0

ესქატოლოგიური ხე


ჩემი დარგული ხეაო, - ბაბუამ მითხრა ადრე, ადრე ჩვენს ეზოში ერთხელ...
მერე იგი მე და ბებიამ მოვჭერით შარშანწინ. 
ცივი ზამთარი იდგა და...
წელს, ზაფხულში ზუსტად იმ ხის კუძზე ჩამოვჯექი და ვიგრძენი, რომ იმ ხეს აუცილებლად ეტკინა რაღაც.
ასეა. ზოგჯერ მცენარეც კი შემოგეწირება, თავს გაიღებს შენთვის. 
ო, ულმობელო დინებავ დროის! 
წარსული, აწმყო და მომავალი რადგან ასე გახლეჩილია ერთმანეთისგან, ამიტომ რგავდა ხეს ბაბუა და მე ვიჯექი მერე კუნძზე. ჩვენ ავცდით დროში, რომელიც არ დგას და მიედინება, მიედინება, მიედინება...დროის ეს მისტერია ნეტარმა ავგუსტინემ საოცრად გადმოგვცა თავის "აღსარებანში".
და მეც მინდა, რომ იგრძნოთ ეს პარადოქსი, რომელიც არის აგრეთვე - ცვალებადობა.
მაგრამ ესქატაში, ქვეყნიერების დასასრულს, როცა ყოველი ქმნილი წარმოჩინდება,
როცა ისტორია არ იქნება მხოლოს ლოგიკური დასასრული დროის, არც ფაქტებისა და მოვლენების ლოგიკური ჯაჭვი, მაშინ გაიხსნება ეს საიდუმლოც, - რაში რა იგულისხმა შემოქმედმა?!
და მაინც, რატომ ვიგრძენი მე, რომ ეტკინა ხეს?!
იმიტომ, რომ ის არ შექმნილა მხოლოდ მოსაჭრელად.
რაღაც კიდევ სხვა იგულისხმა ღმერთმა მასში, როცა ქმნიდა, როგორც მცენარეს.
აქვე ერთი მაგალითი:
როცა ნოეს უფალი აკურთხებს, რომ შეჭამოს ცხოველებიც, წარღვნის შემდეგ, აკურთხებს, ისევ მისი და მთელი კაცობრიობის საკეთილდღეოდ, რადგან სამყარო, პოსტკატაკლიზმურ პერიოდში შეიცვალა და დაკარგა უწინდელი მდგომარეობა. სწორედ აქაა საიდუმლო. საზოგადოდ, გონიერი ადამიანი იფიქრებს, როგორ წვავს ქრისტე თევზს მოციქულებისთვის, როცა ისინი ნავით ზღვაზე არიან?! 
თუ ღმერთია, არ ებრალება ცოცხალი არსება?! და სხვათა შორის, ის დურგალი იყო და ამრიგად, ხესაც ხომ იყენებდა როგორც ინსტრუმენტს ადამიანური შემოქმედებისთვის?! დააკვირდით ამ პასსაჟებს.
აი, საცდური ქრისტიანობის. და ის გონიერ ადამიანს ეჩვენება საშინელებად, მით უმეტეს, თუ ის, სიტყვაზე ბუდისტია. რას ერჩის ცოცხალ არსებებს?!
მაგრამ, ო, მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ ღვთის განგება და დაშვება იშლება დროსა და სივრცეში. რადგან თავად შესაქმე და ყოველი ქმნილი დროშია ქმნილი და სხვაგვარად უბრალოდ ვერ მოხდებოდა. ხოლო დრო დანაწევრებულია და უნდა მოხდეს საღვთო ნების დაშვება მასში ეტაპებად. აი, როგორც ბავშვს პირდაპირ არ ეტყვი, რომ ღმერთი სამყაროზე დიდია და მის მიღმაა არსობრივად, თუმცა ენერგიებით შემოდის სამყაროში. მაგრამ შეგიძლია უთხრა, რომ ცაშია... მერე გულში და ასე, ზრდი...
ადამის პირველკურთხევა რა იყო?! რომ მთავრობდეს ქვეყანასა ზედა. ანუ, ის უნდა გახდეს შემცნობელი მთელი კოსმოური რეალობის, შემოკრიბოს თავის თავში იგი, შეიყვაროს და მიართვას ღმერთს. უთხრას: აი, უფალო, მადლობა, რომ ასეთი კეთილი ხარ. რომ მომიძღვენი მე ეს უსასყიდლო საჩუქარი. მე კი ჩემი სახელი დავარქვი მათ. გავიცანი ყველა მათგანი და ახლა მინდა მოგიყვე მათზე. 
ევქარისტია არ არსებობს ამის გაუაზრებლად და იმის შეგნების გარეშე, რომ ყოველი ადამიანი, ზუსტად ისეთივე შემოქმედია, როგორც შენ. და თვით ყოვლის შემოქმედი კი ისაა, ვის წინაშეც ახლა დგახარ და შენ, მტვერსა და მიწას, ახლა საშუალება გაქვს იდგე მის პირისპირ და გიყვარდეს იგი!
თუმცა, დაცემულ ბუნებაში, რთულდება კიდევ უფრო მეტად საქმე და ამიტომ, სწორედაც მონაზვნობა, როგორც "დნმ" ეკლესიისა, როგორც ერთხელ ერთმა პროფესორმა გვითხრა ეს ლექციაზე, არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ და რატომ უნდა სუნთქავდეს ესქატოლოგიური სუნთქვით ადამიანი. ანუ მომავლის ხედვით, სასუფევლის წინასწარგანცდით და გარკვეულწილად იქმყოფობით.
მონაზონი, როცა ხორცს არ ჭამს, ის იაზრებს უკვე, რომ ეს ხორცი დროშია ხორცი, რომ ჩიტი, სინამდვილეში საჭმელად არ შექმნილა, მაგრამ ახლა, აქ, ამ მდგომარეობაში რახან ჩავარდი, ის შემოგეწირა შენ და ამით ისიც ადასტურებს ღვთის განგებულებისადმი მორჩილებას. დახეთ, განა საოცარი არ არის ეს?! რატომ არ გიკვირთ?!
და ის, როცა ჩიტს არ ჭამს, ანუ უკვე მიაღწია სხვა მდგომარეობას, რომ ამას აკეთებს მხოლოდ იმიტომ, რომ ღვთის დაშვების მიღმა ხედავს მის პირველგანგებასაც.
და შენც, ნელ-ნელა გეხსნება საიდუმლო ხილული სამყაროსი. და, წარმოიდგინეთ სამება ღმერთის საიდუმლო რა იქნება?! როცა ხილული რეალობა ასე საინტერესოა და მრავალფერი.
აი, რატომ ამბობს მაქსიმე აღმსარებელი, რომ მთელი შესაქმე იქმნება ერთი, დაუსრულებელი ეკლესიისთვის!
მაგრამ პავლე მოციქულის თანახმად, ჩვენ არც ჭამას, არც უჭმელობას არ უნდა ვაყვედრიდეთ ერთმანეთს, რადგან უნიკალურია ყოველი ადამიანის გზა. ჩვენ ხომ არ ვიცით ღმერთის ვის რას გამოუჩენს და - როდის. არ ვიცით, ვის რა ნიჭი აქვს და როდის რა შეუძლია გააკეთოს სინამდვილეში.
და მე კი მამცნო ჩემმა უფალმა, რომ ხე, რომელიც იქ ოდესმე დარგო ბაბუამ, მერე მე და ბებიამ მოვჭერით და ახლა მის კუნძზე ვზივარ ფეხმორთხმული, არ არის ხე მხოლოდ, არამედ საიდუმლო რომელიც თავის თავში ფარავს დროის პარადოქსს, იკონომიას(დაშვებასა) და განგებულებას.
და შემიყვარდა მეც ეს ესქატოლოგიური ხე - როგორც სიყვარულის ისნტრუმენტი.
კომენტარები (0)