ტირილი

საგანგებოდ გამოვეწყე თვითმკვლელობისთვის. არ ვიცი გასაოცრად სასოწარკვეთილი ვის ან რას ვეპრანჭებოდი, თუმცა მაინც ვცდილობდი გალამაზებას, ალბათ სიკვდილიც ორიგინალური მინდოდა და უფრო მისი შესრულების ესთეტიურ მხარეზე ვზრუნავდი, ვიდრე მოუთოკავი გრძნობით ნაკარნახევი ფიქრების სისრულეში მოყვანაზე.

ასე რომ, მოწესრიგებული ველოდებოდი მუხტს, რომელიც იმის ძალას მომცემდა, რომ ამჯერად მხოლოდ საბანში გახვეული არ შევებრძოლებოდი სუიციდალურ ფიქრთა რიგს, რომელიც მიწასთან ასწორებს ყველანაირ წინარე გამოცდილებას, მასთან გამკლავების ნებისმიერ აპრობირებულ ხერხს.
"და მე ავტირდი, ვით მეფე ლირი..."
ვტიროდი და არ მინდოდა ოდესმე დამთავრებულიყო ტირილი, თუმცა ვიცოდი, რომ დამთავრდებოდა.

თუ ღმერთი სადმე ახლომახლოს იდგა და მიყურებდა, არამგონია ოდესმე დაავიწყდეს ეს გასაოცარი სანახაობა. თვალებს საერთოდ არ ვახამხამებდი, ისე მოსრიალებდნენ შავ სასრიალოზე გამჭვირვალე ბურთულები და სინქრონულად ენარცხებოდნენ ცივ მეტლახს. ჩემთვის ტირილი დავიწყებული რიტუალი უფროა ვიდრე სილაჩრის გამოვლინება.   ადამიანები ტირილს სწორედ მაშინ იწყებენ, როდესაც გამღიზიანებელთა არმიას ის კომფორტის ზონიდან გამოყავს.
    გახსოვს პირველად როდის იტირე?

    შეგახსენებ, როდესაც შენი ისტორია დაიწყო...  ყველამ ერთი და იმავე დროს დავიწყეთ ტირილი, ჩვენი ცხოვრების ხაზის დასაწყისში, სწორედ მაშინ, როდესაც გამოგვაგდეს კომფორტის ზონიდან, როდესაც პირველად ვიგრძენით გრავიტაცია, როდესაც პირველად ჩავისუნთქეთ ჟანგბადთან ერთად ის ენერგია, რომელიც ცხოვრების ბოლომდე მიგვყვება.
ასე რომ ჩვენი ყოველი ტირილი და ღრმა ამოსუნთქვა-ჩასუნთქვა იმ კარგად დავიწყებული მოგონების სუბლიმირებაა, რომელიც ამბივალენტურ ვნებათაღელვას იწვევს ჩვენში.

 ტირილი ყველაზე შთამბეჭდავი წარსული მოგონების გახსენება-გამეორებას ემსახურება. ასე რომ, ყოველი ჩვენი ცრემლი, და ღრმა ამოსუნთქვა-ჩასუნთქვა იმ დავიწყებული მოგონების გახსენება-გამეორებაა.  ენერგიით გაჟღენთილი ჟანგბადის ჩასუნთქვის ამაო ცდაა, რომელიც ერთხელ უკვე ჩავისუნთქეთ და ჩვენი ბუნებიდან გამომდინარე უკვე აღარ გვაკმაყოფილებს.

ბავშვებიც უფროსებზე ხშირად იმიტომ, ტირიან, რომ მათ უფრო კარგად ახსოვთ იმ პირველი ქცევის შედეგი, რომელიც დამოუკიდებლად განახორციელეს. 
ასე რომ რაინდებო, ტირილი არათუ სირცხვილი, არამედ ადაპტური ქცევაა...
თვალს ვუსწორებდი საკუთარ თავს სარკეში, გამჭვირვალე რგოლები კი - შავ სასრიალოზე მოსრიალებდნენ.