0 30

ღამის ფიქრი მათრობს


ღამის ფიქრი მათრობს, გათენებას ველი,
ვცდილობ ამ ცრუ იმედების ტყიდან თავი ვიხსნა.
თითქოს რაღაც მაკრთობს, არ მგმობს ბრძოლის ველი,
ამ ღამესაც შევსვამ წვეთ პოეტის სისხლად.

მოვესწრები ამინდს, ცის გათენებისფერს,
ნეტავ თუ მოიტანს დილა სხვაგვარ განცდებს?!
ნეტავ ვინმე მისმენს? არ ვეტრფი მსგავს ფიქრებს,
მე ვიცლები, ჩემს გაკვეთილს ბევრი ალბათ აცდენს.

არც კი ვიცი რა გაათბობს ამ მთრთოლვარე კედლებს.
მთვარეს მზე ცვლის, ეს სინათლე გვჩუქნის იანვარსაც,
მაგრამ ჩემში სევდის ფერი ვერასოდეს ვერ თვლემს,
თან ვპატრონობ სულში დამჭკნარ, მოკლულ ია-ვარდსაც!

წამსაც, ალბათ ქარს გავატან, ამ წარმავალ წამსაც,
განვიქარვებ სატკივარს, მოვესწრები დილას, ნისლიანს და ნაწვიმარს.
არ დავმარხავ, დავწვავ! იმ დარდების გვამსაც,
რომლის ფერფლსაც განსხივების მღელვარე ზღვა ჩაძირავს!

ვგონებ, რომ არ ვყოფილვარ მე ყოველთვის ასეთი,
ფრთხილად მივუყვებოდი ბნელ უფსკრულის ნაპირებს,
მექნებოდა წამები, ცრემლიანი, ნასევდი,
მაგრამ მუდამ ვეტრფოდი მე მომავლის აპრილებს!

მათრობს, ღამის ფიქრი და გათენებას ველი!
დილის სურნელს ვანდობ მზის მხსნელ ჩანახატებს,
სხეულს დაჰფარფატებს მრავლად სანატრელი,
მაგრამ სულს ვაშორებ, ცოდვათა გზის ჰანგებს!
კომენტარები (0)