ცდისპირი


სტუდენტობისას, 
ერთხელ, პროსპექტზე, 
უსინათლო რომ გადამყავდა,
რაღაც აზრებმა შუა გზაზე გამყინეს უცებ;

წარმოვიდგინე, 
თუ რა დღეში ჩავარდებოდა,
მე რომ მისთვის ხელი გამეშვა, 
გავშვორებოდი...

და ზუსტად ასე მოვიქეცი, 
იქ მივატოვე,
გადმოვედი მეორე მხარეს 
და დავაკვირდი;

არც რამე უთქვამს, სახის ნაოჭიც
კი არ შეცვლია, 
სულ ერთი წამით, შედგა მხოლოდ,
წელში გასწორდა
და გააგრძელა თავისი სვლა ტროტუარისკენ.

რომ გადმოვიდა,
მივედი ისევ და, როგორც უცხომ,
ჩემი თავი ვუგინე დიდხანს.
ერთი აუგიც არ დასცდენია:
- ნახევარ გზაზე მოხმარებაც ხომ საქმეაო, - 
თქვა და გამშორდა.

ამის შემდეგ, მეც ჩვევად მექცა,
ვინც ცხოვრებაში ჩამომშორდება,
იმათ რაიმეს კი არ ვუყვირი, -
დასაბრუნებელს, ან გულისსატკენს, -

თითქოს ვიღაცა მეკითხებოდეს,
ვეპასუხები;
მასთან საერთო წარსული ხომ მაინც ძვირფასად 
შემომრჩა-მეთქი, -

მუდამ ამ სიტყვებს ვამბობ ხოლმე,
შევდგები მერე, 
გავჩერდები,
ზეცას ავხედავ

და მაგონდება;
ისეთებიც ხომ არსებობენ, 
მთელ სიცოცხლეში მსუბუქად რომ მიაბიჯებენ,
იფიქრებ, თითქოს ქარს მიჰყვებიან
და უშფოთველად მიაქვთ ცხოვრება.

მაგრამ ქარსაც აქვს დრო, ადგილი, 
ბოლო წერტილი,
სადაც ჩადგება და მუხლს მოიყრის.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი