0

უკვდავება


იის ნაყენი შველის შენს 
ავადობას. უნდა იშოვო იებიო,_ ასე მითხრეს სანამ სოფელში ჩამოვიდოდი...
მე შემეშინდა დედაქალაქის გრძელი ქუჩების და მაღალ-მაღალი შენობების, სადაც არც ცა ჩანს და ვერც გაზაფხულის შემობრძანებას იგრძნობს გული. 
ჰოდა აქა ვარ. სიმშვიდეა ჩემს სოფელში. და ვეძებ იებს... ვერსად ვპოვე. ვერვის ეზოში. მხოლოდ ერთ გამყიდველ მოხუც ქალს ჰქონდა ქალაქში გასაყიდად გამოტანილი მხოლოდ ერთი პატარა კონა. ახლო მივედი. მივესალმე. ია მინდა თქო 
ვუთხარი მყისვე.
მან შემომხედა. დაკოჟრილ თითებშუა მოქცეული ჩაია ჭიქა დახლზე გადადო. ადგა. კონა აიღო. გამომიწოდა. 
თან "ბატონები" მაქვს, ხომ მოუხდება,_ ვკითხე მაინც მე. (იქნებ და ცდებიან ექიმები ზოგჯერ. გადავამოწმებ,_ გავიფიქრე.)
"რას ამბობ შვილო, "ბატონი" ბრძანდები?!" გაიკვირვა ქალმა. 
არ მინდა ფული. ისე წაიღე. არ იშოვება თან ჯერ ია. შენ კი გჭირდება."
"როგორ გეკადრებათ,"_ ვიუარე მე. და გავუწოდე რკინის მომეტა.
და მოულოდნელად ქალმა შემომხედა. შემომანათა თავის თვალები. მე გავშეშდი. ერთი ნაბიჯი უკან გადავდგი და კიდევ უფრო დავაკვირდი. არა. არ შევმცდარვარ. ლურჯი თვალები ჰქონდა მოხუცს. იმაზე ლურჯი, ვიდრე ცაა გაზაფხულის პირველ მზიან დღეს.
ხელის გულზე თავისი საჩვენებელი თითი დამადო და ჩუმად მითხრა:
ხშირად უყურე ზეცას და ღამით ყვავილებს ნახავ სიზმარშიო...
ნუთუ იცის ამ მოხუცმა ქალმა რომ ღამ-ღამობით მე ვბოდავ და კოშმარებს ვხედავ ძილში...
ყვავილი გამოვართვი და გამოვბრუნდი გაოგნებული. მომქონდა მისი თვალების ფერი ცის უცხო სურნელი საკუთარ გულით და ვფიქრობდი.
ყვავილი ხომ მზის ნიშანია. გამოდის იგი ცას და მიწას აერთებს და ეს ჩემი ავადმყოფობაც ხომ "ყვავილაა", რაღაც საიდუმლო იმალება აქ უსათუოდ...
ჯერ კიდევ ხომ გვიან არაა. ჯერ არაფერი დამთავრებულა. ჯერ ჩვენ ისევ გვიყვარს ადამიანებს ერთმანეთი. რამხელა ნუგეშია! ამოვისუნთქე...
როგორ მინდოდა მიმეხედა... ვეღარ შევძელი.... რაღაც უსახელო მომაწვა ყელში... ცრემლი თუ იყო...
ბოლოს რაც შევამჩნიე, კეთილ მოხუცს დახეული ფეხსაცმელი ეცვა და შემებრალა საკუთარი თავი....
მე "ბათინკებში" გამომწყვდეულს ყვავილებში ფეხშიშველი სიარულიც არ შემიძლია...
და ის ქალი კი....
ქალი, რომელსაც სულ არ აქვს იქნებ ჩემისთანა ფეხსაცმელი, იებს კრეფს ცაში ღამ-ღამობით და არიგებს დღისით უბრალოდ...
დღეს პირველი მარტია...
და მე მგონია, რომ ადამიანი ნამდვილად არის გაზაფხულის პირველი ნიშანი. და ადამიანის თვალებში დანახული ზეცაა უფრო მაღალი და მშვენიერი, ვიდრე ცა ჩვენს თავს ზემოთ...
და როცა იის ნახვა მოგინდებათ, ნუ აიხედავთ მაღლა...
ნურც ლურჯ ფერს წარმოიდგენთ....
ნურც მინდორში გახვალთ სადმე....
მხოლოდ ქუჩაში გადით...
გააჩერეთ ნებისმიერი შემხვედრი და ჩახედეთ... მხოლოდ თვალებში ჩახედეთ ადამიანს...
ჩვენ იმდენად გადავეჩვიეთ სიყვარულს, აღარც კი გვჯერა იქნებ რომ მზეს ამ ცაზე სიყვარული აკავებს სწორედ, რომ არ ჩამოსწყდეს!
დღეს ორი მარტია და გუშინ სიზმარში იები ვნახე, ანუ ცა და მიწა შევაერთე...
საშიში არაფერია.
ახლა ავად ვარ და როგორც არასდროს, ისე ძლიერ მწამს ჩემი უკვდავება...
კომენტარები (0)