შალვა ბერიანიძე / Shalva Berianidze - ფოტო

შალვა ბერიანიძე / Shalva Berianidze

კოლუმნისტი / პოეტი / Columnist / Poet

0 114

შავი მწიფობის ვერლიბრი


(მამას)

უკვდავ ღამეებს ულმობლად ვახრჩობ,
რომ კვლავ იხილო მზის ათინათი.
მე დღის სიღრმეზე ჩამალულ მთვარეს,
რტოების როკვით გამოვაზამთრებ,
მე, შენს მკლავებში გაზრდილი ბავშვი-
ველი შენდობას,რაც დავაშავე
და დავიცლები-აქ ლირიზმისგან.

არვიცი,რამდენად გიმართლებ იმედს,
მაგრამ შენს სახელს, ტკივილით ვმღერი
და კვლავ დავდივარ წვიმის გრიგალში,
როგორც სულგრძელი,მოკლენაბიჯით.
სანამ სიყვარულს, ბამბა დაათოვს
და ვითამაშებთ ნაჭრის გუნდებით,
მინდა მოგიძღვნა, ფოთლის მორცხვობა
ჩემი, ლირიკით დაღლილ, გონებით.
დედის წასვლისგან,დარჩი უსიტყვოდ,
როგორც ხომალდი, აფრების მიღმა-
შუაგულ ზღვაში. ბევრი იტანჯე.
მერე ცოლისგან გაშორიშორდი.
ყველას მარტივად ვაძლევდი სითბოს,
ვიყავი უხვი, როგორც ნალექი.
სიტყვა: ,,მიყვარხარ’’ მემარტივება, 
მაგრამ შენთვის თქმა, მე ვერ შევძელი.


მზრუნველი ექო,ავსებს სივრცის ხაზს.
ყოველთვის მიცავს, შენი რჩევები,
რომ არ შევაღო, უცხო კარიბჭე-
მკაცრი დუმილის ნაკრძალებიდან
და არ დავკარგო ჩემი სისუსტით,
თავი,რომელიც შენს მხრებს აბია.
გული,რომელიც შენს მკერდში ფეთქავს.
თვალი,რომელიც უცქერს განთიადს.
ვფიქრობ,ცრემლებად ჩამოღვრილ სათქმელს,
ხმაგაუღებლად, უმალვ გაიგებ
და შეინახავ, ისეთ ლექსივით,
გადასაწერად,რომ ვერ იმეტებ

გარეთ-ცა ქვითინს ვეღარ ეშვება,
მე ხასიათი მაქვს შენებური.
ასე გონიათ, გამოვიპარე-
შენი გენიდან,(ანდაც რად უკვირთ?!)
შენ,ხომ მამა ხარ და მეც მიმსგავსე,
შვილი,რომელსაც არც კი ელოდი.
ჰოდა ეგონოთ,ეგონოთ, ანდაც
იხარონ შენი სიზმრის ნაყოფით.
ახლა ირაკლი, ჩემზე ხალისობს, 
თუ როგორ გკადრებ-ურითმო ლექსებს,
მაგრამ გახსოვდეს,მე მკვდარ ხელწერით,
ყველა შენს ტკივილს,საგულდაგულოდ
მწიფე ვერლიბრად,ჩვენს სახლში ვცრემლავ.

ეს გზა,როდისმე თავისას მოჭამს,
ვერ დაგპირდები-,,კარგად ვიცხოვრებ!’’,
თუმც ასჯერ კორტნილ და დარდიან გულს,
კვლავ მე გაგითბობ,უწინდებურად,
კანგახეხილი ხელისგულებით.

თანამედროვე ქართული პოეზია ,,მზის არილი", ტომი XII
თბილისი 2017 წელი
კომენტარები (0)