დღეს ვნახე ჩემი ძალიან ძველი ..


დღეს ვნახე ჩემი ძალიან ძველი
ჩანახატები.
ვათვალიერე და ერთ-ერთმა
გული ჩამწყვიტა;

დამიხატავს ჩემი ოჯახი:
მამა, დედა, მე და ჩემი და,

უკან კი რაღაც სახლი დამიდგამს,
პატარა სახლი,
ფანჯრებით, ერთი ღია კარით და
გვერდზე დახრილი ვიწრო კედლებით.

ნახატები და ნაწერები ხომ სრულდება ხოლმე;
რაღაც აქვთ, - თითქოს მთელი მომავლის 
წინასწარხედვა.

აბა, იმ სახლში ყველა როგორ დავეტეოდით?!.

მამაც ამიტომ წავიდა ალბათ
და მე კი თითქოს
წლების მანძილზე, ვზივარ ფანჯრებთან 
და მშვიდად ვიცდი,
იქნებ გამოჩნდეს ვინმე, ვინც იმ კარს 
შემოაღებს და ჩვენთან დარჩება.

ახლა კი ვხვდები,
რატომ არავინ მოვიდა დღემდე;

იქ, იმ ნახატზე,
გზა არსად არის,
გზების დახატვა დამვიწყებია.
1 კომენტარი
.....7 წლის წინ

აუუუ მაჟრიალებს უაზროდ რომ ვკითხულობ,ემოციურია

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი