პოეზია


ბედის ტალღების მღვრიე სუნთქვის მემატიანე,
მითხარ, ეს არის ჩემი ხვედრი?, ეს მექცა წერად?
სულის პერანგი გავიძრე და შემრჩა სიშმაგე,
ჩამქრალ ბაგეთა განთიადად შევიქმნე გნებავს.

ლიანდაგების დასასრული ლაჟვარდზე მყიდის,
და დაცემული ანგელოზი ჩემს ფერხთით კვდება,
სად არის სიო მონაბერი წმინდა ზარების,
რად კვნესის მღვიმე? მთვარის ქუხილს ვერ უძლებს ვერა.

მწუხრის სიფიცხით ფესვგამხმარი როდოსის ყვავილს,
იმედის უბე ცინიკური მიმიკით ძარცვეს,
მინდა გავექცე სიმხდალის და სიკვდილის წადილს,
დავიჯერო რომ ჯვარს უფალი ფუჭად არ აცვეს.

უფრო და უფრო მძაფრი გახდა მიზიდულობა
ქარაფებს ფსალმუნს უგალობებს დემონთ ლაშქარი,
პოეზიისგან განკურნება გამიჭირდება,
თავად სიკვდილშიც წინ მიმიძღვის რითმის ლამპარი.

ჰეი, სისუსტე სულს მიფატრავს უძრავად მღრნელი,
და ეს სიჩუმე დაღალულ მხეცს გაფრენას მიქადსს,
ვინ ვიყავ მითხარ, შთაგონებით შევიქმენ ხმელი,
შერჩენილ ფოთოლთ უმანკო მზე იმედად მომაქვს.

მ ა რ ა დ ი ს ო ბ ა...
გააძევე ზეციდან ფარჩა,
ადამის მოდგმას ჩაუხერგავს რწმენის ხიდები,
რად ვიქცე მითხარ, ჩემგან მხოლოდ მელანი რჩება,
წყლულთა სირჩიდან მელანქოლიკს მლესავს ხილვები...

შენ პოეზია, მთვარის მეფე, სინათლის გზირო,
მიწამლავ კალამს ბრბოს სინდისს რომ გესლად ეხვევა,
მხრებში გასწორდი, დაიბერტყე ვინც ვერ გიტვირთოს,
ხომ იცი ხავსი მძლავრ ტოტებზე მრავლად გეხვევა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი