0 45

განისლისფერდა პოეტის დილა


განისლისფერდა პოეტის დილა,
და გადამკრთალდა მკვეთრი ფერები.
ამ ნისლში მიჭირს მეობის ხილვა,
ცოდვათა ბილიკს თან ვედევნები.

თითქოს აღარც ჩანს  გზა იდუმალი,
ფიქრი ბნელეთში სულმთლად მარტოა.
თავთან გამიქრა აზრთ სასთუმალი
და იმედებმაც მუხთლად დამტოვა.

სულს ეშინიაა იმგვარ ფოთლების,
რომ ვეღარ არხევს გრძნობის ქარები,
ჩამესმის ჰანგი გულის მოთქმების
და ვეღარც სევდის ცას ვემალები.

წარსულის ხელის მაკრთობს შეხება,
არც აწყმო მივსებს სულს ტრფიალებით,
ნისლიან გზადაც ვერვინ შემხვდება,
ვინც მაპოვნინებს თავს, თუნდ წამებით.

ვფიქრობ, ვის ვთხოვო მე დახმარება,
ან ვის წინაშე ვიწყო ვედრება?
არც ცოდვილ სულს სურს დღეს გახარება,
აღარც მზის სხივთა შუქი ენთება.

იქნებ ყოველი მე შევქმენ აზრში?
ვარ შემოქმედი ფიქრით ცხოვრების,
და თვითძიების დახუნძლულ გზაში
გადამეყრება მიწაც ცხონების.

ამ უსახობას ბრძოლას შევბედავ!
ამ ბნელი დილის წიაღს არ დავრჩე,
მე ვარ ყოველში, ვხედავ, ვერ ვხედავ,
და ისევ ჩემში უნდა გადავრჩე!..
კომენტარები (0)