შალვა ბერიანიძე / Shalva Berianidze - ფოტო

შალვა ბერიანიძე / Shalva Berianidze

კოლუმნისტი / პოეტი / Columnist / Poet

0 159

თოვლივით ცივი გვერდები


უშენოდ ვწერდი შენთან ყოფნაზე
და სისხამისფერ სონეტებს ვმღერდი.
ახლა თოვლივით ცივია გვერდი,
ადრე რომ სწვავდა შენი სინაზე.

თმაგაწეწილი შენს თავს მოველი
და უცხო ტონი სხეულზე გელტვის,
თუმცა იმდენად უცხო ხარ ჩემთვის,
როგორც ღვთის სახლში საკურთხეველი.

უშენოდ ვცლიდი ღმერთთან ბარძიმებს,
ბარძიმებს ვცლიდი ღმერთებთან შენთვის. 
ახლა ეს სული შენს სხეულს ერთვის
და უშენობა აღარ მამძიმებს.

შენთან დავტოვე ბავშვის სიცილი,
ანცობის მზერა და სული მზარდი.
შენით სიგიჟის მთებზე ვბორგავდი
და ჰაერს ვჭამდი ქანცგამოცლილი.

ცრემლით შევთხოვდი გაფურჩქნულ წნორებს,
ცას რომ ვეშობე შენს გულთან ახლოს.
ჩემი სხეული სულებთან სახლობს,
შენი სული კი სხეულს მაგონებს.

სანამ გაწვრთნილი მზით გავითლები,
გულის ტკივილთან მსურს, რომ დავზავდე
და სანამ თვალებს ჩამირაზავდე –
მე, გახელილი მრჩება თვალები. 

თანამედროვე ქართული პოეზია ,,მზის არილი", ტომი XII
თბილისი 2017 წელი
კომენტარები (0)