ღმერთი ბედნიერია?!


ეს კითხვა დამებადა, რატომღაც, მასზე ფიქრისას. რა საინტერესოა მართლა, ნეტა ღმერთი ბედნიერია?
დღეს ჩემი პატარა შვილიშვილის დაბადების დღეა ! შორს ვარ მისგან. მენატრება უსაზღვროდ და სიგიჟემდე მიყვარს. ის ხომ ჩემი სიხარულის და ბედნიერების წყაროა, ჩემი სიცოცხლის გამხანგრძლივებელი, თვალის სინათლე და გულის ფეთქვა, ჩემი ფიქრი და ახდენილი ოცნება. ვფიქრობდი, როგორ უზომოდ მიყვარს ჩემი პატარა ანგელოზი და გამახსენდა, უფალს რა ძალით ვუყვარვართ ყველანი. მე თუ ასე, გონის დაკარგვამდე მიყვარს ჩემი პატარა კაცი, შეიძლება ნეტავ იმის წარმოდგენა, უფალს რამდენად ძლიერად ვუყვარვართ თითოეული ჩვენგანი? და გამიჩნდა უცებ კითხვა – ღმერთი ბედნიერია?!
ერთი შეხედვით პასუხი თითქოს იოლი ჩანს. ის ხომ უზომო და უსაზღვრო სიყვარულია. ისეთი სიყვარული, რომლის წარმოდგენაც კი არ შეგვიძლია ჩვენ, ცოდვილ ადამიანებს. სიყვარული კი, რა თქმა უნდა, დიდი ბედნიერებაა; მაგრამ ღრმად რომ ჩავწვდი, მივხვდი, რომ მთლად ასეც არაა საქმე. შეიძლება ძალიან გიყვარდეს ვინმე, მაგრამ გული გეწვოდეს და ცრემლად იღვრებოდე, როდესაც მის დარდს და ტკივილს ხედავ და სულაც არ იყო ბედნიერი ამ დროს.
უფალი ბედნიერია, როცა ჩვენ მის სურვილებს ვასრულებთ, მის მცნებებს ვიცავთ; როცა გვიყვარს ერთმანეთი; როცა არ გვავიწყდება უფალი, მის კალთებს ვართ შეფარებული და ვლოცულობთ ყოველდღიურად. რა თქმა უნდა, უფალი ამ დროს ბედნიერია.
მაგრამ არა მგონია, ღმერთი ბედნიერი იყოს მაშინ, როცა ერთმანეთს განვიკითხავთ; როცა გვშურს, როცა ვჭამთ და ვსპობთ ერთმანეთს. როცა უფალი არ გვახსოვს, ან არც გვინდა, საერთოდ, ცნობა მისი. როცა მას უარვყოფთ და ეშმაკს ვემსახურებით, სამოთხის მაგივრად ჯოჯოხეთს ვირჩევთ; როცა უამრავ ცოდვას ჩავდივართ დაუსრულებლად. მარტო ამდენი აბორტის ყურება რად ღირს, ამდენი შვილთმკვლელობა. რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო? რამდენი ცრემლი იღვრება ყოველდღიურად დედამიწაზე ადამიანთა უსამართლობის გამო. ვერცერთი ადამიანი ვერ გაუძლებდა ამდენი სისაძაგლის ყურებას, რასაც ადამიანები ჩავდივართ, გული გაუსკდებოდა ყველაზე გამძლე სადისტ არამზადასაც კი. განა შეიძლება უფალი ამ დროს ბედნიერი იყოს? მას ხომ ყველანი უზომოდ ვუყვარვართ. ჩვენ ერთმანეთის დები და ძმები ვართ მისთვის, ერთი დიდი სხეულის ნაწილები, იმ სხეულისა, ღმერთი რომ ჰქვია. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ამას ვერ ვაცნობიერებთ. მხოლოდ საკუთარი სისხლი და ხორცი გვიყვარს. სხვას კი არ ვინდობთ, რადგან „უცხოა“, არ არის ჩვენი. მაგრამ აბა უფალს ჰკითხეთ, უცხოა?
დედას შეიძლება 10 შვილი ყავდეს, მაგრამ ათივე ერთნაირად ძლიერად უყვარს. ასევე უყვართ ერთმანეთი და–ძმებს, არა იმაზე ნაკლებად, როგორც ერთ და–ძმას უყვარს ერთმანეთი. არა აქვს რაოდენობას მნიშვნელობა. ასე ვუყვარვართ უფალსაც ყველანი. რამდენი გრძნობა, ცრემლი, სიხარული, ბედნიერება, ტკივილი, ტანჯვა და ვაებაა მასში ერთად თავმოყრილი, ყველა ადამიანის განცდა და სიხარული, დარდი თუ აღმაფრენა ერთად. ღმერთი ერთი დიდი გრძნობათა სამყაროა, უსაზღვრო განცდათა კიდობანი...და თანაც ათასჯერ აღმატებული, ვიდრე თითოეულ ადამიანს შეგვიძლია განვიცადოთ. აი, ამ მხრიდან დავინახე უფალი მასზე ფიქრისას. განა გასაოცარი არაა?
ამიტომ, მე არ ვიცი ამ კითხვაზე პასუხი. ძალიან ძნელია ასეთი ულევ და უსაზღვრო გრძობათა სამყაროს ან ბედნიერი უწოდო, ან უბედური. მე, ყოველ შემთხვევაში ეს ვერ მოვახერხე. 
თქვენ როგორ ფიქრობთ, ღმერთი ბედნიერია?
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი