დაბრუნება

გზიდან უეცრად გადავუხვიე და იქითკენ განვაგრძე სვლა, სადაც ჩემი აზრით არაფერი არ მესაქმებოდა, თუმცა არ შემეძლო არ გავყოლოდი ხმას, რომელიც ბავშვობიდან მოსვენებას არ მაძლევდა და ყოველ სიზმარში თუ ფანტასმაგორიულ თავგადასავლში სხვადასხვა სახით ჩნდებოდა.
გზაში ვგრძნობდი რომ ჩემს უაზრო ცხოვრებას აზრი უბრუნდებოდა. მივყვებოდი ხმას, რომლისაც მეშინოდა და რომელიც ამავდროულად არაამქვეყნიურ სიამოვნებას მანიჭებდა. რამდენიმე ქუჩა გავიარე და ხეივანს ავუყევი, შემდეგ დავინახე ხის სკამი, რომლისკენაც მიმითითებდა ხმა, წინააღმდეგობის გაწევა არც მიცდია და მივუჯექი გოგონას, რომელმაც ერთი გამოხედვით გააღვიძა ჩემში არსებული კოლექტიურ არაცნობიერად წოდებული მთელი კაცობრიობის წარსული.
როდესაც გავბედე თვალის გასწორება მივხვდი, რომ ისიც სრულიად ჰიპნოტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და დანიშნულების ადგილი სწორედ იმ ხმამ მიასწავლა, რომელმაც - მე მომიყვანა.
მე კარგად ვიცოდი და მგონი იმანაც, რომ ადამიანზე შთაბეჭდილების მოხდენა თუ გსურს თვალებში არ უნდა უყურო, რადგან ყველა ადამიანმა იცის ბუნების წიგნის კითხვა, ანუ თვალებში არეკლილი არქეტიპების ამოცნობა. თუმცა აქ არ არსებობდა ვინმე სხვა ჩვენს გარდა და არცერთს არ გვიცდია შთაბეჭდილების მოხდენა, ეს სრულიად ზედმეტი იყო ამ გასაოცარ სიტუაციაში.
მე ვგრძნობდი, რომ მე მასში ის მოგონებები გავაღვიძე, რომელიც ღრმა ბავშვობაში განდევნა და ვხედავდი როგორ სინქრონულად განათდა მის ფსიქიკაში არსებული მიბნელებული სარდაფები. მე ვგრძნობდი, რომ მთელი ის სიცარიელე ივსებოდა, რომლის შევსებასაც უშედეგოდ ვცდილობდი მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში.
მის თვალებში მომენტალურად ყველა წინაპარი ქალის არქეტიპმა გაიღვიძა, ვგრძნობდი როგორ შემოდიოდა მისი ფსიქიკური ენერგია სხეულის გავლით სულში და როგორ უბრუნდებოდა ისევ მას, ვხედავდი ჩვენში გადახლართულ უხილავ ძაფებს, რომლებსაც საოცარი სიფაქიზით ვქაჩავდით ერთმანეთის სრულყოფისთვის.
მე მივხვდი, რომ ჩვენ განცდები ერთი და იმავე სფეროს ორი სხვადასხვა პოლუსიდან მოედინებოდნენ. ეს სწორედ ის მომენტი იყო, როდესაც სიტყვების წარმოთქმის საჭიროება აღარ არსებობდა, ეს სწორედ ის წამი იყო, როდესაც გახლეჩილი ჰერმაფროდიტის ნაწილებმა ერთმანეთი იპოვეს და შედგა სრულყოფილი შერიგება.
განგაშის შეგრძნებაც  გაქრა, გაქრა იმიტომ, რომ განგაშის შეგრძნებას, ზუსტად იმ დაკარგული ნახევრის ძიების დაუოკებელი სურვილი აჩენს.
დროც გაჩერდა...