შალვა ბერიანიძე / Shalva Berianidze

მწერალი / პოეტი

სიბრძნესა და განსჯას შორის (სინდისის ფენომენი)

შესავალი

                     კაცობრიობას უკიდურესობებით აზროვნება და უკიდურესი ოპოზიციების ენაზე საუბარი უყვარს. ის თავისი შეხედულებების ფორმულირებას ხშირად ,,ან... ან’’ ოპოზიციის სახით ახდენს და შუალედური შესაძლებლობების არსებობას არ აღიარებს. ხოლო, როდესაც ამა თუ იმ მიზეზის გამო, იძულებული ხდება აღიაროს,რომ უკიდურესობების შესაბამისად მოქმედება დაუშვებელია, ის კვლავ დაჟინებით ამტკიცებ,რომ უკიდურესობები თეორიულად მისაღებია, მაგრამ,როდესაც ჯერი პრაკტიკულ საკითხებზე მიდგება, გარემოებები გვაიძულებს, კომპრომისზე წავიდეთ. გამონაკლისი არც სიბრძნის ფილოსოფიაა. სიბრძნის თეორიის ისტორია ორი იდეის მუდმივი დაპირისპირების მოწმეა. ერთის მხრივ, სიბრძნე გონების ძალით იმართება, მეორეს მხრივ კი- ეს შინაგანი ფორმირების პროცესია,რომელიც გარედანაა განპირობებული,ორივეს-შემთხვევაში,სიბრძნესა და ადამიანს შორის ერთი ნაბიჯია, ,,ერთი წვრილი თოკი’’, რომელიც ხშირად მართმადიდებლურ ცხოვრებაში ,,უფლის გზას’’ უერთდება, ხოლო საერთაშორისო სტანდარტით, სიბრძნე ადამიანს ეძლევა, განათლებისა და ცხოვრებისეული გამოცდილების მიქსაციით. ყოფიერი ცხოვრების სიბრძნის მეშვეობით, ჩვენ ვერ ჩავწვდებით იმას, რაც ჩვენზე აღმატებულია. ამიტომ, ადამიანს სჭირდება თვალსაწიერის ზრდა, გონებრივი განვითარება,რომელცი სიბრძნის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. გარემო ფაქტორების სწორად აღქმა სიბრძნეზეა დამოკიდებული, გონის საშუალებით ადამიანი ეგუება, ან პროტესტს გამოთქვამს იმაზე, თუ,რაც ხდება მის ირგვლივ, გონში ყალიბდება სიბრძნეც, რომლის ჩამოყალიბების,შემდგომაც-ადამიანი ყოველთვის ეძებს სწორ გზას და მისი სულიერი დეკადანსი,პრაქტიკულ-ცხოვრებას,პირდაპირპროპორციულად-ერწყმის.    ამავდროულად ადამიანში მატულობს, განჭვრეტისა და განსჯის უნარიც, როდესაც ადამიანს აქვს იმდენი სიბრძნე,რომ განსაჯოს სხვა ადამინის ქმედება. ხშირშემთხვევაში ეს შეგრძნება ადამიანში ცუდად ყალიბდება და მოვლენის ნაცვლად ადამიანს ნსჯიან,რაც ვფიქრობ,რომ ყველაზე ცუდი ქმედებაა სიბრძნის მატარებელი ადამიანისგან,  სიბრძნე იმიტომ,გვეძლევა,რომ სწორად განვსაზღვროთ ჩვენი ქმედებანიც და არ განვსაჯოთ ადამიანი.

                                        სიბრძნის ფილოსოფია

            კულტურის მთელი ისტორიის მანძილზე ფილოსოფიისადმი საკმაოდ არაკეთილმოსურნე დამოკიდებულება აღინიშნება… “ფილოსოფია კულტურის ყველაზე დაუცველი მხარეა” – ეს ცნობილი რუსი ფილოსოფოსის ნიკოლოზ ბერდიაევის თვალსაზრისია, უფრო სწორედ, მისი სულის ამოძახილი.  ხშირშემთხვევაში ბრძენ ადამიანებად მოიაზრებიან ისეთი ადამიანები,რომლებმაც დიდი კვალი დატოვეს მსოფლიო ფილოსოფიაში, თუმცა რეალურად სიბრძნე ყველა ადამიანშია, მათ უბრალოდ საკმარისი დოზით აღმოაჩინეს ეს სიბრძნე. სიბრძნის საშუალებით ადამიანი ფილოსოფოსობს. ეს მისი ბუნებრივი მოთხოვნილებაა, თვითგამოხატვისა და თვითდამკვიდრების ყველაზე მძლავრი საშუალება. ბრძენი- ის ადამიანია, რომელიც ცხოვრებას ფიქრში ატარებს. ფიქრობს როგორც შეუცნობელ, არაჩვეულებრივ, ისე ჩვეულებრივ, ყოფით მოვლენებსა და საგნებზე. მაგრამ მისი ფიქრისა და განსჯის მიმართულება ბევრად უფრო სიღრმისეული და საინტერესოა, ვიდრე სხვა  ადამიანის ფიქრი, რომელსაც სიბრძნე და განსჯა აკლია.. ბრძენი ად  ამიანი ერთდროულად კრიტიკოსიც უნდა იყოს და სკეპტიკოსიც, თავსატეხების ახსნაც უნდა უყვარდეს და მათი მოფიქრებაც შეეძლოს, მორალისტიც უნდა იყოს, წინასწარმეტყველიც და ჭეშმარიტების მაძიებელიც. “ბრმად ნურავის ენდობი, თავად იფიქრე” – აი, მისი დევიზი. პლატონი გვირჩევდა: დაკავდით სიბრძნით და თქვენზე ახალგაზრდებსაც ამისკენ მოუწოდეთო. იმისათვის, რომ გავერკვეთ, თუ რას წარმოადგენს სიბრ ძნის ფიგურა, კითხვა ასე შეგვიძლია დავსვათ: ცხოვრობს კი ბრძენი ადამიანი თავისი მოძღვრებისა და შეხედულებების მიხედვით? ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: იცავს თუ არა იგი თავის პრინციპებს, მიზნებს, ღირებულებებს ცხოვრებაში?
კაცობრიობის კულტურის ისტორიაში, ალბათ, ვერ მოიძებნება ისეთი პოპულარული მაგალითი, როგორიც სოკრატეს გმირობაა. სოკრატე სიბრძნის იდეალი გახლდათ. მის შესახებ უამრავი ლიტერატურა არსებობს. მისი პიროვნებაც ყოველმხრივ არის შესწავლილი – სიცოცხლე, მოძღვრება, სიკვდილი. მართლაც საინტერესო და ცოტა არ იყოს, უცნაური პიროვნება იყო – სიცოცხლის განმავლობაში ერთი სიტყვაც არ დაუწერია. რაზეც ფიქრობდა, რაც აწუხებდა, როგორ წყვეტდა ურთულეს ფილოსოფიურ პრობლემებს – ამაზე მისი მოწაფეები მოგვითხრობენ. ნუთუ საოცარი არ არის? გამოჩენილი მოაზროვნე, რომელმაც მხოლოდ ზეპირი სიტყვა დაგვიტოვა.

,,ნუ იტრაბახებ შენი ცოდნით და ნუ გადიდგულდები იმით, რომ სწავლული ხარ. სწავლა მიიღე არა მარტო განსწავლულისგან, არამედ მისგანაც, ვისაც ბევრი არაფერი უსწავლია. კარგი აზრი დაფარულია, ვითარცა ქვა პატიოსანი და მას ხშირად პოულობენ იმ ადამიანებთან, რომელნიც დოლაბს ატრიალებენ, ხორბალსა ფქვავენ.’’
-ვეზირ პტაჰოტების სიბრძნე

            სიბრძნის უმთავრესი მცნება სწორედ პტაჰოტების სიბრძნეშია, ადამიანმა არ უნდა იტრაბახოს არასდროს საკუთრი სიბრძნით, მისი მსოფლხედველობა უნდა მოიცავდეს სხვა, მასზე ნაკლებად განათლებული ადამიანის განმანათლებლობას, სწორედ ამის შემდეგად გაიზრდება ბრძენ ადამიანში უდიდესი ჰუმანიზმი და სიბრძნის მთვარაი მექანიზმიც სწორად ამუშავდება. ბრძენ ადამიანებს ხშირად ახასიათებს ცინიზმი და კრიტიცისზი, დიოგენმა იყო ფილოსოფოსი,რომელიც ცინიზმის მამადაა მიჩნეული. 
            გადმოცემით ვიცით, რომ დიოგენესთან სასაუბროდ ალექსანდრე დიდი მისულა. ნებისმიერ თხოვნას შეგისრულებო – უთქვამს მაკედონელს. პასუხად კი მიიღო: “ჩამომეცალე, მზეს ნუ მიჩრდილავ”. რაზე მეტყველებს ფილოსოფოსის პასუხი, უზრდელობაზე? თუ ჭეშმარიტად ბრძენი ადამიანის უცნაურ ხასიათზე? დიოგენესათვის, რომელიც პრაქტიკული ცინიზმის მამად ითვლებოდა, ცხოვრებისეული ორომტრიალი უცხო და მიუღებელი იყო. ყველას საკუთარი თავისათვის სიკეთე და კეთილდღეობა სურს და გამორჩენის მიზნით დიდ ადამიანს ეთაყვანებიან. მაგრამ, ნუთუ ეს არის ცხოვრების მიზანი და ამისათვის უნდა იღწვოდეს ადამიანი? მზის სხივი, რომელიც გვათბობს, ბევრად უფრო ღირებულია, ვიდრე დიდი მხედართმთავრის ნებისმიერი საჩუქარი თუ წყალობა. უფრო მეტიც! გამოჩენილი მხედართმთავარი ამაყია თავისი დიდებით, ყოვლისშემძლეობით. მაგრამ, განა მართლა ასეთი ყოვლისშემძლეა იგი? მზის სხივები ხომ მისი ბრძანებისა და სურვილის გარეშეც ათბობენ დედამიწას. დიოგენე ცხოვრობდა საკუთარი პრინციპებისა და შეხედულებების შესაბამისად. 
           კაცობრიობის ისტორიაში არ იყო ისეთი პერიოდი, ფილოსოფიაზე, როგორც სიბრძნის სიყვარულზე მოთხოვნილება, რომ გამქრალიყო. სავარაუდოა, იგი არც ახლა გაქრება. სიბრძნე მარად ისწრაფვის შეიცნოს, გაარკვიოს სამყაროს კანონზომიერებები, ჩაწვდეს ადამიანის რაობას, მისი სულის სიღრმეებს, ღვთაებრივ საიდუმლოებებს. თუმცა მწარე სიმართლეც არსებობს. სიბრძნეს, ისევე როგორც სინამდვილის, სამყაროს წვდომის ნებისმიერ ფორმას, თავისი განვითარების პერიოდში ბევრი შეცდომაც დაუშვია, ბევრი მცდარი აზრიც დაუმკვიდრებია. მიუხედავად ამისა, ის არსებობს. ისევ არის მასზე მოთხოვნილება და, ალბათ, სწორედ ამაშია სიბრძნის ფილოსოფია, როგორც კაცობრიობის მძლავრი ინტელექტუალური იარაღის, სიდიადე.

                                       განსჯის ფენომენი

             ხშირად გვეკითხებიან, რა განსხვავებაა განკითხვასა და მხილებას შორის და რა არის განსჯა. რას ამბობს უფალი: ,,ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ, რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქვენ’’ (მათე 7, 1-2). ხოლო რაც შეეხება მხილებას, სახარება გვასწავლის: უკეთუ ძმა შენი შესცოდავს, უნდა ამხილო; თუ არ შეისმენს, მაშინ მისი მხილება ორის ან სამის თანდასწრებით უნდა მოხდეს. თუ ამ შემთხვევაშიც არ ისმინა, მაშინ მხილება მოძღვრისა და ეკლესიის წინაშეა საჭირო, ხოლო უკეთუ ეკლესიისაც არ ისმინა, მაშინ იყოს იგი ვითარცა წარმართი (მათე 18, 15-17). განსჯა კი, როგორც წმიდა მამები ამბობენ, სათნოებათა შორის ერთ-ერთი უმთავრესია. ხშირად მორწმუნემ არ იცის, როგორ განასხვავოს განკითხვა, მხილება და განსჯა ერთმანეთისაგან და განკითხვას მხილებას ან განსჯას უწოდებს, მაშინ როცა განკითხვა და მხილება ერთმანეთისგან არსებითად განსხვავდებიან. უპირველეს ყოვლისა, განკითხვა გამორიცხავს სიყვარულს, იგი უსიყვარულოდ, თავის თავზე დიდი წარმოდგენის შედეგად ნათქვამ სიტყვას წარმოადგენს. უსიყვარულოდ ნათქვამი სიტყვა კი ლოგიკურად იწვევს პიროვნების დამცირებას საკუთარი თავისა და სხვების წინაშე. ხდება მისი პიროვნების გაიგივება რაიმე კონკრეტულ საქმესთან, აბსოლუტიზაცია ცოდვისა და შეცდომისა, განვრცობა ცოდვისა მთელ პიროვნებაზე და დაჩრდილვა მისი სხვა კეთილი თვისებებისა. მხილება კი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სიყვარულს იმ პიროვნებისა, რომელსაც ამხელენ. მხილების მიზანი მოყვასის შეცდომიდან გამოყვანა და მისი სულიერი გადარჩენისათვის ზრუნვაა.
            ჩვენ შეგვიძლია მხილების თვალსაჩინო მაგალითი წმიდა წერილიდან მოვი-ყვანოთ, კერძოდ, გავიხსენოთ როგორ მოიქცა ნათან წინასწარმეტყველი, როცა მას დავით მეფის მხილება სურდა. იგი წინასწარმეტყველთან როგორც წინასწარმეტყველი, ხოლო მეფესთან როგორც ერისკაცი მივიდა და უამბო იგავი იმის თაობაზე, როგორც წაართვა მდიდარმა კაცმა ღარიბს ერთადერთი საყვარელი ბატკანი, რომელსაც იგი შვილივით ზრდიდა და სტუმარს დაუკლა. როცა განრისხებულმა მეფემ ბრძანა, რომ სიკვდილის ღირსიაო ამის ჩამდენი, ნათანმა მხოლოდ მაშინ გაუმხილა, რომ მდიდარი კაცი, რომელმაც ღარიბის ერთადერთი ბატკანი უცხო სტუმარს - ბოროტ გულისთქმას დაუკლა, თვითონ იგი იყო, ვინც ურია ხეთელს წაართვა ერთადერთი სიმდიდრე - ლამაზი ცოლი. ასე გამოატანინა ბრძენმა წინასწარმეტყველმა მეფე დავითს განაჩენი საკუთარი თავისათვის, ამგვარ მხილებას 

ნაყოფიც მოჰყვა - სინანული. აი, ასე შეიძლება განვასხვავოთ განკითხვა მხილებისაგან. ჩვენი მხილება კი, მიუხედავად იმისა, რომ იგი ხშირად სამართლიანია, უსიყვარულობისა და სულმოკლეობის გამო განკითხვის ხასიათს ატარებს. როცა დანაშაულს ვამხელთ, სიმართლეს კი ვამბობთ, მაგრამ ამ სიმართლეში გამორიცხული რჩება ადამიანის ხსნა და მისი გამოყვანის სურვილი შეცდომიდან. უსიყვარულო მხილება კი კეთილ ნაყოფს არასოდეს გამოიღებს, რადგან ამ დროს ადამიანის სხვა მრავალი ღირსება სრულიად უგულებელყოფილი და დავიწყებულია. ამიტომ, ვიდრე მოყვასს ვამხელდეთ, ჯერ ღვთის წინაშე უნდა ვილოცოთ, დავმშვიდდეთ, სათქმელი გავიაზროთ და მხოლოდ ამის შემდეგ ვთქვათ სიტყვა. მიზანი კი ამ დროს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ადამიანის ხსნა უნდა იყოს და არა მისი დამცირება. ასე რომ ჭეშმარიტი მხილება ჩვენგან მოთმინებას, სულგრძელობასა და სიყვარულს მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ იმ მცირე სიმართლესაც დავკარგავთ, რომელიც გვქონდა და საქმე მხილებასთან კი არა განკითხვასთან გვექნება, რასაც აუცილებლად უარესი შედეგი მოჰყვება, კერძოდ, სიძულვილი დაითესება, რომლის ნაყოფსაც ჩვენ მოვიმკით და ნაცვლად ერთობისა მოყვასს კიდევ უფრო დავშორდებით.  

                                     სინდისის ფენომენი

                სინდისი არის ადამიანის სულიერი გრძნობა - ფაქიზი, ნათელი, კეთილისა და ბოროტის გარჩევის შემძლე. ეს გრძნობა გონებაზე უკეთ განასხვავებს სიკეთესა და ბოროტებას. სინდისის მოტყუება უფრო ძნელია, ვიდრე გონების. ხიბლში ჩავარდნილ გონებას, რომელსაც ცოდვისმოყვარე ნებაც ეხმარება, ყველაზე მეტხანს სინდისი იბრძვის. სინდისი ბუნებრივი კანონია (აბა დოროთე, მე-3 სწავლა). დაწერილი კანონის შემოღებამდე ადამიანს სინდისი ხელმძღვანელობდა. დაცემული კაცობრიობა თანდათან ითვისებდა ღმერთის, კეთილისა და ბოროტის შესახებ არასწორ წარმოდგენას. ამა სოფლის სიბრძნემ სინდისსაც გადასდო თავისი სენი, ამიტომ დაწერილი კანონი აუცილებელი გახდა ჭეშმარიტების შეცნობისა და ღმრთის სათნო ცხოვრებისათვის. სინდისის სიმრთელისა და მისი სწორი მოქმედების შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში, რამეთუ ყოველი მცდარი აზრი, ადამიანის მიერ მიღებული, გავლენას ახდენს სინდისზე: განდრეკს მას სწორი გზისაგან.

              ნებსითი ცოდვები აბნელებენ, აბლაგვებენ, ახშობენ, აძინებენ სინდისს. ყოველი ცოდვა, აღსარებით აღუხოცელი, მძიმედ აისახება სინდისზე. მუდმივი და ნებსითი ცოდვილი ცხოვრება თითქოს კლავს სინდისს. თუმცა სინდისის მოკვლა შეუძლებელია. იგი ქრისტეს საშინელ სამსჯავრომდე გაჰყვება ადამიანს და იქ ამხილებს ურჩობის მსხვერპლს. წმ. მამათა განმარტებით, სახარებაში ნახსენები წინამოსაჯული (მომჩივანი, მოდავე - მთარგმნ.) კაცისა (მათ. 5,25) არის სინდისი. მართლაც რომ წინამოსაჯულია! რადგანაც წინ აღუდგება ჩვენს ყოველგვარ უსჯულო წამოწყებას. მშვიდობა გქონდეს ამ წინამოსაჯულთან შენი ამსოფლიური ცხოვრების გზაზე, რათა შემასმენლად არ გექცეს საუკნო ხვედრის გადაწყვეტის ჟამს. საღმრთო წერილი ამბობს: „იხსნეს სულნი ბოროტისაგან მოწამემან სარწმუნომან“ (იგავ. 14,25). სარწმუნო მოწმე არის უმანკო სინდისი: სოფელში ცხოვრების დროს იგი იხსნის სულს ცოდვებისაგან, ხოლო სიკვდილის შემდეგ - საუკუნო სასჯელისაგან. როგორც ქვა ლესავს დანის პირს, ისე ლესავს ქრისტე სინდისს: იგი ქრისტეს მცნებათა შესწავლით ნათლდება და მათი შესრულებით იხვეწება. სახარებით განათლებული და დახვეწილი სინდისი მკაფიოდ და დაწვრილებით უჩვენებს კაცს მის ცოდვებს - თუნდაც სულ მცირეს. ნუ იხმარ ძალას სინდისზე, თორემ სულის მშვიდობას დაკარგავ: ცოდვა დაგატყვევებს და ხუნდებს დაგადებს. წინასწარმეტყველი ასე გლოვობს მათ, ვინც სინდისი დათრგუნა და მტრად ექცა საკუთარ თავს: „ჰმძლავრა ეფრემმან მოსაჯულსა მისსა, დათრგუნა მსჯავრი, რამეთუ იწყო სლვად უკანა ამაოთასა“ (ოსე, 5,11). სინდისის მახვილი მეტისმეტად ფაქიზია, იგი დიდი სიფრთხილით უნდა დავიცვათ. ასეთი დაცვა კი შესაძლებელია მხოლოდ სინდისის ყველა მოთხოვნის შესრულებით, ხოლო თუ კაცი რომელიმე ამ მოთხოვნას უძლურებისა ან რაიმე გატაცების გამო უგულებელყოფს, სინანულის ცრემლით უნდა აღხოცოს ცოდვა. ნურცერთ ცოდვას ნუ მიიჩნევ უმნიშვნელოდ - ყოველი ცოდვა არის საღმრთო სჯულის დარღვევა, ღმეროის ნების წინააღდგომა, სინდისის დათრგუნვა. არაფრისაგან - ერთი შეხედვით უმნიშვნელო ცოდვისაგან - თანდათან დიდ დაცემამდე მივდივართ. „რას ნიშნავს ეს? დიდი ცოდვაა თუ მცირე? ისეთი რა ცოდვაა? არის კი საერთოდ ცოდვა?“ ასე მსჯელობს კაცი, რომელსაც საკუთარი სულის ცხონება არ აღელვებს, როდესაც ღმერთის მიერ აკრძალული რაიმე საქმის ჩადენას აპირებს. და ამ უკიდურესად მყიფე საფუძველზე დაყრდნობით ნიადაგ ქელავს სინდისს. ამის შედეგად სინდისი ბლაგვდება, მისი ნათელი ბნელდება, სულში უგრძნობელობის, უდებების წყვდიადი და სიცივე ისადგურებს. ბოლოს და ბოლოს, უგრძნობელობა სულის ჩვეულებრივ მდგომარეობად იქცევა, სული ხშირად კმაყოფილია ამ მდგომარეობით: მას ღმრთის წინაშე სათნოდაც მიიჩნევს და ფიქრობს, რომ სწორედ ეს არის სულის მშვიდობა: სინამდვილეში კი ესაა საკუთარი ცოდვილობის განცდის დაკარგვა, სინდისის მიძინება და სულიერი სიბრმავე. ასეთ მდგომარეობაში, საშინელი დაბნელებისა და უგრძნობელობის დროს, სულში თავისუფლად შემოდის სხვადასხვა ვნება და ბუდეს იწყობს. ღრმად ჩაკირული ვნებები ჩვევებად იქცევიან, და ეს ჩვევები ისევე მტკიცეა, როგორც ბუნება, ზოგჯერ კი ბუნებაზე უმტკიცესიც. ცოდვილ ჩვევებს ვნებები ეწოდებათ. და კაცი ვერც კი ხვდება, ისე აღმოჩნდება ყოველი მხრიდან ცოდვით გარშემორტყმული, მისი ტყვე, მისი მონა. ვინც მრავალგზის წაუყრუა სინდისის ხმას და ცოდვას დაემონა, ის მხოლოდ უდიდესი შრომით, ღმრთის განსაკუთრებული შეწევნით შეძლებს თავი დაიხსნას ამ მონობისაგან, დასძლიოს ვნებები, თითქოს მეორე ბუნებად რომ ქცევიან. საყვარელო ძმაო! ყოველი დაცვით დაიცავი სინდისი. დაიცავი სინდისი ღმერთთან მიმართებაში: შეასრულე ყოველი მისი ბრძანება, როგორც ყველასათვის ცნობილი, ისე ყველასათვის უცნობი, გარდა ღმერთისა და შენი სინდისისა. დაიცავი სინდისი მოყვასთან მიმართებაში: ნუ იკმარებ მხოლოდ გარეგნულ წესიერებას! მოსთხოვე შენს თავს, რომ შენი საქციელი თვით სინდისს აკმაყოფილებდეს. ეს კი მაშინ მოხდება, როდესაც არა მარტო შენი საქმეები, არამედ გულიც სახარების მცნებებს დაეთანხმება. დაიცავი სინდისი საგნებთან მიმართებაში: მოერიდე ყოველგვარ ზედმეტობას, ფუფუნებას, დაუდევრობას; გახსოვდეს, რომ ყველა საგანი, რომლითაც შენ სარგებლობ, ღმერთის საბოძვარია, კაცთათვის მოცემული. დაიცავი სინდისი საკუთარ თავთან მიმართებაში: გახსოვდეს, რომ შენ ხარ ხატი და მსგავსება ღმრთისა, და ვალდებული ხარ ეს ხატი თვით ღმერთს წარუდგინო წმინდად და შეურყვნელად.

ვაი და ვაი, თუკი უფალი ვერ იცნობს თავის ხატს, ვერ იპოვის მსგავსებას თავის თავთან. მაშინ წარმოთქვამს იგი სასტიკ განაჩენს: „არა გიცნი თქუენ“ (მათ. 25,12), და უხმარი ხატი ჯოჯოხეთის უშრეტ ცეცხლში დაინთქმება. უსასრულო სიხარული დაეუფლება სულს, რომელსაც მიხედავს უფალი, იცნობს თავის მსგავსებას და დაინახავს იმ მშვენიერებას, თავისი გამოუთქმელი სახიერებით რომ მიჰმადლა შექმნისას, აღუდგინა და გაუმრავლა გამოხსნისას და უბრძანა, უბიწოდ დაეცვა იგი ცოდვებისაგან განშორებისა და სახარების ყველა მცნების შესრულების გზით. ხოლო დაუდუმებელი, მიუკერძოებელი მეთვალყურე და მოკარნახე ცოდვათაგან განშორებისა და საკუთარი სულის დაცვისა არის სინდისი. 

                                სიბრძნესა და განსჯას შორის
                             (სინდისის ფენომენის ანოტაცია)

                ჩვენ უკვე გავეცანით სიბრძნეს, მის არსს და ასე თუ ისე შეგვიძლია გავავლოთ რამდენიმე პარალელი, სხვა ირეალურ საკითხთან, როგორც სიბრძნის მაპროვოცირებელი იდეა ადამიანს გონებაში უყალიბდება და ცხოვრებაში ჟამთა ცვლასთან ერთად იზრდება ან პირიქით. ზრდის შემთხვევასი ადამიანი ახმარს განათლებას, რათა სიბრძნე სწორად ჩამოყალიბდეს და არ დამახინჯდეს. როგორც მცენარეს სჭირდება სასუქი,რაც არ უნდა ნოყიერი ნიადაგი იყოს, ადამიანსაც სჭირდება გარკვეული ცოდნის მიღება,რომელიც ხშირშემთხვევასი ღირებულ ლიტერატურაში მარხია, მისი საშუალებით ადამინი იღებს 80% ცოდნას ყველაფრის შესახებ,ხოლო დანარჩენ 20%-ს ცხოვრებისეული გამოცდილებით ივსებს, ასე და ამგვარად ადამიანი ყალიბდება განათლებულად და მას ასე თუ ისე შესწევს უნარი საკუთარი ცოდნა სიბრძნედ აქციოს, ოღონდ აქ დიდი სიფრთხილე გვმართებს, ვინაიდან ადამიანი არ ჩავარდეს საკუთარი თავის ხიბლში, არ უღალატოს იმ არსებას,რომელიც საკუთარ თავს მიესადაგება, არ გასცდეს სინდისის ფენომენს და არ დაიწყოს ადამიანის განკითხვა. ეს მეტად რთული პროცესია ამიტომ გავმიჯნოთ რამდენიმე დეტალი.

1. ადამიანი,როდესაც გარკვეულ განათლებას მოიპოვებს, ხშირად ეწევა დემაგოგიას, არიგებს სხვას და ხშირად ეს გადაზრდილია ამპარტავნებაში, იგი განიკითხავს საკუთარი ოჯახის წევრის, მეგობრის თუ სხვა ადამიანის ცხოვრებას და აღნიშნავს თუ რაოდენ არასწორია მისი ცხოვრება, ეს სინდისის შეურაცხყოფაა პირდაპირ, სინდისის ფენომენის აბუჩად აგდება.

2. სიბრძნესად ა განსჯას შორის ძალიან ვიწრო გზა გადის, რომლის მოაჯირებადაც ადამიანის სინდისი მოიაზრება, ბრძენი ადამიანი ყოველთვის მიუთითებს სხვას, სწორი გზის ადგილდმებარეობას და არ დაიწყებს მის განკითხვას, ამ შემთხვევასი სინდისი პირწმინდად ნათელი რჩება.

3. აუცილებელია ადამიანმა მოახერხოს საკუთარი თვის რეალიზება, როდესაც იგი გარკვეულ განათლებას მიიღებს, თუმცა ეს ყველაფერი არ უნდა გამოვლინდეს ცუდი კუთხით და არ უნდა ამჟღავნებდეს განსჯის დამცინავ ხასიათს, ლმობიერება და რეალიზმი საკითხს უკეთესად დაგვანახებს ყოველთვის. 

     ასე,რომ სიბრძნის გასააზრებლად საჭიროა სინდისის ფენომენის წინა პლანზე წამოწევა,რამეთუ არ ჩავვარდეს განსჯის ( განკითხვის ხიბლში) და არ გადავვარდეთ იმ გზიდან,რომელიც სიბრძნესა და განსჯას შორის გადის.