ერთი დღის დღიური


1 

ბოლოს შევჩერდით დანგრეული სახლის ადგილზე 
და ვიცინოდით დიდხანს, ხმამაღლა. 
გვიან შევნიშნეთ, 
კედლებიც კი აღარსად იდგნენ, 
რომ შეენახათ ეს იშვიათი მხიარულება... 

და ყველამ ერთად შორს გავხედეთ 
მაღალ შენობებს. 

აბა, იქამდე ხმას და სიცილს რა მიიტანდა?! 

2 

ლურსმნის ჭრილობა 
ტერფებსა და ხელისგულებზე, 
ეკლის გვირგვინი, 
მხრებზე კი ხორცი 
დაფლეთილი, სისხლმომდინარი, - 

ეს იხილეს მოწაფეებმა, 

მაგრამ მათ ალბათ არც კი იცოდნენ 
ის იარები მუხლისთავებზე, 
რომლებიც კარგად ნაცნობი იყო 
ქრისტეს ბავშვობის მეგობრებისთვის. 

3 

გამთენიისას რომ იღვიძებ 
მეგაპოლისში - 
ბეტონის და ქვის მასივებში, 
ფანჯრებს გააღებ და მიაგინებ 
ხეზე მსხდომ ჩიტებს, 
რომ გალობენ და ჭიკჭიკებენ გაუთავებლად, 

რატომ არასდროს გაგონდება, 
დადგე სარკმელთან 
და გასძახო, 
რომ მშვენივრად ხარ 
და რომ მთელი ღამის მანძილზეც 
კარგად იყავი!.. - 

უთხრა ასე 
და დაამშვიდო. 


4 

რასაც ადვილად დაივიწყებენ, 
შემოინახე ის შენს ლექსებში. 

მე ყოველთვის ვარსკვლავებზე ვწერ, 

განა იმიტომ, 
რომ არ მჯერა იმ ვარსკვლავების 
მარადისობის, 

უბრალოდ მე არ ვიცი მათგან 
რომელი როდის 
მოწყდება ჩვენს ცას.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი