მოხუცი ქალი (მოთხრობა)

გარეთ გამოვისეირნე, ხალხმა ამ დღეს განსაკუთრებულად მიიპყრეს ჩემი ყურადღება და მეც ჩვეული ფიქრებით, წარმოვიდგინე თითოეული მათგანის ადგილზე საკუთარი თავი. გეტყვით რომ, ეს მართლაც ძალიან დამღლელი აღმოჩნდა სიარულთან ერთად და იქვე ახლოს სკვერში შევედი, სადაც ცარიელი დასაჯდომი ადგილი მოვნახე, თან მინდოდა გარშემო არაფერი და არავინ გამომპარვოდა. გამიმართლა! მე ყველაფერს და ყველას ვხედავდი.
სკვერში იყვნენ, ძირითადად ახალდაქორწინებული ოჯახები, რომელნიც ბავშვებს ასეირნებდნენ ან მათ თამაშს ადევნებდნენ თვალ-ყურს. იქვე რამოდენიმე ადგილზე ბიჭები ისხდნენ და საუბრობდნენ ხმამღლა. ასევე ერთი შეყვარებული წყვილიც აღმოვაჩინე, ვერ ვიტყვი რომ უხდებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ურთიერთს გაუმაძღარი გრძნობით შეჰყურებდნენ და ესეც საკმარისი იყო ჩემი სიხარულისთვის. 
დაკვირვებით ვცდილობდი ამომექაჩა მათი გრძნობიდან მეტი, სანამ ერთმანეთს ტუჩებით არ შეასკდნენ გამეტებით და მომერიდა მათ სამყაროში შეჭრა, თავზე გასული მეზობელივით. ამიტომ სწრაფადვე თავი მივანებე და გავხედე ჩემს სიახლოვეს მჯდომ, მოხუცებულ ქალს თუ როგორ ამოიღო თავისი გახუნებული ნაჭრის ჩანთიდან ცოტაოდენი ხორცი პარკით და იქვე, ჩემთვის უკვე გამაღიზიანებლად ქცეულ კატას გაუწოდა. რომლის კნავილმაც ყველას ყურადღება მიიპყრო.
მოხუცებულს კიდევ არ შეეძლო სწრაფი რეაგირება და თავისი მოცახცახე ხელებით, დიდხანს მოანდომა საგულდაგულოდ შეკრული პარკი გაეხსნა. ამასობაში კატა უფრო და უფრო ამწვავებდა ხმას, თანაც სკამზე ხტებოდა და თათებით პარკს ეთამაშებოდა ნაზად, ან მოხუცებულის ფეხებს ეტმასნებოდა, პანაშვიდზე მყოფი განმგმირავი ქალის ხმით. 
ყველანი შევწუხდით, უკვე მისკენ წამოიჭრნენ შემაძრწუნებელი გამოხედვები და შემდგომ, მოხუცებულისადმი თანაგრძობაში გადაიზარდა, რომ აღიქვეს ყველამ სიტუაციის არსი. მოხუცებულს არც არავინ შეუმჩნევია და არც განწყობა შეუცვლია, მოთაფლულად ესაუბრებოდა კატას და სკამზე ასულს ბავშვივით კიცხავდა, ტყუილი დამუქრებებით. როდესაც კატამ მიიღო თავისი და თათების ლოკვას შეუდგა, მოხუცებულმა პარკი ისევ უკანვე, ნაჭრის ჩანთაში ჩადო და კმაყოფილმა წინ პატარა ბავშვებს დაუწყო ყურება. 
მე კიდევ, ჩემს წინ მიწას დავხედე და ამ ყველაფერ დანახულზე ავტეხე ფიქრი.
ჩემთან შედარებით, რა ფერის არის მათი ცხოვრება ? იქნებ ის სულაც არ არსებობს, ან მე მხოლოდ ამ ცხოვრებაში დამკვირვებელი ვარ და სხვისი ისტორიების მტარებელი. ვისაც ვერ გაუგია ზოგჯერ, არსებობს თუ მოჩვენებითია და ყველაფერს ობოლი ბავშვივით შორი სახლის პატარა შუშის ფანჯრიდან ხედავს, ადამიანთა კარგს თუ ცუდს და მუდამ არ აკმაყოფილებს დანახული მეტი უნდა, ძალზედ მეტი! ამისათვის ის გამოდის გარეთ და ცდილობს გაერიოს მათ, მაგრამ ვერ ახერხებს, მისი მისწრაფებანი განსხვავდება და უფრო დიდი საპასუხისმგებლოა, ვიდრე ის ჩვეულებრივი ცხოვრება რაც სხვებს აქვთ, ეს არის მიზეზი იმისა დაბრუნდეს სახლში და გააგრძელოს პატარა შუშის ფანჯრიდან ყურება, რის შიგნიდანაც იმალება მის მიერ მარტოდ განცდილი ყველა ადამიანის გრძნობა.
ადგომა დავაპირე, უნდა წავსულიყავი, მაგრამ გვერდიდან ბებიის ხმა შემომესმა და რეალობას სწრაფადვე დავუბრუნდი. 
- შვილო უკვე დიდი ხანია გიყურებ და ამ მიწას რატომ მისჩერებიხარ ?
გავიხედე გვერდზე, ბებია მოკალათებულიყო კატასთან ერთად, რომელიც მის კალთაში ნებივრობდა ყოველი ხელის გადასმით.
- ბებო არაფერი ისე ჩემთვის ჩავფიქრდი რაღაცაზე, ნუ შეწუხდებით.
- შვილო ახალგაზრდა ხარ, რატომ უნდა იყო მოწყენილი ესე მარტოდ მჯდომი. ცხოვრება ხომ წინ გაქვს, მიეცი გაქანება და აიტაცე მისი წლები, ესე მოწყენილადაც ნუ იქნები.
გამეღიმა მის სიტყვებზე და გამიკვირდა. რომ არ დაიწყო: ბებო გენაცვალოს, უიმე შვილო რა გჭირს, ან ეგ არგასახარებელი ვინც ამ დღეში ჩაგაგდო.
- ბებო არ ვარ მოწყენილი, უბრალოდ ხშირად ვფიქრობ და ალბათ სახეზე გამომეტყველების სხვაობა დავკარგე.
- ეგ არაფერია შვილო, თქვენი ასაკის ხალხმა უნდა იფიქროთ ბევრი, ჩვენ რომ აღარ ვიქნებით ვინ უნდა მიხედოს ქვეყანას.
- თქვენ რა პროფესიის ბრძანდებით ბებია ?
- ისეთი არაფერი, ადრე ვმუშაობდი სკოლაში კლასის დამრიგებლად შვილო და ბევრი თაობა აღვზარდე სამომავლოდ, ამიტომ ჩვენი ქვეყნისათვის მე უფრო ბევრი გამიკეთებია ვიდრე პოლიტიკოსებს, დამიჯერე ამდენი ნიჭიერი ახალგაზრდა დღემდე არ დამავიწყდება. 
ნასიამოვნებმა დაასრულა პასუხი და კალთაში კატა გაჩეჩა, ისიც გადმოტრიალდა ზურგზე გრუტუნით და აქაც არ მოაკლეს.
- ბებო ეს თქვენი კატა არის ?
- არა შვილო, ქუჩის არის და გარეთ ცხოვრობს მივეჩვიე, შემეცოდა ძალიან გამხდარი იყო ალბათ ვერაფერს ჭამდა და ჩემმა გულმა ამას ვერ გაუძლო, ყოველდღე ორჯერ ვაჭმევ უკვე ოთხი წელიწადი იქნება, სამაგიეროდ ეხლა გახდა გოჭივით. თუ გინდა მოეფერე თბილი ფისოა!
მეც არ დავთმე შეთავაზება და მუცელზე ცოტა მოვუღუტუნე.
- კარგი კატა არის, თანაც ლამაზია.
- კი შვილო მეც ძალიან მომწონს, ჩემი საყვარელი ფერისაა და შეიძლება ამიტომაც გადავწყვიტე მოვლა ვინ იცის, თორემ მის სიტუაციაში ხომ ბევრი უპატრონო ფისო იმყოფება.
ბებიას ცოტათი ნაღველი შეეტყო ხმაში და ვცადე გამხიარულება.
- მე მჯერა რომ კარგი ადამიანი ბრძანდებით და თანაგრძნობის გამო უვლით, ფერი კიდევ უფრო ამწიფებს თქვენს გრძნობას მისდამი. 
- წარსულშიც ხომ არ გყოლიათ კატა ?
ბებია უფრო მოიღუშა და ვამჯობინე გავჩუმებულიყავი. ერთხანს ესე სიჩუმით მოცულნი ვიჯექით, რომ არ მიპასუხა კითხვაზე აღარ ვცადე საუბარი გამეგრძელებინა. კატის მოფერებაც გვერდზე გადადო. მაგრამ სიმშვიდე დაარღვია, ისეთი სახით გამომხედა, გულთბილი ბებია წარსულს ჩაბარდა და ჩემს ემოციებს ჭექა-ქუხილივით დაეცა მისი ესეთი ცვალებადობა. სიმკაცრე აღებეჭდა სახეზე, თითქოს საყვედურებით უნდა გავევსე ან ძალას იკრებდა რაიმე სერიოზულის სათქმელად. 
- შვილო გთხოვ მომისმინე, მე ქმარი დავკარგე ომში ძალიან ადრე, მიმძიმს ამაზე ლაპარაკი, თითქმის ჩემს თავსაც ვერ ვახსენებდი ხოლმე ამბავს. ამ დროს ორი წლის ბავშვი გვყავდა ბიჭი, ვინც მე დამრჩა აღსაზრდელად და ასევე ჩემს ქმარს ესეთი ფერის კატა ყავდა, რომელიც ძალიან უყვარდა. ის პერიოდი იყო უმძიმესი საცხოვრებლად და გვიწევდა სხვადასხვა სახლებში გასათენებლად ხეტიალი, რომ მშივრები არ დავხოცილიყავით. მე კიდევ, ვერ მოვახერხე ის კატაც თან წამეყვანა და მოკვდა უბედური. ქმირსგან კიდევ ორი რამ მქონდა დარჩენილი, როდესაც გავიგე ომში მისი დაღუპვის შესახებ. კატა და შვილი. მე ესეთი პატარა რაღაცაც ვერ გავაკეთე ქმრისთვის, ის კი ქვეყანას შეეწირა გმირულად. - იმ დღის მერე რა დავრჩი ? მხოლოდ შვილს ვუვლიდი და მისთვის ვაკეთებდი ყველაფერს სანამ თავისი ოჯახი არ შექმნა.
სკოლაში, მუშაობით ცოტა გადავაყოლე გული რამოდენიმე წლით, მაგრამ არ მიშველა და წამოვედი მარტოსულივით, არც ნათესავები, არც ნაცნობები, ვარ ეულად. ვერა და ვერ მოვინელე მაშინდელი. არ მინდა შვილს ან მისი ცოლის ნათესავებს ტვირთად დავაწვე. მაკითხავს ხოლმე, მაგრამ სულ ვთხოვ არ მნახოს, მხოლოდ დარეკვას ვეხვეწები, რომ ხმა გამაგონოს. 
დაამთავრა თუ არა, ცრემლი ძლივს შეიკავა, საზურგეს მიეყრდნო და მძიმედ ამოისუნთქა თითქოს ტვირთი მოიხსნა. 
მე უადგილო მეჩვენა რაიმეს თქმა და დუმილი ვამჯობინე. ცოტახანში, მან დაარღვია სიჩუმე და მისუსტებული ხმით მითხრა.
- შვილო გთხოვ, ჩემი ჟაკეტის ჯიბიდან მობილური ტელეფონი ამოიღო და ჩემს ბიჭს დაურეკო. მე ძალიან უღონოდ ვარ.
ფრთხილად ამოვიღე მისი ჟაკეტიდან მობილური ტელეფონი, კონტაქტებში მხოლოდ ერთი ნომერი იყო, დავრეკე და რამოდენიმე წამში იქითა ხაზიდან ხმა გაისმა! 
- გისმენ დედა ? რამოდენიმეჯერ გაიმეორა, როგორც მე ბებია! და მერე ვუპასუხე:
- სამწუხაროდ დედათქვენი გარდაიცვალა.
კომენტარები (0)