წერილი დედას


ახლა მოკრძალებით გიწერ ამ წერილებს.
რა ვქნა ვეღარ ითმენს გული საღამომდე.
დე, რამ გამაჩუმოს ... ჩემზე უკეთ იცი,
ჩემთვის რა რთულია უშენობას ვგრძნობდე.

შენ რომ გგონია მე უკვე გავიზარდე,
წლებს ნუ დაუჯერებ. ისევ პატარა ვარ.
ახლაც ისე მინდა გულში ჩამიხუტო,
თითქოს ამ ერთხელ და მეტი აღარა ვარ.

ახლაც ისე მინდა კალთას გამოგეკრა...
ღმერთო... ნაადრევად რატომ გაგიფრინდი?!
ახლაც ვერ ვპატიომ ჩემს თავს შენს ჭაღარას,
ჩემთვის რომ გაგიჩნდა და რომ ამიტირდი.

დღეს რომ ჩამოთოვა სულში მოგონებამ,
ასე რა ხანია აღარ უთოვია.
ვცდილობ გავიხსენო, როდის გაგახარე.
და ხელჩასაჭიდი ვერც კი მიპოვია.

დე, რამ გამაჩუმოს... გული დამიმძიმდა.
მინდა მაპატიო ჩემი შეცდომები.
შენი სიყვარული როგორ მასულდგმულებს,
ნეტავ გაცოდინა, გიჟი გეგონები.

ნეტავ რამე ძალით დროში დამაბრუნა,
როცა შენს გარეშე ნაბიჯს ვერსად ვდგამდი.
როცა შენს გარეშე ძილიც არ შემეძლო.
და რომ დამაბრუნა წამს არ დავკარგავდი...

შენი თვალებიდან ცრემლი ამომეშრო.
შენთვის მომექარგა მიწა ყვავილებით.
შვილი გყოლებოდი შენ რომ გინდოდა და
ამესრულებინა შენი ოცნებები.

დე, რამ დამამშვიდოს , სანამ მეგულები
ჩემთვის მშფოთვარე და სანთლად დანთებული.
შენი სიმშვიდეა ჩემთვის დიდი შვება,
ბედნიერებისკენ ხიდი გადებული.

ახლა ამ წერილებს მოკრძალებით გიწერ.
ხედავ? საუბარიც შენთან მერიდება.
ცრემლი შეიმშრალე, ასე ნუ კითხულობ.
მხოლოდ ის მოგწერე, მე რომ მედარდება...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი