0 58

ვისა სჩვევია ამქვეყნად


ვისა სჩვევია ამქვეყნად
ცხოვრება დანაბარადა?
ბევრი მტრობა და სიბილწე
დაგვყვების ანაბარადა...
განა მთაშია სიმშვიდე?
ან კი ომია ბარადა?!
ნუ სძრახავთ თქვენსა მამულსა,
ნუ იტყვით წარამარადა.
ეგ თვალსა თქვენსა მოჰკითხეთ
ჰხედავს სიამეს მცდარადა,
მადლი უთხარით გამჩენსა
ჭერი, რომ მოგვცა დარადა.
არროს არ დაიწუწუნო,
თუ მწირი მოვა კარადა,
გახსოვდეს დღესა რას გასცემ
დაგიბრუნდება ხვალადა...
ნუ იტყვი საგმობ სიტყვასა
თავს ნუ გაიხდი ავადა,
იშრომე, მიწა გიყვარდეს,
ხნავდე და სთესდე თავადა.
დოვლათით, შენის ჯაფითა
სავსე სულ გქონდეს კარადა...
ერთი სთქვა ისიც იკმაროს,
გიჯობს ლაპარაკს ავადა,
არ აჰყვე ისეთ ბიჭობას
ვინც ენას ხმარობს ხმალადა!
თუნდ დარჩე ალალ-ტიალი
შიშველი გარე ქვეყნადა,
სამშობლოს ისე დაბრუნდი,
როგორც ჩაცმული ძველადა.
დედის ნათქვამსა სიტყვასა 
ნუ შეუცვლიდე ცნებასა,
და ნურც აკლებდე პატივსა
მამის სურვილს და ნებასა.
ასეა ქვეყნის გუმანი,
წერილი ბრძენის ხელადა,
ყველა არ იტყვის შენზედა
კაი ყმას ლომსა ველადა...
გიჯობს უფალსა შეჰხარო
ამბობდე სიტყვებს ნელადა,
ღმერთო გვაკმარე ობლობა
კალთა გვაფარე მშველადა,
ღარიბსაც ვსჯერვართ ლუკმასა
ოღონდ გვამყოფე მრთელადა.
კომენტარები (0)