მინიპოემა – სიზმრად ვნახე მაცხოვარი


რას არ ნახავს სიზმრად კაცი, უცნაური რამეა,
ზოგჯერ წამი გრძელდება და ზოგჯერ მთელი ღამეა;
ხან უაზრო კადრებია, ხან და ვინჩის ტილოა,
ხან ველური ვესტერნია, ხან ინდური კინოა;

ვინ მოსთვალოს ცხოვრებაში რამდენია სიზმარი,
ხან იმასაც ვერ გაიგებ, ვის ნახულობ, ვინ არის;
ან ვინ აქცევს ყურადღებას, რას ნახავ და რას არა?
სიზმარი ხომ ზღაპარია, ერთი ღამის ამარა; 

მაგრამ ამდენ სისულელეს ზოგჯერ რაღაც ერევა
და ხანდახან  ისეთი რამ უცებ გამოერევა,
შეგაშფოთებს, გაგაოგნებს, შეგძრავს მთელი სულითა,
ვერასოდეს დაივიწყებ, რომც გინდოდეს გულითა;

ზოგჯერ ისეთ რამეს ნახავ, დაგეცემა თავზარი,
უფალს შესთხოვ, ევედრები, დე, იყოსო სიზმარი;
თუმცა მართლაც სიზმარია, მაგრამ ცხადზე ცხადია,
ყველა განცდა ნამდვილია, ყველა გრძნობა ნაღდია;

ასეთ სიზმარს, რომც გინდოდეს, ვერ ივიწყებ, ძნელია,
ერთი არის, ანდაც ორი, თითზე დასათვლელია;
მაგრამ მუდამ გეხსომება, ყველა ჟამს და ყველა დროს,
ბევრ სხვა რამეს დაივიწყებ, მაგრამ ამათ ვერასდროს;

საშინელი ვნახე ერთი, ტანჯვად მემახსოვრება,
ჯოჯოხეთში ჩასვლა მიჯობს იმის გამეორებას;
ცხარე ცრემლით ვტიროდი და გრძელდებოდა გოდება,
დარდისაგან დავილიე, ამერია გონება;

მერე უფალს შევევედრე: „ღმერთო მარადმყოფელო,
მოწყალევ და  უტკბილესო ზეციურო მშობელო,
გევედრები, სიზმრად იქცეს ეს ტანჯვა და წვალება,
დამიბრუნე სიმშვიდე და დამავიწყე წამება“

ხოდა მართლაც სიზმრად იქცა, ამისრულდა ოცნება,
დამიმშვიდა ღმერთმა სული, დამიბრუნდა გონება;
მაგრამ კვალი მაინც დარჩა, როგორც ხმლისგან იარა,
რკინის ძაფიც რომ ვერ შეკრავს, დავიწყება კი არა;

მაგრამ ერთხელ მე ისეთი ვნახე ღამით სიზმარი,
უცდომელად მოგიყვებით, თქვენ განსაჯეთ, მითხარით;
რადგან დიდხანს, გაოგნებულს, ფიქრი არ მასვენებდა,
ბედნიერს და აღტაცებულს რაღა დამასვენებდა?

თავად ღმერთი დამესიზმრა, ტკბილი ქრისტე იესო,
გამიგია, სწყალობს ზოგჯერ ცოდვილს, მონანიესო;
უყოყმანოდ დავიჩოქე, თავდახრილი, მორჩილი,
მის შეხედვას გავბედავი უღისრი და ცოდვილი?

თავზე ხელი დამადო და ბაგით ტკბილმოუბარით
შვიდი სიტყვა მითხრა მხოლოდ, მარად დაუვიწყარი:
 „ყველა ლოცვა მესმის შენი და ყველაფერს ვხედავო“
მე კი გულში ვკითხულობდი, რა ღირსი ვარ, ნეტავო?

გვიან მივხვდი, მე უგნური, სასოებად–იმედად, 
ყველას გვითხრა მაცხოვარმა, ყველა დაგვაიმედა;
მე კი, ალბათ, მიმანიშნა, ლექსად გამოეციო,
რაც გითხარი ყველასია, ყველას გადაეციო;

ჩემი ნებით, უღირსს, ფიქრად არც კი გამიკრთებოდა,
ამას როგორ გავბედავდი, ღმერთი დამსიზმრებოდა?
ანგელოზიც კი არასდროს არ მინახავს როდესაც,
მხოლოდ მამა გაბრიელი დამესიზმრა ოდესღაც;

მე არ ვიცი, ეს რა იყო, ზღაპარი თუ სიზმარი,
ნეტავ ასე გამითენდეს, ყოველი დღე ცისმარი;
მე ის ვიცი, დასრულდება სანამ ჩემი ცხოვრება,
რაც ვნახე და მოვისმინე, მუდამ მემახსოვრება;

ალბათ მკითხავთ, ეს წყალობა, ნეტავ უღირსს რად მერგო?
მაცხოვარმა მე ის მითხრა, რაც უნდოდა გამეგო;
აღარ მიკვირს, ასეთ ცოდვილს, უფლის მადლი დამადგეს,
ზოგჯერ ხდება, მარგალიტი ტალახშიც კი ჩავარდეს;
                                         ***
როცა ჯვარზე გაგაკრეს და როცა სისხლი გდიოდა,
ასე დიდი მსხვერპლი ჩვენთვის ნეტავ რისთვის გჭიროდა?
ჩემი ბრალიც იყო მაშინ, ჩემს გამოც ხომ ეწამე?
რათა მხსნელად მოგვვლენოდი, რათა ღმერთად გვეწამე;

მე კი მთელი არსებით და მთელი ჩემი გონებით,
ჩემი სიტყვით, ჩემი საქმით, მთელი ჩემი ცხოვრებით,
ამას ვნატრობ, მე უღირსი, უგნური და უგვანო,
ერთი წვეთი სისხლი მაინც მოგიწმინდო, უფალო;
                                          ***
სიზმრად ვნახე მაცხოვარი, ცოდვილს გამომეცხადა,
მისი ბაგით, ასე მივხვდი, ასე გამომეცხადა:
„ილოცეთო სანამ დროა, სანა გვიან არ არის,
რადგან ძლიერ მიყვარხართ და არ გტოვებთო არავის“

ღმერთმა დაგლოცოთ !!!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი