აბასთუმანში


მაისის თხუთმეტია, საათის ათი (ან 22:00)... 
გრილი (ან ცივი) და ხმაურიანი საღამოა.  
ზუსტად ჩემი აივნის წინ მდინარე ოცხე ჯიუტად მირიხინებს - არც მიწას, არც ქვებს, არც თევზებს, არც ჩვენ, ადამიანებს, არავის არაფრად გვაგდებს - ასე მირბის და მიისწრაფვის გეოგრაფიული თვითმკვლელობისკენ. 
და მე განვიცდი. 
ატმოსფერო ისეთი უმანკოა და სუფთა ჟანგბადით დატენილი, რომ ყოველი ჩასუნთქვისას საკუთარი ფილტვების (ან ბრონქების) ლოცვის ხმა ამომესმის. 
რაღა დამრჩენია, ვსუნთქავ. 
გამხდარი ხეები გამოცდილი ქურდებივით ატუზულან მდინარის უკან და ოხრავენ, არავინ იცის რაზე. მათ უკან ღამესთან შეზელილ-შერწყმული მუნჯი მთა მოსჩანს, რომელიც მთვრალივით დგას დედამიწაზე. 
ნუ შეაწუხებთ, ჩუმად! 
ვატყობ, მუსუსი მთა მხოლოდ კაშკაშა ვარსკვლავებს ეარშიყება, პირდაპირ, ურცხვად და თითქოს ბავშვურად. 
საათის თერთმეტი (ან 23:00)... 
მსუბუქი ღამეა, როგორც ალპებში - მადისაღმძვრელი, პოეტური, ვან გოგისფერი და თან ჯანმრთელი. სიბნელე კი კვლავ ვნებებს აღძრავს, ოღონდ, ამჯერად თბილს (ან ცხელს) და ფრთებიანს (არქეოპტერიქსის). 
აივანზე ვდგავარ, სხვათაშორის, უძრავად, უხმოდ, თბილად ჩაცმული. წვრილ თითებს  დახვეწილი დირიჟორივით ვათამაშებ ბრეზენტისმაგვარ ცაზე.  
არ ისმის მუსიკა. 
ჩემკენ მსუბუქად ჩაბნელებულ სივრცეს სახით ვეხები და ვცდილობ, ვიოცნებო, თუმცაღა ჯერ ვერ გადამიწყვეტია, რაზე. 
დარდისგან დაჟანგულ რკინის ცივ მოაჯირს ხელისგულებით ძმაკაცივით ვეყრდნობი და ვგრძნობ რაღაც ნამდვილს, არსებულს, და თანაც მაგარს. დიახ, ვგრძნობ სიცოცხლეს (რატომაც არა?). ვფიქრობ, არ ვცდები, რომ ვარსებობ - თავისთავად, ნამდვილად, ცხადად. 
ჰოო, მართლა, მე აქ ვარ, ამ წამს, სამოთხის სიზმარში, სადაც ერთ დროს ცხოვრობდა მოტყუებული ევა (ან ადამი). 
და მწამს, 
და ვნანობ, 
და ველი. 
საათის თორმეტი (ან 24:00, ან 00:00)... 
დროებაა რთული, მარტოობა კი მიმზიდველი. თუმცა ჩვენ ყველას გვინდა (ან გვჭირდება) ხანდახან ვინმე მახლობელი. 
წლები; თვეები; კვირები (ოღონდ, არა კვირა დღე); დღეები; საათები; წუთები;  
წამები: წიკ-წაკ, წიკ-წაკ! შუაღამე ვიცანი, მაგრამ გუგულის საათმა აღარ ჩამოჰკრა, უკვე მერამდენედ ჩემს ხანმოკლე სიცოცხლეში.  
და ბახ! - ვიღაცამ ვიღაცას რაღაც მოუყვა... 
ოცხე კი კიდევ დიდხანს არ აპირებს დანებებას. არაფრის დიდებით! იგი მიჰქრის, მიილტვის, თავდაუზოგავად, ისევე როგორც ჩემი რამდენიმე ლიტრი სისხლი ჩემსავე ჯანსაღ (ან დათრომბილ) სისხლძარღვებში.  
მდინარე არ ჩერდება. 
ბოლოს და ბოლოს ვიხელთე დრო და ჰაერს მსხალივით (ან სამოთხის ვაშლივით) ვკბეჩ. 
არის! ევრიკა! 
და ვხვდები, უფრო სწორად ზუსტად ამ წამს აღმოვაჩინე, რომ 
მე მჯერა! 
მე გადავრჩი! 
მე მიყვარს! 
უკვე მაისის თექვსმეტია, ღამის პირველი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი