გამარჯობა მამა!


  შენ წახვედი და მე საკუთარი ოცნების სასაფლაოზე დავიკარგე. იმ ოცნებების, ერთად რომ ვაგროვებდით გზა და გზა, ნაწილ - ნაწილ. გარეთ ოქტომბერია, სუსხიანი, პირქუში და უღონო. იცი, ზოგჯერ მგონია, რომ ოქტომბერიც ჩემსავით დაატარებს სულში ღრმად ჩამძვრალ თავის წილ მოურჩენელ ტკივილებს. ამ ტკივილებს ძლიერ გაუდგამს სხეულში ფესვები და მაიძულებს დავიჯერო უსუსურობის არსებობა.

  მამა, რაც შენ წახვედი ძველი ფოტოების ამოჩემებაც დავიწყე და ღამით, როცა ყველა იძინებს ამ ფოტოებს ვუყურებ და ვტირი. ვცდილობ გავიხსენო ამბები, რომლებიც მართლა მოხდა მე კი არ მახსოვს. ამბები, რომლებიც აღარასდროს გაცოცხლდებიან და უკვე გონების ფსკერზე ღრმად დაილექნენ.
                                                       
  პერიოდულად შენს საფლავზე ვიმიზეზებ წასვლას. ალბათ სულ მცირე სამჯერ დღეში. მერე ვდგები და ხეებზე შერჩენილ ფოთლებს ვითვლი იმ იმედით, რომ ასე იმ შიშს გავექცევი, უშენობა რომ ჰქვია. თუმცა უშედეგოდ. ისეთი მომენტებიც მაქვს, როცა საკუთარი თავისთვის მიწევს იმის შეხსენება, რომ ღიმილიც არსებობს და მაშინ, როდესაც ვიღიმი ღიმილის კუთხეში პატარა ღრმულები მიჩნდება. ღრმულები, რომლებზეც  მეუბნებოდი, გიხდებაო.

  ცივია უშენობით გამოწვეული ეს სიმარტოვე. სიმარტოვე, რომელსაც თან ახლავს ფიქრები შენზე. ბოლო დროს მამა, სადაც შენი სახელი მესმის, ძველი ფოტოები, სადაც შენს სახეს ვხედავ - ამ ამბებზე, ბავშვობის ამბებს ვაგროვებ და ყოველ ჯერზე, მეც მგონია, რომ ისევ ისეთი ხარ. ისევ ისეთი ცოცხალი, მამა. იქნებ ეს არის სიცოცხლე? - ბავშვობის მოგონებებში შექმნილი ანარეკლის დიდობაში ტკბობა და იმაზე ფიქრი, რომ ახლაც ყველაფერი ისევ ისე იქნებოდა, როგორც მაშინ, ბავშვობისას, შენ რომ არ მომკვდარიყავი ღამეული ცის ძირას.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი