გიორგი ფაჩუაშვილი - ფოტო

გიორგი ფაჩუაშვილი

ჯერ უფალი, დანარჩენი მერე !!!

0 52

ნეტავ ქვიშა ვიყო...


მე რომ  ქვიშა ვიყო, ტაძრად აგებული,
სანთელს დაგინთებდი, ჩემო თაფლიანო;
და თუ სანთლად ვენთო, ლოცვად ანთებული,
ხატად დაგიდგამდი, ჩემო მადლიანო;
მე რომ ხატი ვიყო, მირონმოდინარი,
მადლად გეფრქვეოდი, ჩემო სიხარულო;
მადლი ყოველგვარი, ღვთისგან მომდინარი
დედის რძედ შეგარგოს, ჩემო სიყვარულო;
მე რომ დედა ვიყო, შენზე მოფიქრალი,
ნანას გიმღერებდი ჩემო დარდიანო;
თვალებცრემლიანი, ჩუმად მოტირალი,
გულში ჩაგიკრავდი, ჩემო ვარდიანო;
მე რომ გული ვიყო, გრძნობით დალეული,
ლოცვით ვღამდებოდე, ჩემო სანატრელო;
და თუ ღამე ვიყო – მშვიდი, მთვარეული,
მზისკენ წაგიყვანდი, ჩემო  სანათელო;
ეჰ, მზე ვიყო, ნეტავ – ლაღი, მოცინარი,
წყაროს განატრებდი, ჩემო მხურვალეო;
მე რომ წყარო ვიყო, მთიდან მოდინარი,
ყელს გაგიგრილებდი, ჩემო მწყურვალეო;
მე რომ ყელი ვიყო, შენზე მომღერალი,
თვალებს აგინთებდი, ჩემო საკვირველო;
მე რომ თვალი ვიყო, შენი მოცქერალი,
ცრემლებს დაგაფქრვევდი, ჩემო სატირელო;
მე რომ ცრემლი ვიყო, შენთვის მოდინარი,
სულში ჩაგწვდებოდი, ჩემო უტკბილესო;
მე რომ სული ვიყო, შენი მომზირალი,
შენს ჯვარს ვიტვირთავდი, ჩემო უდიდესო;
მე რომ ჯვარი ვიყო, მადლით დაფენილი,
შენთვის ვილოცებდი, ჩემო გულიანო;
მე რომ ლოცვა ვიყო, შენთვის აღვლენილი,
ღმერთთან ავიდოდი, ჩემო რჯულიანო;
თვალებცრემლიანი, ლოცვით გადაღლილი,
შენთვის შევნატრიდი, ჩემო სადარდელო,
ჩუმად შევბედავდი, მორცხვად თავდახრილი:
„ღმერთო, მიდღეგრძელე ჩემი საქართველო !“
მაგრამ, ვაიმე, რომ ქვიშაც კი არა ვარ,
ვერა გიწილადო, ჩემო საყვარელო;
ლოცვას თუ მიიღებ ერთი ცოდვილისგან,
ღმერთმა აგისრულოს, ჩემო სანატრელო !!!

ნეტავ ქვიშა ვიყო...
კომენტარები (0)