მინიპოემა – სიზმარი


უცნაურია სიზმარი, ხან ისეთ რამეს იხილავ,
ცხადში რომ ვერ მოიფიქრებ, რაც არასოდეს გიხილავს;
ხან დიდ ზღაპარში მოხვდები, ხან ცეცხლში ჯოჯოხეთისა,
ხან იღვიძებ და იოცებ, ეს რა წყალობა გეღირსა;

სწორედ ასეთი ვიხილე, ერთხელ, ცოდვილმა სიზმარი,
მე მოგიყვებით და მერე თავად განსაჯეთ, მითხარით;
ვერ დავივიწყებ ვერასდროს, რასაც გიყვებით ამჯერად, 
გულში მექნება მარადის, თუმც სიზმარია, არ მჯერა; 

ორი ნოემბრის  ერთ ღამეს, გაბრიელ ბერი მესიზმრა,
სულში ქარცეცხლი დამინთო, გული და გონი შემიძრა;
მე მის საფლავთან ვიდექი, მცხეთის მადლიან მიწაზე, 
ის გვერდით მედგა, სულ ახლოს, ნათელი – მეტი მზისაზე;

სულ არ მიკვირდა რატომღაც, არც მიფიქრია ამაზე, 
რად იდგა ბერი ჩემს გვერდით, თავის იდუმალ საფლავზე;
სიზმარში გონსაც კი სძინავს, ბევრ სასწაულსაც ითვისებს,
... და მერე უკვირს  დაბნეულს, როდესაც სრულად იღვიძებს;

ასე ვიყავი თავადაც, გაოგნებული უზომოდ, 
გულდაწყვეტილი ჩემს თავზე დიდხანს ვიყავი უგონოდ;
გაბრიელ ბერი მესიზმრა, ღირს მყო ასეთი მადლისა,
მე კი, გონებაარეულს, არ მეყო გონი აღთქმისა;

იქვე დანთებულ კანდელზე მითხრა, მიყვარსო ძალიან, 
ყველა იმ კანდელს ელტვოდა, კაცი იყო თუ ქალია;
მისი ზეთიდან იმდენი ღვთიური მადლი სდიოდა,
რომ სასწაულის მსურველი მრავალი მიმოდიოდა;

როდესაც გამოვიღვიძე და გამოვედი სიზმრიდან,
სხვა არაფერი მახსოვდა ასეთი ტკბილი ხილვიდან;
როგორ მინდოდა, შემეგრძნო, უპირველესად ყოვლისა,
ყოველი წამი, უბედურს, წმიდა მამასთან  ყოფნისა;

სინანულითღა შევთხოვე: „გაბრიელ, ტკბილო მამაო,
მესიზმრე კიდევ ერთხელაც, გულს ნუ დამწყვიტავ ამაოდ;
მაღირსე შენი ხილვა და გამათბე გრძელი სიზმრითა,
რომ დავტკბე შენი მზერით და საუბრით შენით ტკბილითა;

რომ გავიაზრო სრულიად შეგრძნება სიხარულისა,
რამდენად დიდ მადლია შენს გვერდით ყოფნა სულისა;
გთხოვ, გევედრები, ცოდვილი, ისმინე ლოცვა გულისა,
გთხოვ დამესიზმრე ისე, რომ ვიგრძნო ეს მადლი უფლისა“...

...და ჰოი, გასაოცრებავ, საკვირველია, ღმერთმანი,
ისევ მესიზმრა, მე ცოდვილს, დიდი მამა და წმინდანი;
თხოვნა–ვედრება ისმინა, ჩემს გულში აფეთქებული,
შემდეგ ღამესვე მოვიდა სიზმარში უფლის ცხებული;

მზიანი დღეა, ნათელი, მახსოვს, მივდივარ მცხეთაში,
გაბრიელ ბერი მომელის თავის პატარა სენაკში;
გზაში საკვები მჭირდება, ვიცი დღე არის მარხვისა,
ერთ ცალ ლობიანს ვყიდულობ და ზღვას წითელი ვაშლისა;

მერე წმინდანის სენაკში, ვუყურებ ამ ერთ ლობიანს,
მიკვირს ჩემივე სიძუნწე, ეს მე არ ვარ თქო, მგონია;
ჩემთვის რომ საკვებს ვეძებდი(როდის რა დამნანებია?),
გაბრიელ ბერსაც რომ უნდა, რატომ არ გამხსენებია?

ცომი შუაზე გავტეხე, გაბრიელ მიზის გვერდითა,
ვგრძობ, ნაწყენია წმინდანი ჩემი სულმოკლე ქცევითა;
ნახევარს ვაწვდი უჩუმრად, ხმას ვეღარ ვიღებ ამავ დროს,
სჯობს გამსკდომოდა მიწა და ეს არ მომსვლოდა არასდროს;

ბერი ნახევარს იღებს და დიდ მაგიდაზე ათავსებს,
მერე, ვით ქრისტე იესო, ერთისგან აქცევს ათასებს;
მთა დადგა უცებ ჭერამდის ნახევარლობიანების,
შევყურებ გაოგნებული...და მერე, მოგვიანებით,

ოდნავ ნაწყენი კილოთი მომმართავს, როგორც მშობელი:
„ეს არ არისო მთავარი, შენგან სხვა რამეს მოველი;
 არა მხოლოდა პურითა ცხონდების ადამიანი,
არამედ უფლის სიტყვითა ყოვლითო, ღვთივმადლიანით“;

თავი დავხარე, გავწითლდი, რა სიტყვა მეთქვა, რომელი?
კვლავ ბევრი რამე არ მახსოვს, მისი ნათქვამი ყოველი;
მერე გვერდიგვერდ ვისხედით, ვინ იცის, მითხრა რამდენი,
ვერ დავიხსომე სიტყვები მისი ბაგიდან ნადენი;

ბოლოს, ვით კაი მეგობარს, მე მას ლოყაზე ვაკოცე, 
პასუხად მანაც მაკოცა; ვთხოვე:– მამაო, დამლოცე ! 
...და სანამ წამოვიდოდი, გულსავსე მადლიერებით,
მივმართე მამა გაბრიელს, ზედმეტი კადნიერებით:

–მე შენზე ბედნიერი ვარ, ჩემო უტბესო მამაო,
–რათაო ვითომ?– მომიგო, ეგ გათქმევინა რამაო?
–რადგან დიდ წმინდანს ვაკოცე, უდიდეს წმიდა მამასა,
შენ კი, მამაო გაბრიელ, დიდ ცოდვილსა და გლახაკსა;

გაეცინა და მომიგო: – შვილო, როგორა ცდებიო,
ეგ სატრაბახო არ არის, ტყუილად ნუ ეცდებიო;
მე ჩემი კოცნით ღვთის მადლი, წყალობა გადმოგეციო,
შენი კი ცოდვები მრავალი, პატივი ეგრე მეციო;

ხმა ჩამივარდა მე უგნურს, ეს რა სიტყვები გავიგე,
ბერის ნათქვამი ამ გულში მარად სახსოვრად ჩავიდე;
თავი დავხარე, უგნურმა, მან მხარზე ხელი დამკრა და...
ჩემი სიზმარიც წამივით უცებ მორჩა და დამთავრდა;

                                             ***
ნათლიავ ჩემო სულისა, მამავ, დემონთა მძლეველო,
ჩემი სულის და გონების უფლისკენ მომაქცეველო;
წმინდანო ჩვენო უტკბესო, უფლის ანგელოზს გადარებ,
შენს სიტყვას გულში ვიმარხავ და სიკვდილამდე ვატარებ;

                                             ***
ოთხი წლის შემდეგ სიზმრიდან, ორი ნოემბრის დილასა,
ჩვილი გაბრიელ, ტაძარში, იღებს ნათელსა წმიდასა;
შვილიშვილია ის ჩემი, ჯერ ანგელოზებს უმზერსო,
შენ დამილოცე, მამაო, წმინდანო ჩვენო უტკბესო !!!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი