0

შეწყვეტილი სიმღერა


ის ჩადიოდა კიბეებზე. 
და ნაბიჯები თითოდ და თითოდ
უერთებოდნენ უსაზღვრო სივრცეს. 
და ლურჯი თვალი მარადისობის
თავს იტყუებდა,
რომ ასეთ სიღრმეს გადასწვდებოდა.

მე კიბეებზე ავდიოდი, რომელიღაც ძველი შენობის, რომელიღაც სართულზე და უნდა მენახა ქალი, რომელსაც ჩემთვის უნდა მოეცა რაღაც ახსნა-განმარტება, რაღაც უაზრო და ბიუროკრატიულ სამსახურში რა როგორ უნდა გამეკეთებინა. ო, როგორ მძულს ეს ფორმალობებლი. სპონტანურად ვცხოვრობ! „ხვალემ იზრუნოს ხვალისა.“ მაგრამ მიზანი ერთი მაქვს საბოლოო!ყოველი წამი მაინც მაახლოვებს იდუმალ სიკვდილს. მინდა შევიცნო შეუცნობელი!
ყოველი ახალი დღე ახალი გამოღვიძებაა ჩემი სამყაროში. ხოლო ახალი გამოღვიძება ახალი სიცოცხლე. ერთსა და იმავე ადგილას დიდ ხანს ვერ ვჩერდები! და ასე მგონია სამსახურიც საკუთარი არსებობის მორალური გამართლების მცდელობაა და სხვა არაფერი. არადა ჩვენს არსებობას ისიც მშვენივრად ამართლებს, მზეს რომ ხედავს ყოველ დღე თვალი...
ნელა ავდივარ კიბეებზე, სვენებ-სვენებით. (დროს თუ ვწელავ?!) საცაა უნდა შევხვდე დირექტორს. არ ვფიქრობ, რას ვეტყვი. ის რას მეტყვის. როგორი იქნება ეს შეხვედრა. გამოვიყურები თუ არა სასიამოვნოდ და ასე შემდეგ! 
მერანდენე სართულია რაც მოვდივარ?! აღარ გათავდება ეს კიბეები?! ოჰ, არა, ახლა რა დროს ლიფტია! მძულს ეს რკინის ყუთი, საპატიმროა თითქოს. თან მაინც არ მუშაობს. ძველი შენობაა ხავსმოდებული. ერთი სული მაქვს გარეთ როდის გავალ. და უეცარი კისკისი მესმის ბავშვის და თან სიმღერა. ვაყურადებ: გოგოა. კიბის მოსახვევში დატანებულ სარკმელში ვხედავ ჩემი ქალაქის ჟანგმოკიდებულ სახურავებზე როგორ გადმოდის მზე ფეხებით. იგი გადმოდის თითქო ფრთხილად. არ უნდა ვინმე გააღვიძოსო. მაგრამ მე ვერ ვგძნობ მზის არსებობას. მხოლოდ ვხედავ მას.და მე უკვე მძულს სამსახური, რომელიც ჯერ არც კი დამიწყია, რადგან მან უკვე შენობაში გამომამწვდია! სულ მეშინია ბუნების და მშვენიერების აღქმა არ დავკარგო! რაჯობია ამ სიმღერას! ბავშვი კიბეებს უახლვდება. ზურგზე ჩანთა უკეთია. ჩამორბის თან შეუჩერებლივ მღერის რაღაცას. მაგრამ ეს რაღაც ქართულია. ამ ეპოქაში  თან ქართული! საკვირელია! საოცარია! საცაა ახლა მე ავუხვევ კიბის ასასვლელში და ისიც ჩამოუხვევს. გუმანით ვგრძნობ გოგონას მოახლოებას. რა კრიალა ხმა აქვს. რა ხალასი! ბედნიერია!და მე უკვე ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემთვის და მხოლოდ ჩემთვის ამოდის ეს მზე, რომელიც სწრაფად დარბის ჩემი ქალაქის ჟანგმოკიდებულ სახურავიდან სახურავებზე. და თუ ეს პატარა მომღერალია თთონ მზე იგი?! ხომ შეიძლება ასეც იყოს?! ხომ შეიძლება?!
„გამარჯობა”_ ამბობს. ვხედავ პატარა მოცუცქნულ გოგონას. წითელთმიანს, ჭორფლიანს. სუფთად და სადად ჩაცმულს. ზურგჩანთა სჩანს, არ ამძიმებს. დგას გამართული. დოინჯშემოყრილი და ბავშვურის პათოსით მეუბნება გამარჯობას. მოულოდნელბისგან უაზრო სიცილი მივარდება. გამარჯობითვე ვპასუხობ, თან ისტერიულად მიხარია რაღაც. არ ვიცი რა! არადა, დაცდილი მაქვს, ბავშვებს არ უყვართ, როგორც უფროსი_ უმცროსს რომ ექცევი! ჰოდა, კრავს წარბებს ახლა გოგონა, რომელიც დგას ჩემს წინაშე და რომელმაც სიმღერა შეწყვიტა იმიტომ, რომ მოსახვევში შევხვდი და ბავშვური ზრდილობითა და მოწიწებით მომესალმა. მე კი...სიცილს ვერ ვიკავებ. ვგრძნობ, რომ შეიძლება გაბრაზდეს იგი! მერე სკოლაში უხასიათოდ მივიდეს და გაკვეთილი, რომელიც დედამ ასწავლა გუშინ, რის ვაი-ვაგლახით დასვა იქნებ სამეცადინო მაგიდასთან, რადგან გოგონას მეგობრები ელოდნენ ქუჩაში. ო, მის თვალებში იკითხება, რომ მას წიგნზე მეტად გართობა უყვარს...და გოგონამ შესაძლოა სულაც არ მოჰყვეს დღეს არაფერი და არ მიიღოს კარგი ნიშანი. არადა იცის გაკვეთილი. წელგამართული მიდის სკოლისაკენ. თან მიიმღერის. აქ ვიგრძენი შეფასების სისტემის უაზრობა და უადგილობა მე სკოლებში. და ეს აზრი ძალისძალათ ჩავაკვეტე ამ ნოველლაში.
უეცრად იგი ადგილს მოსწყდა და კიბეებზე დაეშვა ძლიერ გაბრაზებული. შევამჩნიე. ადგილზე ვდგავარ და გაშეშებული ვუცქერ. ოღონდ ახლა არ იტიროს. ოღონდ არა! რა სულელი ვარ, რას ვიცინოდი საერთოდ! ო, მას ჰგონია რომ მას დავცინე, მის გარეგნობას! არადა ის ხომ ასე საყვარელია და მართლაც... მართლაც რომ სასაცილო... მოცუცქნული... თან პატარა... სერიოზულ სახით... და მაინც რა შორს დგას სიტყვა "დაცინვა" სიტყვისგან "სიცილი..." წამით ჩერდება რომელიღაც საფხურზე და ვფიქრობ მე_ ვაითუ, ეწყინა და ატირდა! ახლა მივალ. ბოდიშს მოვუხდი და ვეტყვი, რომ ძალიან ლამაზია და ძალიან კარგად მღერის... პატიებას ვთხოვ, თანაც, როგორც დიდი_დიდს და არა, როგორც დიდი_პატარას! და უეცარი აჩქარებული ფეხის ხმა კიბეებზე. გოგონა ბოლო საფეხურებზე ნელა და დინჯად ამოდის. სურს, თავდაჭერილი ვარო, მომაჩვენოს. მეც ვიჯერებ, სხვა რა გზაა!გულამომჯდარია. აღელვებული. პირდაპირ ჩემკენ მოდის, ისე თითქო არც არაფერი მომხდარიყოს წეღან. ეს მე მახარებს, ანუ აღარ ვარ დამნაშავე და მისი წმინდა თვალები არ გამასამართლებენ მომხდარის გამო! ენაზე გულწრფელია მაინც თვალი.
ბავშვებს უყვართ მოულოდნელი გარდაქმნა დროის მოკლე მონაკვეთში. და ის ისევ დოინჯით დგება ჩემს წინაშე და თვალებში ახლა უკვე მკაცრად მიყურებს. მე დამნაშავსავით მზერას ვანაწილებ გაცრეცილ კიბის საფხურებზე და შეყვითლებულ კედლების ზედაპირზე. წამიც და ის ორივე ხელს შეაერთებს. მერე ამ ხელებს ცხვირთან მიიტანს და გასაგებია სიტუაცია. მემანჭება. ათასნაირად იგრიხება. თან ენას მიყოფს. ეს წითელთმიანი და ჭორფლებიანი პატარა არსება. ფეხებზე ყვითელი "ბათინკები" აცვია და ფერადი წინდები. პერაგნის საყელო მოუჩანს სტაფილოსფერ სვიტერიდან. წამით ვენთები და ვბრაზდები. ერთი ამ თმებში ჩამავლებინა ხელი, როგორც ამას ბავშვობაში ბაღში ვაკეთებდი! მერე ნახავს დამანჭვა როგორ უნდა! მერე მეცინება საკუთარ თავზე... (ხომ არ გადავვარდი მეც ბავშვობაში?!) ამ დროს სინათლე ქრება კორპუსში. ლიფტი ხომ ისედაც არ მუშაობდა. ვხედავ კიბეები ჩაბნელებულია. ზემოთ რამდენიმე სართული დამრჩა ასასვლელი კიდევ?! უეცრად შიში გამიკრთა გონებაში. კიბეები და სიბნელე. ამ დროს ეს ცელქი არსებაც მოსწყდა ადგილს და დაეშვა ქვემოთ... ახლაღა მივხვდი, რომ იქნებ მასსაც, იქნებ ბავშვსაც ეშინოდა... გვიანია უკვე!
ვხედავ და ვუცქერ პატარა სარკმლიდან, როგორ გავიდა შენობიდან. გზა გადაჭრა ჩვეული სიდინჯით, როცა მანქანების ნაკადი შეჩერდა... მერე ჩანთიდან რაღაც ხილი ამოიღო, ალბათ ვაშლი თუ იქნებოდა, ჩაკბიჩა და გზა განაგრძნო სკოლისკენ...
ნეტა, თუ გააგრძელებს დღეს იმ შეწყვეტილ სიმღერას?! თუ გააგრძელებს, ან თავიდან თუ იმღერებს სხვას, მხოლოდ ქართულს! მხოლოდ ქართულ სიმღერას თუ იმღერებს გოგონა, რომელიც შემხვდა ჩემი ცხოვრების მაღალ და ჩაბნელებულ კიბეებზე!
ვწყდები სარკმელს. მგონი, შეხვედრაზე დავიგვიანე! ჯანდაბას სამსახური, მხოლოდ ისევ იმღეროს ბავშვმა! მაღლა ავდივარ. ერთი საფეხური. მეორე. მესამე და სრული სიბნელე კიბეებზე. სრული სბნელე! არადა რა შორია ჯერ კიდევ შეხვედრის ადგილამდე?! ვგრძნობ, რომ საცაა შიში დამძლევს! სხვა რა გზაა, ისევ ნაცად ხერხს უნდა მივმართო და როგორც ეს ბავშვებს სჩვევიათ ხოლმე, მე ყვირილს ვიწყებ და ისე ვაგრძელებ სვლას სიბნელეში...
სამსახურში, რათქმაუნდა აღარ მიმიღეს. მაგრამ იმდღეს მე მთელი არსებით ვიგრძენი მზე, რომელიც დააბიჯებდა ჩემი ქალაქის ჟანგმოკიდებულ სახურავებზე... და ამისათვის მადლობა ნაცნობ-უცნობ წითელმიან გოგონას.
და კიდევ, მინდა იცოდეს მან, რომ თუ ოდესმე ამ ნაწერს ნახავს, ვუბოდიშებ შეწყვეტილი სიმღერის გამო...
კომენტარები (0)