ბაჩანა ჩაბრაძე - ფოტო

ბაჩანა ჩაბრაძე

მთარგმნელი, პოეტი

0 118

დარვიში მაჰმუდ - მამაჩემი


მან მთვარე უგულებელყო,
დაიხარა, რომ დედამიწას გადახვეოდა,
გამოიხმო
უწვიმო ცა,
და ამიკრძალა მოგზაურობა!

ელვამ ხეობა ააგიზგიზა.
მამაჩემი
იქ ქვებს ზრდიდა
ძველი დროიდან... და ხეებს ქმნიდა.
ცვარი ჩქეფდა მისი კანიდან,
და ხელებით ტოტებს ფოთლავდა.
და მტირალმა ჰორიზონტმა იმღერა მაშინ:
გულადი იყო ოდისევსი
და სახლში ჰქონდა
პური, ღვინო, და საბნები
და ცხენები, და ფეხსაცმელები.
და მამაჩემმა მითხრა ერთხელ,
ქვაზე ლოცვისას:
უგულებელყავ მთვარე
და მოერიდე ზღვის ტალღებს... და მოგზაურობას!

იმ დღეს, როდესაც უფალი ყმას ამათრახებდა,
ვთქვი: ო, ხალხო! მკრეხელობის დრო დადგა ნუთუ?
დაიკაპიწა მამაჩემმა მაშინ მაჯები... და ეს მომითხრო:
როცა იობი
ჭირვარამთან მუსაიფობდა,
ჭიებისა და... ცათა შემქმნელს განადიდებდა!
ეს სასჯელი მე მომივლინეს
და არა მკვდრებს ან სულაც სხვა კერპებს.
მაშ სასჯელები და ტკივილი გვერდზე გადადე,
და შეცდომების სინანულში შემომეშველე!

ვარსკვლავი ჩაქრა ჰორიზონტზე,
მოწყვეტ-მოწყვეტით.
ჩემი პერანგი ლივლივებდა
ცეცხლსა და ქარში,
ჩემი თვალები იხსენებდნენ
სილის ნახატებს.
და მამაჩემმა ეს თქვა ერთ დღეს:
ვისაც სამშობლო არ აქვს, იმას
არც სამარხი აქვს
... და ამიკრძალა მოგზაურობა!

1966

თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე

(არაბულიდან ელიას სანბარის თარგმანის მიხედვით. კრებულიდან "ჩვენ დედამიწა გვევიწროება", გალიმარი 2000)

"ახალი საუნჯე" n°1 (31), იანვარი 2016
კომენტარები (0)