0

მე კლოუნი


სარკესავით კრიალა ცა ბავშვურად მიღიმოდა და მიმაფრენდნენ მშვიდი ქარები სადღაც, სხვა ქვეყნად. ვიყავი მარტო მთელს ქვეყანაზე და უკვდავება ხორცშესხმული მელანდებოდა. მეჩვენა მერეც, დიდი ხნის შემდეგ. თეთრი თვალებით თოვლის ფერში გამოცხადება როს ვიხილე და შიშისაგან ტვინშერყეულმა მოულოდნელად დავიკივლე! 
კლოუნი შეკრთა. ნიღაბი მოიხსნა და სადღაც შორს, შორს სივრცეებში მოისროლა და დაამტვრია. პირამიდათა თავზე თეთრი ღრუბლები გაიხსნა და მე ვიხილე საკუთარი თავი, უკვე გაზრდილი მამაკაცი, ბავშვურ ფესვთაგან ამოზრდილი. ამბობენ: ადამიანი პატარა შვილია დიდ მსოფლიოსი. ვამბობ: ადამიანი არის დიდი გონი პატარა სამყაროში და ვერ ეტევა ამ მიწაზე, ისე იტაცებს ცის სიმაღლე. ხოლო ცხოვრება ზმანებაა ჯერ არ ნახული და არ განცდილი. არ ვიცი... ვიცი მხოლოდ ის, რომ დამერღვა სივრცე-დროის მარადიული ურთიერთკავშირის ჩვეულებრივი რიტმის აღქმა და ახლა საკუთარი უმწეო ფრთებით დამძიმებული ცისფერი სული ვეძებ საკუთარ გვემულ სხეულს, ნამსხვრევებად მიმობნეულს მთელს სამყაროში. ვეძებ, ვპოულობ და ვაერთებ. მე, კლოუნი და ეს სამყარო... თვით გმოუცნობ საიდუმლოს ზეშთაგონების მწველი ცეცხლის ალად ვედები და ვათავისუფლებ წყვდიადისგან. სხვა სამყაროა. მე კი ვდგავარ ხელაღმართული და უაზრობად მეჩვენება ყველა უფსკრული, რაც კი მქონდა გადასასვლელი. 
ჩემი ტალლანტი გახურებული სისხლის ყივილია ბნელს სივრცეებზე გადამტვრეული. ამიტომ ახლა მტკივა საკუთარი არსებობაც და არ არსებობაც. მაგრამ მე ვიცი, რომ ახლოა წამი ესქატის. და მოვა „იგი“ და გამაღვიძებს! ვის განუცდია?! გაგეღვიძება ადამიანს და პირველ წამსვე მტანჯველი და თან საამო ცეცხლის ცისფერი ალი მოულოდნელად მოგედება. ვინ მისცა ძალა შენს გვამს რომ აღმდგარიყავი?! ხომ არ ჰგავს ეს წამი იმ წამს, როცა დაიბადე და სულ პირველი მზერა მოავლე ქვეყნიერებას?! ვაითუ ეს, ეს განცდაც იგივეა?! მთავარია, რომ ფხიზელი დახვდე იმას, ვინც აძლევს მიზეზს შენს არსებობას! ბავშვურ ფესვთაგან ამოზრდილი, მამაკაცქმნილი, გარდავისახე მე ზე-კაცად... აღარც სქესი და არც ჰასაკი არ შეიცნობა ახლა ჩემში. მხოლოდ გონი ვარ, თავისუფალი წამი მყოფობის. მარადისობა ამ ერთ წამში თუ ჩაეტევა?! 
ვაითუ, წამია თითონ მარადისობა?!
არ ვიცი, მაგრამ ვგრძნობ, რომ უკვე დადგა ჟამი განკითხვის. კუნძულ პატმოსზე დაიკივლა თეთრმა მერანმა და გაარღვია ცის ლაჟვარდი. სიგიჟის წვეთი ანთებულ თვალებს ცეცხლებად წასკდა და ახლა ვიწვი მარადიული ტრფობის წყურვილით. და ვეკითხები მე შემოქმედს, რა იგულისხმა მაინც ჩემში. ხოლო პასუხი დუმილია. სჩანს, ჯერ არდეა. და საკუთარი სულის ხმაური მათავისუფლებს სიჩუმისგან, რომ არ აღმომხდეს მუნჯი კივილი. და როგორც ბგერა წინ მივიწევ, რომ ვიქცე მარად ხორცადქმნილ სიტყვად. ყოველივე იყო და არის და იქნება მარად. და არავის შეუძლია, რომ იყოს იგი, რომელიც მე ვარ. და მე არ შემიძლია ვიყო იგი, რომელიც სხვაა. ამიტომ ახლა იგივე ვარ, რაც ვიყავი და ვიქნები მარად. ეს ჩემი სულის უნაპირობის საწყისია და საზღვარია უსაზღვროების. და ამის იქით სიგიჟეა. წმიდათა წმიდა სამყოფელი არალოგიკურ ყოფიერების. ფიქრი ყოველთვის ცვლის სხვა ფიქრებს. მე არ ვარ იგი, ვინც ვიყავი ვიტყოდი, ვიდრე სიტყვას, „არ ვარ“. მე ყოველ წამში ახალი ვარ. მარად და მარად და ვიზრდები და ვპატარავდები და არ მაშინებს საკუთარი წარმავალობა! რადაგანც ვიცი, რომ საწყისია თითონ სიკვდილიც. ამიტომ ახლა, არ შეიძლება ჩემი გაქრობა. არ არსებობა. რადგან უკვე „ვარ!” ისე მწყურია, რომ კივილი გადავამტვრიო სივრცეებში, როგორც თეთრ მერანს ტვინშერყეულს აპოკალლიპსის მოჩვენებით. 
და სადღაც უუძველესს პირამიდათა თავზე ცა იხსნება ისევ და იფანტებიან თეთრი ღრუბლები მერამდენედ. ხოლო ქვიშაზე გაწოლილ დიდ ქარავანს არ ეხება არყოფნის ქარი, აღთქმულ ქვეყნსკენ მიდის რადგან ეს ქარავანი. და მეც მგზავრი ვარ ქარავანის. ნელა ვირწევი შუადღის ხვატში. ო, ძლიერ ცხელა, ძლიერ ცხელა და მწყურია! ვინმე არ არის, რომ მომცეს წყალი?! სად ჰპოვოს სულმა ჩემმა, ასგზის გვემულმა, მარადისობის ღრმა ოაზისი?! ვხედავ და ვგრძნობ, რომ ახლოა ჟამი ესქატის. არ შეიძლება მეშლებოდეს! ჩემი თვალები ყველგანმყოფი შემოქმედის მშვიდი ლანდია და მჯერა მხოლოდ ზმანებების, რადგან სიცხადე მიუღებელი არის ჩემთვის. 
კლოუნი ირგებს ისევ მასკას და იმზირება წყეულ სარკიდან. არადა როგორ მეგონა, რომ ბავშვურად მიღიმოდა ეს ცა, ეს სარკე. მეგონა მხოლოდ... ახლა კი, ყოფიერება ისეთია, როგორიც ვარ მე თვითონვე. „მე ვარ, რომელი ვარ“. მე სუბიექტი აქ წინ უსწრებს მყოფს, არსებულს. გონი იაზრებს და გარდქმნის მერე მყოფობას, როგორც თავად სურს. ო, მოსე, მოსე, შენ ეს იცოდი! მაყვის ბუჩქთან გაგენდო იგი! და მეც ნაწილი „დიდი გონის“, უარს ვამბობ ახლა ყველა გზაზე, რომელიც კი მასთან არ მიდის. ხოლო ვარ თითონ გზა მარადის. ო, სიყვარულო ღმერთკაცობრივ ესქატოლოგიის, დამიფარე მე მარადგზის!
მე წამის წამად ვიზრდები და ვპატარავდები. გაფიქრებიდან ხორცადქმნამდე და ხორცადქმნიდან ბავშვამდე. მერე კაცამდე. და კაციდან, როგორც ზე-კაცი ვიბადები და ხორცადქმნილი გული ვხდები ღმერთის. სული ფრთებით მიწაზე დამაქვს სიმძიმეთაგან მუხლმოდრეკილს და ველოდები შემოქმედის უხილავ ლანდს, რომელიც მე საკუთარი მაღალი ფრთებით თავისუფლების სხვა ცის ლაჟვარდებს მაზიარებს. და გამიყვანს ამ მიწისგან, ანუ სიზმრისგან გამომარკვევს!მანამ კი აჰა, ვდგავარ გარინდებულ ნანგრევებთან სხეულტაძარის. სადღაც სამყაროს შუაგულში და გაშლილი მხრების სიმძიმეს საკუთარი მხრებით და ლავიწებით განვიცდი. ვიმტვრევი. მტკივა. ვეცემი. ვდგები. და გადაუხსნია ამ სამყაროს მკერდი და ჩემი მთების თეთრი მკლავები, ვითარცა ცადატყორცნილი სამრეკლოები, შორეულ, რძისფერ სივრცეებზე წვანან. გზა დაულოცნიათ თითქო ზღვისთვის. და მე კი ვდგავარ, როგორც მარადის მთა თოვლიანი, როგორც ქვადყოფილი და თიხადყოფილი ძე ადამის. მხოლოდ ერთს წამში გაჩერებული, თითქო ქანდაკი, ესქატურ თვალებით ვხედავ, როგორ დაეჯახება ახლა პირველი ტალღა ჩემს სხეულტაძარს. არ მეშინია! 
აგონიაში მყოფი კლოუნი, არდაწერილ პიესის გმირი, სახეს იკაწრავს თეთრ ხელებით და მერამდენედ ირგებს ნიღაბს და ისევ იხსნის და კვლავ სივრცეებზე გადაამტვრევს. და მე კი ვდგავარ ისევ ისე. ამაყი და ქედმოუხრელი დაცემული. აბობოქრებულან, აზვირითებულან ახლა ეს ტალღები და მე კი თითქოს ზემოდან ვუცქერ ჩემს თავს. ჩემს შორეულ მახლობელს. ჩემს მეს. საკუთარი სულის უნაპირო დიაპაზონის ლურჯ კონტურებს ხელით ვეხები და ზეცნობიერის ინსტიქტებში ვაყუჩებ კივილს და მხოლოდ ცეცხლის ალად ვედები შიშველ ზეცამდე ატყორცნილ მკლავებს. ჩემს თეთრ მკლავებს დავკოცნი ისე, როგორც ჰკოცნიან რაინდები შიშველ დედოფლებს. და ჯერ კიდევ ბავშვი, სამყაროს კივილს ცეცხლის ხმაში ავამზეურებ და სიმუნჯის შიშით ქვათა და ფერთა ქმნილებებში ჩამწყვდეულ გენიის მახვილს ლურჯ ტუჩებით დავკოცნი და მარადისობის გრძელ ნაწნავებში გადავამსხვრევ! სიმღერით მოვკვდები და ამ სიკვდილში კვლავ ზეკაცად დავიბადები მეათასედ! და ერთის წამით დამეუფლება ზეშთაგონების წრფელი წვდომა. და ამ ერთს წამში გარდაიტეხება მთვარის სინათლე, ვითარცა მზის მხურვალე სხივი გარდაიმსხვრევა, როცა ცხელ ასფალტს შეასკდება პიკის საათში დიდ ქალაქში. გარდაიტეხება სინათლე და უკუნეთი დაისადგურებს ჩემს თვალთა მიღმა. და მერე სულში ცვილის სანთლები საკუთარ ნამწვავებში გაქვავდებიან... და ასე წამით გარინდებულნი, როს გაიგებენ სამრეკლოს ხმას, ჯვარცმული ღმერთის ცისფერ კივილს, კვლავ კელაპტრებად აენთებიან და ლოცვების წვიმა წამოვა ჩემს ტანჯულ სულში! და მერე... მერე ტალღაც დაარტყამს იმ ერთს, რომელიც იდგა ერთს ალაგს და არც კი უცდია თვალები დაეხუჭა მაშინ, როცა ტალღამ სიკვდილის ცეცხლის ტუჩებით აკოცა. და იგი გონს დაჰკარგავს ამ სამყაროში... გადაიძლევა აქ სიკვდილი და დაიმსხვრევიან უცხო კერპთა სასაკმევლები და გაიხევიან ვიშნისფერი კრეტსაბმელები!
პირამიდათა თავზე კვლავ გაიხსნება ზეცა და თეთრი ღრუბლები მერამდენედ განიბნევიან.
და გამომარკვევს მე ტკივილი. ახლა აქა ვარ. ვგრძნობ, რომ ტკივილს ვგრძნობ. რომ პირველად მან მიიღო ეს დარტყმა საკუთარ თავზე. რომ ეს მას უნდა გაეკეთებინა, რათა მერმისში მე მეარსება. მე ახლა წყლის დიდ სტიქიაში ჩამწყვდეული ლურჯი ტაღა ვარ. თითქო დავტოვე მარტოდ ყოფნა და შევერიე უთვალავ ტალღას, გავვუთვალავდი მეც ასევე და დავკარგე ადამიანად ყოფნის აღქმა და შეგრძნებებში მხოლოდ ზღვის მოქცევანი შემოდიან დარტყმების გზნებით. როგორც არასდროს, სულს ახლა ისე სწყურია რაღაც ზღვარი, რომ არ გაქანდეს დიდ კივილში და ამ კივილში არ გადაიმსხვრეს. სად არის სულო, სხეული შენი?! პასუხი მხოლოდ დუმილია რძისფერ კონტურში ჩაკეტილი. გათენებისფრად ელვარებენ ჩემი თვალები. ჩემი თვალები ტერფებია მლოცველ ქალების, როცა ისინი სანთლებს ანთებენ მაღალ ფრესკებთან და ავერდებენ უზენაესს ადამიანთა მარად ყოფნას. მე ბრმა ვარ ახლა. მხოლოდ ერთადერთ წითელ მზეს ვხედავ. სისხლისაფერს. და დამრჩენია მხოლოდ წვალება. და მე საკუთარ ახალ სხეულს ველოდები სასაფლაოზე, რათა აღვსდგე მისგან, აღვსდგე მასში! მაინც ვერ ამოთქვამ მთავარ სათქმელს. იმ წყეულ სიტყვას ვერ უპოვნი საკუთარ სულში ცარიელ კედელს, რომ ამ სამყაროს აგონია დამტვრეულ ძვლებით ზედ მიაჭედო და გათავისუფლდე ყოფნისგან და არყოფნისგან და სადღაც ამის მიღმა გახვიდე!
ნელი მინდორია. როცა სისხლი გდის, ადვილია ცეცხლად ანთება. გენიის შანთით ამოკაწრეს თეთრი ხატება ადამისა ჩემს ბეჭებზე და უნდა ვზიდო მე ეს ჯვარი დახრილი მხრებით სადამდის შევძლებ. ჩემი თვალები ახლა ჰხედვენ მხოლოდ მშვენიერსა და ამაღლებულს. თოვს იისფერად. ქარვისფერ ზეცას ჯერ არ უგრძვნია ასეთი თოვა! ჯერ მიმწუხრია და არ აპირებს ჯერ გათენებას. გაზაფხულია მაინც სულში! და გათენება! მე მოვიტოვე უკან შემოდგომის ფოთლად დაწვენა და გაუსაძლისი სიცხეები გიჟი ზაფხულის. და ვდგავარ ახლა აყვავებულ ატმის ხესთან. აღარ ვარ თითქო არც ის ტალღა. არც კაცი. არც ქვა. არც თიხა. ვერც პირამიდებს ვხედავ და ვერც ღრუბელთა ცაზე გახსნას... ახლა ყოველი შეიცვალა... გადასხვაფერდა... და მაოცებს მე ჩემი ყოველი ამოსუნთქვა... რხევა ყოველი საკუთარ ნაკვთის. რომ ცოცხალი ვარ განა სასწაული არაა თავად?! რომ ვარ მე - მე, სხვა პრიზმიდან. ბალახთა რხევაში მესმის შემოქმედის ნელი რუდუნი. ის ჰგავს ბგერებით ბგერის შეცვლას. ანდა ჩასუნთქვით ამოსუნთქვის გაადვილებას. მე არ მოვმკვდარვარ. ფერი ვიცვალე. ფერი სრულყოფილ ნიშანთა კვდომის. სრულყოფილება არის სიმაღლე. განცდის და სიბრძნის დრო მოვა როდის?! ჰე, როდის, როდის?! მსოფლიო ჩემო, რად არ გაოცებს პატარა ბავშვის სითამამე?! 
და დგას კარებთან მზე-ცნობიერი. და ელოდება თავის წამს. მანამ კი იგი, ისევ ისე დგას ატმის ხესთან. სადღაც, ორ მთას შუა მოქცეულ გაშლილ პურის ყანაში გადადის კადრი წამის წამად. და იგი, როგორც უსაზღვრო სული საზღვრულ ჭაში იმზირება და სჭვრეტს რა ქვეყნიერების და აქ სიცოცხლის სასრულობას, უსასრულოს წინაშე ფეხის მაღალ წვერებზე დგება.
ნუთუ გადარჩა?! ვამბობ საკუთარ თავში და ახლო მივდივარ მასთან, რომ გავამართლო ჩემი ეჭვი. მეც იმ ჭასთან ვარ. მასთან და მასში. და ერთად ვუცქერთ ამ ჭის სიღრმეს... არ მჯერა... როგორ?! ისიც აქ მოვიდა... მაგრამ როგორ?! ჩვენ ხომ სხვადასხვა გზებზე ვიარეთ. ფიქრი ყოველთვის ცვლის სხვა ფიქრებს. მე არ ვარ იგი, ვინც ვიყავი, დიდი ხნის წინ და დიდი ხნის შემდეგ. სივრცე და დრო რადგან არ არის ახლა... 
ოდეს სიკვდლი განქარდება?! ხომ არ ჰგავს სიკვდილი იმ ერთ ჩასუნთქვას, ამოსუნთქვას რომ დაივიწყებ... როცა ეშვები წყალში, მაშინ უთუოდ იკავებ სუნთქვას, რადგან არ გინდა რომ გადაგცდეს წვეთი წყალიც.. ანუ გამოდის ზომიერი ხარ... და იქნებ სწორედ, ის ვერ ამოსუნთქვა არის უსაზღვრო თავისუფლება, რადგან ზომიერება დედაა მისი და ყველგან სუფევს, როგორც ღმერთი! მხოლოდ სიგიჟეს არ აქვს ზღვარი... იგი მიღმაა სიკვდილ-სიცოცხლის... 
ახლა ვგრძნობ ტალღას... და მე მივიღე ეს დარტყმა საკუთარ თავზე და გახელილ თვალებში საკუთარ სიკვდილს ჩავხედე და იქ მხოლოდ უსაზღვრო შიში დავინახე სიცოცხლის მიმართ... მე ვნახე მისი შეშლილი თვალები და მაინც სიგიჟისაგან ტვინშერყეულმა მოულოდნელად დავიკივლე!მერე მზემც დააღო დარაბები და ჰაერში გადაადნო ყოველი კრთომა, რასაც კი სითეთრე ერქვა... მხოლოდ მე. მხოლოდ მე ვერ მომაცვლევინა ფეხი იმ ადგილიდან, სადაც ვიდექი... და როცა ტალღამ დამარტყა ვიგრძენ, რომ აპოკალიპსის თეთრმა მერანმა დაიკივლა, ცა გადახსნა და უკანმოუხედავად გადაეშვა მასში. და მერე ესქატოლოგიის ლურჯი ანგელოზები ნელი შრიალით აენთნენ ფრთებში!
და ჩემი სულის ყველა სიგიჟე ცად ამაღლდა და სამრეკლოების ზარების ხმაზე ლოცვებად წამოვიდა! მერე კლოუნმაც იკივლა და მოხსნილი ნიღაბი შორს, შორს სივრცეებში გადააგდო და დაამტვრია. 
თეთრი ხელებით თოვლის ფერში მე უკვდავება მომეჩვენა. ეს იყო წმიდათა წმიდა წამის ესქატის. ყველა მიზეზი პირველმიზეზის. და მე ვიხილე სასწაული.
სულის კივილი ზეშთაგონების მწველი ცეცხლის ალად მომედო. სისხლისფერ მზეში გენიის მახვილი მარჯვენა ხელით ავამზეურე და ეს კივილი მომაკვდავ გედის სიმღერად გარდავსახე. სიმღერით მოვკვდი მეათასედ და ამ სიკვდილში კვლავ ზეკაცად დავიბადე!
კომენტარები (0)