ისე ტკბილია წარსულის დარდი


ისე ტკბილია წარსულის დარდი,
როგორც თაფლი – ხის ფუღუროში,
როგორც სხვისი სისხლი – შენს ტანზე.

დანარჩენი კი –
სიხარულიც იმდენად ქრება,
ხელები უნდა მოიჩრდილო და ისე ძებნო.

ის მახსოვს,
ადრე, ზამთრისპირზე, ჩემს ბავშვობაში,
გამთენიისას ალუმინი რომ ჩავაბარე,
მაგრამ იმ ფულით რა ვიყიდე, ვეღარ ვიგონებ.

ისიც მახსოვს, უკან დავბრუნდი
გადავხედე ცარიელ ქალაქს,
ასეთ დროს ქუჩა სხვანაირია,
სახლში გტოვებს, შეგაბრუნებს დილის საწოლში,
მაგრამ შენიდან გამოყავს ვიღაც
და გარეთ დიდხანს ახეტიალებს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი