მინიპოემა – კვირა


ღმერთმა ყველა დაგლოცოთ და ღმერთმა ყველა გაგახაროთ!
ნეტავ კარგი რა გიამბოთ, ნეტავ კარგი რა გახაროთ?!
იგავს გეტყვით პატარას და აქ დიდ ამბავს არ მოგიტანთ,
ვინც ბოლომდე წაიკითხავთ, დასკვნებს თავად გამოიტანთ;

ორშაბათმა დაიკვნესა, მომეცითო დროო მეტი,
ცოტა კიდევ დამიმატეთ, თუნდაც ერთი მეექვსედი,
არ მყოფნისო ოცდაოთხი, გეუბნებით მე ჩემს სათქმელს,
ჩამოიჭრას ვინმემ დრო და მოვასწრებო მრავალ საქმეს;

გაიბუსხა ყველა დღე და აიმრიზა მის წინ ხელად,
რატომ უნდა მოგცეთ ნეტავ, ჩვენც ვნატრობთო მეტ დროს ყველა;
მხოლოდ კვირა იდგა ჩუმად, არ წყრებოდა გული მისი,
ჩამოიჭრა თვითონ დრო და ოცი დარჩა თავად თვისი;

სამშაბათი ახმაურდა, მეც მინდაო დროო მეტი,
ორშაბათს თუ დრო არ ყოფნის, მეც ბევრი მაქვს გასაკეთი;
გადახედა კვირას ცერად, გახსენიო შენი უჯრა,
კვირამ თავი დაუკრა და მასაც ოთხი ჩამოუჭრა;

ასე მიყვა ოთხშაბათიც, ხუთშაბათიც, პარასკევიც,
ჩვენ რითა ვართ ნაკლებიო, არც ჩვენ ვართო სხვაზე ქვევით;
ჩვენც მოგვეცი იგივ დროო, აუმხედრდნენ ლამის კვირას,
ჩამოიჭრა მანაც ისევ და შემცირდა, როგორც ლირა;

ბოლოს შაბათს მოესურვა მეტი დრო და უთხრა კვირას :
მერიდება შენი, მაგრამ, რომ არ გითხრა, მომცემს ვინ რას?
განა მე რა დაგიშავე, ხომ ხედავ რომ ვიჩაგრები, 
მეც მომეცი ბარემ დრო, რომ დავაბრმავო ჩემი მტრები;

ჩაეღიმა კვირას მწარედ – არ მქონია თურმე ბედი,
ოთხი დამრჩა, ძმაო, სულ და აღარ მაქვსო დროო მეტი;
მაგრამ შენ თუ ასე გინდა, დამითმია, შენი იყოს, 
დაე გავქრე ელვასავით, დაე ყველამ დამივიწყოს;

ექვსი დარჩა სულ კვირაში დღე და ღამე დასათვლელი,
...და საათი ოცდარვაა თითო დღეში გასავლელი;
უხარიათ, ამაყობენ, თავებს გრძონებ კმაყოფილად,
კვირა სულაც აღარ ახსოვთ, ვითომ სულაც არ ყოფილა;

მაგრამ როცა შაბათს მოყვა ორშაბათი თადარიგით,
გაიბღინძა ორშაბათი, არ არისო ჩემი რიგი.
ჯერ კვირაა ჩემზე ადრე, მე დღე მაქვსო დასვენების,
ვერ წავალო წინააღმდეგ ჩემი გეგმის, ჩემი ნების;

დაავიწყდა ყველას უცებ, კვირა დღე რომ აღარ არის,
მათ ხარბ მადას შეეწირა, გაქრა როგორც ჩრდილი მთვარის; 
აღარც წირვა ტარდება და არც სანთლები აღარ იწვის,
აღდგომაც კი გაქრა უცებ, უფლის ნაცვლად ეშმა იღწვის;

დარდისა და სიმწრისაგან ტაძრებს ცრემლი დასდენიათ,
ამისთანა მკრეხელობა ჯერ აქამდე არ სმენიათ;
ნეტავ მაშინ რას ფიქრობდნენ ასეთ რამეს რომ ბედავდნენ,
ღმერთს თვალებში, სირცხვილისგან, ნეტავ როგორ ჩახედავდნენ?!

...და განრისხდა ღმერთი დიდი, ღმერთი ყოვლის შემოქმედი, 
მე შვიდი დღე შევქმენიო, არც ნაკლები და არც მეტი;
გავაუქმებ ყველა დღეს და დავტოვებო მარტო კვირას,
ჩემიაო ნება ქვეყნად, გამიბედავს ნეტა ვინ რას?

აირია ყველაფერი და უკუღმა დატრიალდა,
ყველა უცებ აიშალა, ყველა უცებ აწრიალდა;
გაახსენდა ღმერთი ყველას, ვინც გიჟი და შეშლილია;
"როცა რამეს დააშავებ, უფლის მაშინ გეშინია";

...და გააქრო ღმერთმა უცებ, ყველა დღე და ყველა ჟამი,
ერთი დარჩა მუდამ დღე და კვირა იყო ყველა წამი;
უფლის ურჩებს, ეგოისტებს არ დასცალდათ გახარება,
ვერ აჯობა უფლის ნებას სიხარბემ და ანგარებამ;

სამწუხაროდ, ვერვინ მიხვდა ერთ უბრალო, მარტივ რამეს:
ყველა ერთად არის კვირა, შვიდი დღე და შვიდი ღამე;
რაც მთლიანი შექმნა ღმერთმა, ნაწილებად არ იშლება;
თუკი ერთი რგოლი მოწყდა, მთელი ჯაჭვი დაიშლება;

აქ დასრულდა ეს ამბავი ექვსი ბრიყვი კვირის დღისა,
აქ დასრულდა ეს იგავიც ანგარება–სიხარბისა;
წუწკი, ხარბი და უზნეო, არა ზრუნავს სხვისთვის ვინაც,
თავად ითხრის სამარეს და ჯოჯოხეთში იდებს ბინას;

აქ მორალი მარტივია, არ მოგახვევთ რთულად აზრებს,
როცა ვინმეს რამეს ართმევ, ჯერ დაფიქრდი, გაიაზრე;
თუ ხარ მასზე უკეთესი, თუ სჯობიხარ ვინმეს რამით,
მეტს რომ ითხოვ, რას მოიგებ, ვის რას არგებ ნეტავ ამით?

ღმერთი ყველას იმდენს აძლევს, რაც ჩათვალა საკმარისად,
უფრო მეტი ვისაც უნდა, ვინც მიიღებს სხვისას თვისად;
არც არასდროს შეერგება, არც არასდროს ამაღლდება;
რაც ზედმეტი მიგიღია, ის ხომ ვინმე სხვას აკლდება?!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი