ა ვ ტ ო პ ო რ ტ რ ე ტ ი


მთები აზიდულან თითქოს ჩემს ბეჭებზე.
კალთა მარტოობის ისე დამრეცია...
გზები მიუვალი, დარდის ქვა-ღორღებით,
ხევებს ჩაჩეხილი ფიქრი დამეწია.
ტყეა უღრანი და ნადირთ საბატონო.
ფრინველთ საბუდარი მხეცებს დაუპყრია.
მაინც გადამხმარან მინდვრის ყვავილები
სიცილად რომ ვრწყავდი დილაუთენია.
მხრებზე აზიდულან ცხელი ვულკანები,
ლავად გარდაქმნილი დამდის მოგონება.
დამწვავს უსასრულო ალბათ მოლოდინი
ჩემი სიმშვიდის და სულ წინ მეღობება
თვალუწვდენელი და ბნელი მთაგრეხილი,
მაინც ალაგ-ალაგ დიდი ნაპრალებით.
უფსკრულს გადაჩეხილ ვგავარ პირველყოფილს.
ასე უსაშველო სულ არ გებრალები.
მთები აზიდულან თითქოს ჩემს ბეჭებზე,
კალთა მარტოობის ისე დამრეცია,
ხევში გადამჩეხავს ალბათ ასე დამფრთხალს,
შენი სიყვარული თუ არ დამეწია.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი