მინიპოემა – სტუმარი 3


"აჰა, კართან ვდგავარ და ვაკაკუნებ. თუ ვინმე გაიგებს ჩემს ხმას და კარს გამიღებს, შევალ და მასთან ვივახშმებ, ხოლო ის - ჩემთან"
იოანეს გამოცხადება - 3:20

წუხელ გლახაკი მესტუმრა,
„მშია, მაჭამე რამეო,
მცივა, სახლ–კარი არა მაქვს,
გამათევინე ღამეო“;

გაკვირვებული შვცქერი,
რა უცნაური კაცია,
გაცვეთილ–ჩამოძენძილი
ტანსაცმელი რომ აცვია;

აქ დამელოდე, მოვალ თქო
(ვერ გავუსწორე თვალები),
პურის ნაჭერი მივეცი
და მივუხურე კარები;

მეორედ ისევ მესტუმრა,
„მშია, მაჭამე რამეო,
მცივა, სახლ–კარი არა მაქვს,
გამათევინე ღამეო“;

ყველი და პური მივეცი
(ისევ დავხარე თვალები),
ჭიქა წყალიც რომ დალია,
კვლავ მივუხურე კარები;

როცა მესამედ მომადგა,
„მშია, მაჭამე რამეო,
მცივა, სახლ–კარი არა მაქვს,
გამათევინე ღამეო“;

აქ უკვე ბრაზმა შემიპყრო
(ეს უკვე თავს სულ გავიდა),
ეხლა ზედმეტი მოგდის თქო,
რას შემომიჩნდი, რა გინდა?!

ყველი და პური მოგეცი,
წყალიც კი დაგალევინე,
მაგრამ სახლში ვერ შეგიშვებ,
რით ვეღარ გაგაგებინე?!

ასეთ ბინძურს და ჭუჭყიანს
როგორ ჩაგაწვენ ლოგინში,
ხომ დაგეხმარე, რა გინდა?
მეტს ვერას მოგცემ, ბოდიში;

ლოგინს არა გთხოვ, ძმობილო,
აქვე დავრჩები კუთხეში,
მცივა, გარეთ ნუ გამაგდებ,
გთხოვ, მაჩუქეო ნუგეში;

შენ როგორ გენდო, მათხოვარს?
არ გახლავს ასე ადვილი,
აბა რა ვიცი, ვინა ხარ?
არ მაქვს თქო შენთვის ადგილი;

ცრემლით აევსო თვალები,
არ მინდა შენი წყენაო,
შენთვისვე ჯობდეს, იქნება,
ღვთის მეტი გქონდეს რწმენაო;

უფალმა ბრძანა, ძმობილო,
„ღატაკი შეიბრალეო,
ვინც გთხოვოს, ყველას მიეცი,
ძმასავით შეიფარეო“;

გაკვირვებისგან გავშეშდი
(კარგად ყოფილა ნასწავლი),
„მერე, შენ განა ღმერთი ხარ,
უფლის სიტყვებს რომ მასწავლი?“

„დიახ, უფალი გახლავარ“
მისი ბაგიდან აღმოხდა,
ირგვლივ მზესავით განათდა,
ვერ გავიაზრე, რა მოხდა;

სირცხვილისაგან დავიწვი, 
გავფითრდი, ვითარც სნეული,
ოფლმა დამასხა ცივმა და
ამიცახცახდა სხეული;

მუხლთ დავიჩოქე, ცოდვილმა,
ცრემლები წამსკდა სიმწრისა,
„მე რა ღირსი ვარ, უფალო, 
შენი დიდების ხილვისა?!

თავზე დამადო ხელი და 
სევდანარევი ღიმილით
მომიგო: „ფეხზე ადექი,
თავს ნუ იღლიო ტირილით;

მე განა შენი რა მინდა,
ღმერთი ვარ თავად – უფალი,
მე გაგაჩინე ამქვეყნად
უნაკლო, თავისუფალი;

სამჯერ რომ გთხოვე წყალობა, 
ვერ აიტანე ამდენი,
ნეტავ თუ იცი, შენს გამო,
ცრემლი მიღვრია რამდენი?

თქვენ ათასჯერ მთხოვთ იგივეს,
მაგრამ მე როდი ვბრაზდები?
გულით მიყვარხართ ყველანი,
ვზრუნავ, წამითაც არ ვცდები;

„ვალის მოხდაა“ ეგ შენი
დაყვედრებული წყალობა,
თუ სიყვარული არ ახლავს,
მადლსაც არა აქვს მადლობა;

ღმერთი მევალე როდია,
მომთმენი გახლავთ, სულგრძელი,
თუმცა ვალი გაქვთ სუყველას,
უზომო, გადაუხდელი;

სიკეთის თესვა თუ გინდათ,
თუკი გულით არ გაიღებთ,
ასეთი “მადლით“ იცოდეთ,
ღმერთთან ვერაფერს წაიღებთ;

დღე და ღამ თქვენზე ვზრუნავ და
ისევ თავად ვარ ჩაგრული,
თქვენი ცოდვების გამო რომ
დღესაც ჯვარზე ვარ გაკრული;

რამდეჯერ უნდა გაუწყოთ,
კარგად გესმით თუ ავადა,
ყოველ მწირსა და გლახაკში
უფალი სუფევს თავადა;

ხან სნეული ვარ, საბრალო, 
ხან პატიმარი გახლავარ,
ხან მათხოვრად ვარ ქცეული,
ხან კი დავდივარ კარდაკარ;

ვცდილობ, გაგილღოთ გულები,
გამოგიწვიოთ ამავდროს,
რომ თანადგომის სურვილი,
არ დაგეკარგოთ არასდროს;

თუ ერთმანეთი არ გიყვართ,
მე როგორ შეგიყვარდებით,
თუკი ჩემს მცნებებს არ იცავთ
და თუკი არ გედარდებით?!

როცა ტაძრებში მოდიხართ,
არ მაკლებთ ლოცვებს ცრემლებით,
როცა მადიდებთ ბაგითა,
როცა ტირიხართ ვედრებით;

მაშინ თუ ფიქრობთ ნეტავი,
თავს რომ წევთ ზემოთ, ღირსებით,
რა მიგაქვთ ღმერთთან სანაცვლოდ,
თუ ხართ წყალობის ღირსები?!

მე კი ყველაფერს ავიტან,
თქვენ ცოდვებს ვითმენ მარადის,
მაგრამ როდემდე გავუძლო,
თქვენ გულქვაობას, სადამდის?!

მე თქვენი ცრემლი რად მინდა,
ცრუ, ყალბი სინანულითა?
მოყვასი უნდა გიყვარდეთ,
ნამდვილი, წრფელი გულითა;

სიყვარულს ვითხოვ, გაიგეთ,
ყველასგან, პირველ ყოვლისა;
ეს არის მცნება მთავარი
და დაფასება უფლისა;

გადაეციო სუყველას, 
ამჟამად რაც კი გითხარი“;
მერე კი გაქრა უეცრად, 
ხილვა იყო თუ სიზმარი;

მე კი ღმერთსა ვთხოვ შენდობას, 
ამ ამბის თქვენთვის მთხრობელი!
წუხელ უფალი მეწვია – 
უფალი ყოვლისმყრობელი...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი