0

მამის დაბადება


შუადღის მზეში ზღვარგადასული მწუხარება და პროცესსია. მოთქმა. გოდება. ტირილი. ტირილი!
პატარა ბავშვი მიჰყვება მზეზე მოლაპლაპე, ყვავილებითა და თეთრი სუდარით შემკულ შავ კატაფალკას. ახლობელნი თვალს აყოლებენ. სჩივიან. სწუხან. ჩურჩულებენ!

_საბრალო!

_საბრალო!

_უმამო!

_უპატრონო!

_ვინ აჭმევს პურს!

_!!!

ბავშვი მიჰყვება კატაფალკას. სევდიანი. წარბებშეკრული. მაგრამ არ იცის ახლა რატომაა ასე, თუ გუშინ მხიარული იყო?! და დედა. დედა. დედა! მუდამ ხალისიანი და პირმოცინარი. ახლა შავებში. თავდახრილი და მგლოვიარე! ბავშვში შემოდის "არყოფნის" შიში. თან, „ადამიანად ყოფნის” აუტანლობა და სიმართლე. მკაცრი და ულმობელი!
დედა ცდილობს ხელი მაგრად ჩასჭიდოს შვილს. ბიჭი წინ მიიწევს. სურს ერთხელ კიდევ ჩაჰხედოს მამას დახუჭულ თვალებში. სურს, ერთხელ კიდევ!.. ვიღაცა გოგო კატაფალკიდან ყვავილებს ყრის გზადაგზა. ოქროსფერი თმა აქვს. გაშლილი. ნაზი და გრძელი ხელები. თვალებში მზე ჩასდგომია. მზე. მზე! „რა ლამაზი ყვავილებია. რა ლამაზი გოგო!“ ფიქრობს ბიჭი. მაგრამ მაინც... ყელი სტკივა, ისე აწვება ახლა ცრემლი! სურს, რომ იტიროს. სურს მამას უხმოს. გამოაღვიძოს. არ შეუძლია. არ შეუძლია! „დედა, დედა“ ეკითხება ახლა ქალს, „მე ხომ ვუყვარვარ მამას და ძალიან რომ ვთხოვო, მაინც არ გაახელს ახლა თვალებს?!“ დედა დუმილია. თითქო მარმარილო ვენერა მილოსელისა, რომელსაც მოჰკვეთეს უკვე ხელი. თითები უკანკალებს. გრძნობს, რომ ეშვება. მოთენთილია. მიბნედილი... სევდანასვამი თვალებიდან მხოლოდ ტკივილი და მწუხარება გამოჰკრთიან. და თანაგრძნობა… მაგრამ ეს ბავშვი… დედაში ვერ გრძნობს იმ ნუგეშსა და სიყვარულს, რომელსაც ხედავს მის წინ მიმავალ კატაფალკაში მჯდარ გოგონაში. ის კი… ოქროსფერთმიანი. 
ისევ და ისევ მიწაზე ყრის ახლა ყვავილებს…

„რა ლამაზი ყვავილებია. რა ლამაზი გოგო!..“

და მკვდარ მამაში, ბავშვის სახით, ახალი „მამა“ იბადება!
კომენტარები (0)