტო ვიყავი.. არ მომაგონდა..
მოსასვლელ წუთებს ვერ ვიმახსოვრებ,
დღეები ისე სწრაფად მიქრიან,
ღმერთს პატიების უნარი ვთხოვე,
რომ შეგხვდებოდი, არც მიფიქრია..
და ახლა ვნანობ ისე ძალიან,
რამდენი რამე შევძელი ვეღარ ..
რაც დავივიწყე ჩემი ბრალია,
რაც დამავიწყდა- მიზეზი შენ ხარ!
ალბათ ამიტომ ეს გულიც შეცდა,
ჩემსავით ვეღარ შეძლო მისნობა,
მე სიყვარული შევთხოვე ღმერთს და 
გამომრჩა მისი მარადისობა!

***
ღმერთო, შემინდე, ვინ შენ და ვინ მე,
რომ შეგავედრო ჩემი საძვალე, 
პირველი სიტყვა თუ მათქმევინე,
უკანასკნელი სიტყვაც მაცალე..
თუ გსურს წუთებად აქციო წლები,
ნება შენია, მოგყვები ცალად,
თუ წუთისოფლად მოვედი ცრემლით,
წასვლისას მომეც ღიმილის ძალა!
ბალახებს სცივათ, წელმოცელილებს,
და მზეს უხმობენ, ცხადით ნახელებს,
თუ ფეხზე გავლა შემაძლებინე,
გთხოვ, წაქცეული წამომაყენე!
ყოჩივარდები იებად ფასობს,
გვიანი ზამთრის როს დგას ზმორება,
სად ჩავიმუხლე, თუ კარგად გახსოვს,
ხოშორი გზებიც გემახსოვრება..
მეც სამსალას ვსვამ საკუთარ არჩივს,
და ძველ ედემზე აღარც ვკამათობ,
შვილი, რომელიც მიწაზე დაგრჩი,
დაბნეული და უმისამართო..
შემინდე, ღმერთო, ათასი კითხვა,
სანამ ცას ჯანღი მოექუფრება,
თუ მათქმევინე პირველი სიტყვა,
მომეცი ბოლო სიტყვის უფლება!

***
ერთი მიწა ზრდის ბუჩქს და ბაობაბს,
ერთი ფესვი აქვს საქებს, საწუნარს..
თუ ცდები, მაინც არის სხვაობა:
კაცმა გაცდუნა თუ კაცმაცუნამ.
ცოდვა ცოდვაა, ჩრდილიც მცირედი
სანთლებთან დარდის ცრემლად დამწურავს,
მაინც გაფასებ იმის მიხედვით,
დიაცს საყდრობ თუ დიაცმაცუნას..

***
მე წამოვედი ძველი სახლიდან,
და ზამთრის ღამემ გამომაცილა,
თითქოს გავედი ჩემი თავიდან,
და სახლი დარჩა სულის ნაწილად..
ჰორიზონტს მიღმა ითვლიდა წამებს,
დღე მოსასვლელი, დღე ცარიელი..
და მომყვებოდა კვალდაკვალ მთვარე,
ვით უდაბნოში ბეცალიელი..
ასე მიდიან დაღლილი ბრძოლით,
ყოფნიდან, სადაც უცხო გზებია...
ასე მიდიან შიშით და ძრწოლით
და მერე უკან ვერ ბრუნდებიან..
ჰგავდა დუმილი შუბლს, ტყვიადახლილს,
ბორგავდა გულის ოთხი საკანი,
და ჩანდა ბოლო ქუჩა და სახლი,
ვით ბოლო მგზავრის ბოლო ბაქანი..
რა არ ვცადე და რა არ ვეწვალე,
ვერ შევაჩერე ჟამი თავნება..
მივდიოდი და ვტოვებდი თვალებს
კარებთან, ცვრიან იასამნებად..
ვერაფერს ვხედავ, მას შემდეგ, რადგან,
მეძალებიან ზამთრის ქარები..
დღეს არიადნეს გორგალზე ვართავ
და ღამეს მივსდევ გულის თვალებით..

**
ზოგის სიცოცხლე ვერცხლია, ზოგისა თურმე ცეცხლიო,
ჩემო, შენ მითხარ, რომელი, ხარ, თუ არცერთი, ამათგან..
იმედო, ხვალის, იქნება მზებუნიობას მეწვიო,
რომ სიყმაწვილის ოცნებებს შენი გვირგვინი დავადგა..
თუ დაღმართებით დავდივარ, აქვე ახლოა აღმართიც,
რას მოიტანდა ხმაური, თუმცა რა მომცა დუმილმაც,
მართალი გითხრათ, არცერთი არა ყოფილა წაღმართი,
..დავლიე ღვინო, მან მომკლა, არ ვსვი და მისმა სურვილმა..“
გაჭირვებაში ჭინჭრაქა შეხიზნებია ყორესა,
მე ვისი დავრჩი ხიზანი, ზუსტად ისიც კი არ ვიცი ,
სადღაც უცაბედ ქარის ხმა ქარიშხალივით მომესმა, 
ჭკვიანებს რომ არ სწყენოდათ, გიჟის ხალათი ჩავიცვი.. 
ბედაურები არ ჩანან, ვირს მოედანი რად უნდა,
უკეთესობის ლოდინში უარესობა მოვიდა,
ბედთან ჭიდილში დრო დავყავ, ვერ დავთვლი იმდენ რაუნდად,
თუ ძლევის ,,ვაშა“ ვერა ვთქვი, არც გავქვეულვარ ბრძოლიდან..
ჯიუტად მითქვამს და ვამბობ, თუნდაც ავდარმა დამმეხოს,
ფუჭი ხე მერქვას, ჯობია- ვიყო უბრალო ბალახი,
ერთის იმედი მაინც მაქვს, ზეცა რომც თავზე დამემხოს, 
ისე მგელი არ მოკვდება , რომ გახდეს თხის დასამარხი..
მატადორივით აწვალებს ბედი წუთებს და საათებს,
ვერ გავექეცი ვერსაით ცხადს– უფინალო კორიდას, 
ახლა ფიჩხებზე ივლისის ღამეს ცეცხლივით დავანთებ
შენ მომიყევი ზღაპარი, მარადიული თოვლიდან..
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი