0

ვაჟასთვის და სოფოკლესათვის


იმ დღეს სოფოკლეს ძეგლთან ჩავიარე და უნებურად ავაყოლე სიმაღლეს თვალი. ვფიქრობ, როდის იქნება მის ენას ისე ვისწავლი, რომ მის ქმნილებებს მისსავე ცხოველ ენაში გავეცნობი, წავიკითხავ, საცა მისივე მელოდია იქნება, თავისი არქაიკით, სათქმელით, ფორმით, შინაარსით... აქ ერთი ფაქიზი დეტალი. ქმნილება ხშირად პირმეტყველებს თვის შემოქმედზე. მაგალითად, უყურებ "საიდუმლო სერობის" პასსაჟს და ხედავ ხორცშესხმულ ლეონარდოს პეტრესა და ქრისტეში, ყველგან, ყველგან ის არის, როგორც ცოცხალი პიროვნება. უმზერ სოფოკლეს და უნებურად მოდის ფიქრი, რა იქნებოდა მსოფლიო ასეთ დონეზე ვაჟას იცნობდეს?! რაღაცით გვანან სიმაღლეში. ორივე განზე მდგომია თავიანთი ეპოქისაგან. განა უამრყოფელი?! არამედ მიმღები და გადამძლევი. ამომწურველი. დროს უსწრებენ წინ, რასაც ძვირად თუ პატიობენ ხოლმე ვისმეს. შესაბამისად, ორივე ბადებს ტრაგედიას, და ამ ტრაგედიაშივე იხედება მთავარ პერსონაჟთა სულის სიმაღლე. ისინი უბრალოდ ვერ იპოვნიან მარტივ გზას, შეეჭიდონ სიზიფეს მითს _ ზიდონ საბრალო ადამიანები! ისინი არ დადიან მკითხველებამდე, ეს შენ უნდა აიხედო მაღლა! ვაჟა და სოფოკლე ამბობენ იმას, რასაც დრო, სივრცე, ზღვრულობა და პერიოდი ითხოვს ტრაგიკულად. მათთან ფიქსირდება ზღვარი ქმნილებისა და მისი ტკივილის მაქსიმუმი, როგორც ფიზიკური ისე სულიერი. ეს ქმნილების სასრული გარდუვალობაა. მაგრამ, განა მარტო ოდენ თავიანთი ეპოქალური, ოდენ კონკრეტული ყოფაა ასახული?! არამედ, ზოგადადამიანური ყოფნის რაობა, კულტურა, მრწამსი. ადამიანი ხსნას ითხოვს. ითხოვს და არ ეძლევა ემპირიაში ეს ხსნა, რადგან ძლიერ დაცემული და დაზიანებულია მისი არსება. ამიტომ იგი კვდება უსიყვარულოდ. და რომ მაინც ცდილობს პიროვნება ძლიოს ეს ზღვრული სასრულობა, იმას გვეუბნებიან ეს ძვირფასი პოეტები. ისინი შემოდიან ჩვენს ჯოჯოხეთებში, რომ მოგვცენ ნათელი. მათ ძლიერ უყვართ ადამიანები. ისინი საუბრობენ მასსებში და კოლლექტივებში ჩაკეტილ პიროვნებებზე, ერთის შეხედვით, რომლებიც ყველასა და ყველაფერზე მაღლდებიან საბოლოოდ, დე თუნდაც შეეწირონ მათსავე მორალს. თუმცა აქ არც ოდენ მორალის და პრინციპის გამოა ბრძოლა. არამედ, უფრო სიყვარულისთვის, რაც ყველა კანონს, მრწამსს, წესს, კოლლექტივისტურ მიდგომებსა და ტრადიციებს ლახავს. ვაჟა გადამლახავია და გადამძლევი ადამიანშივე ადამიანურ მანკიერ გამოვლინებების. ასევე სოფოკლეც. მათი გმირები არ გაიოცებენ ნიკოდიმოსივით, როგორ იშვან მეორედ და კვლავ და კვლავ იბადებიან. მათთან გარდუვალია ეს შეჯახება, ნამდვილ პიროვნებასა და საზოგადოების მონურ ყოფას შორის. მათი პროტაგონისტები მოდიან, როგორც საზოგადოებისთვის უცხონი, მიუღებელნი, გაუტეხელნი, როგორც მაგალითად ანტიგონე და ალუდა. ისინი იწვევენ შიშს და დაპირისპირებას. განზე გასვლას, გადაცდომას. მაგრამ მათ არ სწყურიათ სისხლი და განსხვავებული პოზა ჰქონდეთ ოდენ. ეს მათი მრწამსია შინაგანი. მათი ძალიან პირადი, ინტიმური რწმენა. ვაჟა და სოფოკლე ბადებენ გულის ადამიანებს. ისინი თიშავენ გონებას, რომ იცხოვრონ გულით. მათ არ სურდათ ბრძოლა, იქნებ, არამედ მშვიდობა. მაგრამ ბრძოლამ ისურვა ისინი, რადგან ისე უბრალოდ ვერ იშვები ხელმეორედ, თუ არ მოკვდი. სოფოკლეს ანტიგონე იბადება, რომ შეიყვაროს და არა სძულდეს. ესაა მისი უმაღლესი იდეალი, იგი დევნის ყოველგვარ შიშს და ძალადობას. ანტიგონე დგება ნებისმიერ სხვა იდენტობაზე მაღლა, თვით მამაშვილურზედაც კი, გამო სიყვარულის. აქ არის მისი ღმერთადამიანური სულის სიგიჟე. აქ მრავალი პოეტი ჩერდება და მოწიწებით ხელს ართმევს სოფოკლეს. ჰომეროსი ხომ მაღალია?! მაგრამ მისი ადამიანები კლავენ უმოწყალოდ და სწამთ კერპები. იქ ქრება მიწა და მიწიერი და ბრმა ბედისწერა ახრჩობს კაცსაც და ღმერთს. ამიტომ ჰომეროსი უფრო ნიღაბია, ვიდრე თავისუფალი სული. სოფოკლე არ ქმნის სცენის გამო და ოდენ მასკიდან წარმოსათქმელად. მას არ აქვს ნიღაბი. მან აღიარა და მიიღო მიწა. იგი აქაა, ჩვენს კალათში, როგორც მოსე ნილოსში. მისი გული ანტიგონეს თავგანწირული სიყვარულის სიქალწულეში მღერის სასიკვდილოდ! ხედავ მას და უნებურად მოდის აზრი, რომ ვერ შეეხები, ვერ მოკლავ მას. ის, როგორც ხორცშესხმული ქრისტე, გჭვრეტს და თითქოს გეუბნება : "მალე გააკეთე რაც ჩაიფიქრე". ის უბრალოდ ვერ მოკვდება სხვაგვარად.
ანტიგონესთვის სიყვარული წმინდად სუბსტანციაა, ის თავს შესწირავს მას. ისაა ქრისტემდე მოსული ქრისტიანი, ვიტყოდი, ჯვარცმული გამო ამ სიყვარულის. აქაა სოფოკლეს სიდიადე. 
ვაჟა სხვა გადაცდენაა, სხვა ათვლის სისტემა აქვს, სხვა სათქმელი, სხვა ესთეტიკა, სხვა, თავისი ენა, არქაულობა, მის ხმაში სიყვარულის სიმაღლეა და დაცემის სიმდაბლეც, უფრო მეტად სისხლია და სიკვდილი, ვიდრე წმინდა სიმშვიდე და ესთეტიკა. მისი ალუდა მიდის და კვალს არ ტოვებს. აქ არის ტრაგედიის დაბადება ქალწული თოვლის დანელებაში. ალუდას ვერ აედევნები. მას შეგიძლია მხოლოდ თვალი გააყოლო. თოვლიც ხომ ფარავს არა ნაკვალევს?! ამ ადგილას გზის გამკვალავი ბარათაშვილის მერანიც კი ჩერდება. ფრთა სიმაღლეებს ვერ წვდება უბრალოდ. ეს წმინდად მისი, ვაჟასი და მისი ხატის, ალუდას გზაა. გალაკტიონის "თოვლიც" განა საოცარი არაა?! მაგრამ იქ არის მუსიკის დაბადება. მელოდია ეშვება თოვაში და თოვასთან ერთად. ხოლო ვაჟასთან თოვლი შობს ტრაგედიას და პირიქით, ტრაგედია - თოვლს. ო, წმინდა განცდის სიმაღლეა ეს! ვაჟა დგება მაღლა, ამაღლდება, როგორც ქრისტე, სურს შემოკრიბოს ადამიანები თავის თავში. მისთვის არ იყოფა ღმერთი რელიგიებად და მრწამსებად დაგლეჯილი ღმერთი მუდამ ერთია. და საერთოდ ყველაფერი უნიკალურია. არც ერთი ყვავილი არ ჰგავს ერთმანეთს. ორი ფურცელი ერთდროულად არ შეირხევა. პირმეტყველი არსებები სიტყვებიდან, როგორც ტილოებიდან გადმოდიან, რომ გითხრან - შემიყვარე! ვაჟა ლურჯი ფერის პოეტია. ცივია მისი სიყვარულიც. სოფოკლე ცხელია. გწვავს. ანტიგონეს კივილში ცრემლის მდუღარებაა. წითელი სისხლი. ვაჟა უხმოდ, მოგუდულად ტირის, ვითარცა კლდე. მისი იოგები ლურჯად დაჭიმულან. მაგრამ ეს უნდა დაინახო. ის, როგორც ჯვარცმული ქრისტე, შენს მკლავებზე არ შეგიძლია გარდამოასვენო. თავადაა გარდამომხსნელი რადგან. შენთვის ეწამა. აქ შენ გამოა. ვაჟა მამაა. მასთან სხვა რიდი გაქვს. მის ხელებზე მიწაა და თვალებში ცა. მკლავებზე უსვენია ეს სამყარო, როგორც არიმათიელს იესო ქრისტე. სოფოკლე ქალურია. მის მსხვერპლშეწირვაში ქალწულობა ძლევს აუტანელ ყოფის სიმძიმეს. ანტიგონეს, როგორც მარიამს დაუჩოქებ და ეამბორები. აი საიდუმლოც!
ვაჟა არაა ამიტომ მასსის პოეტი. ის პიროვნებაა და პიროვნებას ბადებს შენშიც. ამით სხვაობს ვაჟა სხვა, მეარღნე და მეხოტბე პოეტებისგან. ის ამბობს უბრალოდ სხვას და სხაგვარად როგორადაც ვერავინ ვერ!.. სათუოა და სამძიმო, თარგმნო იგი. არ ვარ ლიტერატურათმცოდნე, და მაინც მგონია, ნებისმიერი სხვა ენა, გარდა ქართველურისა, ვერ დაინახავს ვაჟას. ვერ დაიტევს. არ გადავა სხვა ენაში მისი ხმა, რიტმა, მელოდია, სიმბოლო. გაიბნევა. დაკარგავს არსს. ენა ხომ ყოფიერების სახლია, როგორც იტყოდა ჰაიდეგგერ. ამ ყოფიერების სახლის განზე, გვერდით მდგომ სახლში მცხოვრები ვერ ისაუბრებს ამ ენაზე ისე, ვაჟას მისწვდეს. სამწუხაროდ, ეს ენა იციან მხოლოდ ამ სახლში. ვისაც სურს გაიგოს ვაჟა, ამ სახლს უნდა ესტუმროს. შესაძლოა ის წაიღონ, მაგრამ ვერ დაინახონ. მიიღონ, მაგრამ ვერ მისწვდნენ. ისევე, როგორც ჩვენ, ალბათ, ვერ ვწვდებით ნათარგმანებ სოფოკლეს... და თუმცა, რამხელა სათქმელი მოაქვს ენას მაინც ჩვენამდე, ალბათ. 
ჰოდა, იმას ვამბობდი, ჩვენი მთავარი არგუმენტი ვაჟაა სინამდვილეში. იმ ბავშვს ვგავართ, მდინარის პირას, კენჭების თამაშში, რაღაც დიდს რომ მიაგნო, მაგრამ არ ესმის არავის სხვას ჩვენს გარდა ეს ჩვენი ენა და ისევ ჩვენსავ მდინარის ნაპირას ვრჩებით კენჭებით კიარა, ლოდებით მოთამაშე!
კომენტარები (0)