0

ყოვლადწმინდა შეგრძნებები


Oh, ces sensations!

მორის მეტერლინკს, წმინდა პოეტს, როგორც ნიშანი სიყვარულს!

ეპიგრაფი:

ათასი ბინა და მაინც არსად სახლი, რომ თავი მოვიდრიკო, რაბუნი, რაბი! გამიღე კარი! საუკუნეა შენი გულის კართან ვდგავარ და ვრეკ, ეგების გამიღო! 


***

არსებობს განსაკუთრებული სახის მიმართებები, როგორც ჩვენი ცხოვრების თანმდევი ყოვლადწმინდა შეგრძნებები:
სუნის, ხმის, გემოს, შეხების, განწყობის, მოგონების, ოცნების, ფიქრის, პეიზაჟის, - ისინი არასოდეს მიგვატოვებენ!
მაგალითად : წვიმის წვეთების წკაპაწკუპი სახლის სახურავზე; ქარის ხმა გვიან ღამით, როცა წევხარ; და ზამთრის ჩუმი, მარადი სევდა; უსაშველო თოვლის სითეთრეში ჩაკარგული ნაბიჯები; ძველი, ხის ფანჯრის რაფა და ზედ შემოდგმული ქოთნის ლამაზი ყვავილები; უნებლიედ მოფრენილი მტრედი სარკმელთან;
ფილაქნებზე ქუსლებიანი ფეხსაცმლით გავლა; ან კიბეებზე ჩქარა ასვლის ხმა; ხის იატაკის ნელი ჭრიალი; ნაცნობი თვალების შემოხედვა და ნაღვლიანი გაღიმება; ნაცნობი ხელი, რომელიც ნელინელ ბერდება შენი ხელის წილ; ნაცნობი ხმა, რომელიც სმენას შორიდანაც ისე სწვდება, თითქო ახლოს იყოს ადამიანი; მეგობრის ცხელი კოცნა, ან გულამოსკვნილი ჩახუტება; დედის ანფასი, როცა ჩუმად თავისთვის ფიქრობს, ან აწესრიგებს ხელებით ნივთებს; მამის ხველა, მძიმე, დაძაბული; უმცროსი ძმის თვალები, თვალები!; არარსებული დის კაბა, ყვავილებიანი კაბა, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ შენ უყიდდი; შეყვარებულის მუხლები, სადღაც ბავშვობაში რომ გადაყვლეფილან და ოდნავ შესამჩნევად გარჩენია მუხლისთავზე ის იარა ყმაწვილქალობისა... იმ იარაზე ფრთხილი კოცნა!; შენი შვილი, სისხლით შვილი, ტალახში შენთან ერთად ამოსვრილი, და ცოლის უშფოთველი ღიმილი, როცა ორივეს ასე სასაცილოებს გხედავთ(ესეც არარსებული!);
სახლისკენ მიმავალ გზაზე ნაცნობ ხესთან ჩავლა;
სრულიად უცნობი კაცის ბოლო ნაფაზი; ქუჩის ტროტუარზე ჩამომჯდარი ყვავილების გამყიდველი ქალი; გამოწვდილი ხელი, რომელიც პეშვ სიყვარულს ითხოვს...
არსებობენ ნივთები, რომლებიც ძალიან პირადია...
ბაღში პირველად ჩაცმული ჩოხა, რომელიც ბებომ შეგიკერა ზეიმისთვის და პირველ კლასში, ექსკურსიაზე ნაყიდი, აწ გაცვეთილი სამაჯური... ან ფეხსაცმელი, ორ სეზონს რომ თავისუფლად გატარებდა, ანდა რვეული, ისტორიის, ან ქართულისა, სადაც მასწავლებელი გიწერს, რომ ძალიან, ძალიან უყვარხარ და ეიმედები!
მეგობრის წითელი ქურთუკი და სკოლისაკენ სავალი, ნაცნობი გზა, ერთხელაც რომ გადაუხვიეთ, და მას შემდეგ, ერთად აღარასოდეს გივლიათ ფეხით...
ბავშვობა, როგორც გაუსროლელი ტყვია, რომელიც აქამდე შემოინახე, შენი თავი რომ მოგეკლა, მაგრამ ვერ შეძელი... და ახლა დგახარ ბავშვობის კედელზე ზურგით მიყრდნობილი, თუმცა სროლას რა აზრი აქვს...  ისედაც კვდები!
და ფიქრი, ფიქრი, რომელიც ხორციელად გტკივა...
ინატრებდე, სიკვდილი რომ  მოვა შენთან, ფეხზე ამდგარი შეეგებო! 
ეს ერთადერთი ღირსეული ნაბიჯი იქნებოდა!
იმიტომ, რომ ბაბუამ ეს ვერ შეძლო და ხელში ჩაგაკვდა...
მეორე ბაბუაც ლოგინზე მწოლაირე შეხვდა სიკვდილს...
ბაბუას დაც, რომელმაც მაჯის საათი დაგიტოვა...
და ბიძა, გამზრდელი ბიძა, მის ვენებში ვერგადასხმული სისხლის კივილი და ისიც, ისიც მწოლიარე, ღმერთო, რატომ ეს სასმისი?!
შენი გზა სამშობლოდან შორს და მერე ისევ სამშობლოში. ათასი ბინა და მაინც არსად სახლი, რომ თავი მოვიდრიკო, რაბუნი, რაბი! გამიღე კარი! საუკუნეა შენი გულის კართან ვდგავარ და ვრეკ, ეგების გამიღო!
და ბოლოს მაინც შენი დაღლილი სახლი, სახლი, რომელშიაც არასოდეს შემოსულა პალესტინის მტვრიანი ქუჩებიდან დაბრუნებული მაცხოვარი... შენი ეზოს ჭა, რომლიდანაც პეშვებით შეასმევდი წყალს მაცხოვარს, თუკი ის გთხოვდა...
მაგრამ მარტოობა - მარადიული შენი თანამგზავრი და გული, შენი, წმინდა პოეტის, შეურყვნელი რომ დარჩა, მიუხედავად მილიარდი ტკივილების!..

იმღერე, სანამ ფეხზე დგახარ!
ჯვარზე აღმდგარი გული გქონდეს წმინდა პოეტის.
ოდეს ლურჯ ფერში მიიძინო, 
გაკოცო ლოცვა -
გაგაოცებდეს ალიონთან 
იების ღელვა
და ანგელოზი აგაფარებს 
საკუთარ ნიღაბს.
ხელში ჩამკვდარი ღმერთი 
ჯვარზე აგიყვავილდეს!
კომენტარები (0)