0

ტკივილგამაყუჩებელი


კალამს ვინღა ხმარობს, ვორდში ჩამიბეჭდავს
ყველა სტრიქონი და მასთან ვირითმები,
ხვალ რა შეიცვლება, ვინღა ჰკითხავს ბეჩავს,
დღეს შენ, ვინა ხარ და მასზეგ ვინ იქნები?!
ასე შესავალი, მშრალად დამიწყია
მერამდენედ ვიწყებ - სხვაგან აღმოვჩნდები,
ტყვიებს ვიგონებ და ვერსად ჩამიწყვია,
მიწას ვაწვალებ და ისევ აქვე ვრჩები.
სხვაგან არ წავიდე, სათქმელს თავს ვერ ვუჩენ
ასე ბუნებრივად, მოდის მოკრძალება
ყველას უკლებლივ და სათითაოდ ვურჩევ
გაგიხარდეს ღმერთის, შენში მობრძანება.
გაგიხარდეს შენში, გულის აჩუყება
მერე, შენში სულის აფორიაქება,
ცრემლებს მალვა უყვარს, ღიმილს გაჩუქება,
მალვას ძალა უნდა, ღიმილს კიდევ ნება.
მიდი გაიღიმე, გეტყვი კომპლიმენტად
მზე ხარ, არ იტირო კიდევ გაუძელი,
თუ დაგეხმარები, კიდევ უფრო მეტად,
არც ისე ძნელია, იქნებ არც კი ძნელი.
შენ ხარ ბედნიერი და სხვა ყველაფერი,
შენში ზედმეტია, შენვე მოიგონე,
რისთვის დაიბადე, შენზე არის ჯერი
მიხვდე, გაიაზრო, ახლა დროა ვგონებ.
ლექსი ვნებებია, ესეც გაივლის და
ისევ ადამიანს, ჩვენში დავინახავთ.
აგერ ნოემბერიც, უცებ გაივლისდა
დროც კი იღიმის და დამჭკნარ დარდებს მარხავს.
კომენტარები (0)