0

მზისამოსვლა


გზაჯვარედინზე იდგა და მელოდა.
შემნიშნა თუ არა, ჩემკენ გამოიქცა...

_შენ!
_შენ!

მივხვდი უაზრო იქნებოდა მეცოცხლა მის გარეშე!

_ახლა საით?! 
მკითხა მერე.
ცაზე წეროებმა გადაიფრინეს და ზღვის მლაშე სურნელი მოიტანა ძლიერმა ქარმა.
შეგვცივდა.
ხელში ორი ფოთოლი ეჭირა. მზით გამთბარი. გაყვითლებული. ერთი მე მომცა.

_ჩვენც ასე მოვწყდებით ოდესმე ხეებს?!
_ჩვენც...
ვუპასუხე ისე...
ნოემბერმა იცის უეცარი მელანქოლია...
გზაჯვარედინი უკან მოვიტოვეთ და სანაპიროზე ფეხით ჩავისეირნეთ.
ციოდა.
ვგრძნობდი მის სხეულს, გვერდით რომ მედგა და ნეტარების ექსტაზში გადასული ვეღარ ვარჩევდი მისი სახის მკვეთრ კონტურებს. ლამაზი იყო. ვუცქერდი ჯერ მას. მერე ზღვას და ვგრძნობდი ზღვას რომ რაღაც საერთო ჰქონდა ქალთან...
მერე სანაპირო გრძელ სკამზე დავსხედით. დიდ ხანს ვუსმენდით საკუთარი სხეულის მუსიკასა და ზღვის მღელვარებას.
_შეხედე,_ მითხრა,_ როგორ  ჩადის მზე ზღვაში...
_სისულელეა, რომ ჩამავალი მზე სჯობია ამომავალს,_ ვუპასუხე... 
(პაუზა)
მზე ზღვის ფსკერზე თუ იყო ახლა.
_აცივდა...
_აცივდა...
_მაშ, შენ ამბობ, რომ ამომავალი?!
_ამომავალი!
ხვალაც ამოვა?!
_ამოვა!
_რომ არ ამოვიდეს?!
_მაშინ ტყუილი იყოს ჩვენი სიყვარული!
_იყოს...
თქვა და ღრმად ჩაისუნთქა შორეულ სივრციდან მომავალი ჰაერი... 
ამოსუნთქვამდე ვუთხარი:
მეფიქრნატვრები...
_შენ ისევ ახალ სიტყვებს იგონებ არა?!  
_როგორც ადრე...
_როგორც ადრე... 

გაეღიმა. ზუსტად ვიგრძენი, მხოლოდ ეს ღიმი ამართლებდა ჩემს არსებობას დედამიწაზე... სანაპიროზე ვისხედით. გვიანი იყო. ვუსმენდით საკუთარ სუნთქვას მსოფლიო ხრამში ჩაწოლილი მშობიარე ქალაქის მოქცეულ საზღვრებში და ვგრძნობდით, როგორ კარგავდა თავის თავს უსაზღვროებაში ეს საზღვარი...
აღარ გვციოდა. 
თვალებზე ხელები ამაფარა და მკითხა, რა ვიგრძენი ზუსტად პირველ წამს.
„მზისამოსვლა!“ ვუპასუხე და ზღვას გავხედე.
ნელა ღელავდა.
ალბათ თუ ელოდა ისიც ამ პასუხს.
მაღლა ავიხედეთ.
მზე მართლა ამოდიოდა.
კომენტარები (0)