კინოფირიდან


ჩუმი ტიტრები, მუნჯურ კინოს ყური დაუგდე,
ნუთუ არ გესმის, დააყრუა მან ეს ქალაქი,
მსახიობები, უნიღბონი, მაინც დადუმდნენ
და ამ ბუდესაც, გუგულისას ვეღარ გადავცდი.

ლამპის შუქი და მამა-შვილი დიალოგს ელის,
შენ ჩემო აბელ დაგაობლა, წარსულმა, აწმყომ,
რეჟისორები, სმოკინგები , ალბათ ნობელიც
გამოცდაა და სამყაროსაც ეს უფრო აწყობს.

გამოიდარებს, გასაფრენად, აბა რას იზამს,
კუსტარულია ქრისტეფორე ჩვენი ყოფაც კი,
აბა ვინ დარდობს გაფრენას და ამ გრძელ გამზირსაც
მაინც ვეშვებით, დაგვეგულოს თუნდაც ქოფაკი.

და პროვინციას მივაშურებთ ისევ და მაინც,
თუმც ბეღურებად ცოტა ხანი გავინავარდებთ,
ახლა შორსაა, ჩამოვარდნა უფრო კი მარცხი,
ვალდებული ხარ ამ საქმესაც გაუავდარდე,

თორემ მოგიწევს ტალახსა და წვიმას შეწირო
ეგ შენი სული, სამარიტედ თავს ვერ გაწირავ,
ნება იბოძე, არაფერში არ შეეცილო
იმას ვისაც კი მშვიდობაში, მაგ შენს ნაწილად

წარმოიდგენდი, გაუგებდი, თორემ ამოთხრას
წინ რაღა უდგას, გამოშიგნულ გვამის როლი კი
აღარ მოირგო, შეეგუე, თუნდაც მათხოვრად
დარჩე და ბნელში გაიარო ჩუმი ბილიკი.

შენ კიდევ აბელ, აღსარებას ისევ ლუციფერს
თუკი აბარებ ეგ სანთლები უკვე ჩამწვარა,
ჰოდა გეყოფა, საკმარისად რადგან უცქირე,
უკვე გითხარი კელაპტარი გექცა ნამწვავად.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი