გორვანელი

მწერალი, ფილოსოფოსი

ჭვრეტა

ჩაივლის დღევანდელობა, უკან დარჩება განაჩენი
და ის გადაიქცევა უსახო მეტაფორად.
ფრჩხილებს მომჭრი დედა?
მე და სამყარო ვართ იესოს გადამრჩენი.
გუშინ ენციკლოპედია გადავშალე - საბჭოთა...
სიზმარია თუ ცხადი, სიზმარია თუ ცხადი?..
ძველი წელთაღრიცხვის მერვე საუკუნე...
დავბრმავდი, ქუსლებიც ამტკივდა... ღორები მოიგო გოჭმა.
ბნელ გამოქვებულებში დაეხეტებიან თეთრი სიკვდილები...
სასომიხდილი ბებერი ბუხარს ანთებს და დამჭკნარ სარეველას ქოთანში აწყობს, - ცოცხალი ვარდი ჰგონია.
,,თქვენ ვერასოდეს ვერ დამივიწყებთ, როგორც ,,მარაკანა" ვერ დაივიწყებს ალსიდეს გიჯას", - მეტყველებდნენ ჯონ კენედის ცოცხალ-მკვდარი თვალები, როცა ოსვალდმა ,,დააჭედა".
კაცობრიობის მისამართი შეიცვალა, ხვალ გამოიარეთ, ჯერ არ გვაქვს დამაჯერებელი ინსპირაცია.
მარცვლებიდან აღმოცენდა კაკტუსი, რომელმაც უკანალი დაუსუსხა ,,წმინდა" თამარ მეფეს, როდესაც ბასიანის ველზე ცხენიდან გადმოვარდა.
ერთგული ადამიანები რომ ძაღლებად გადაქცეულიყვნენ, უპირობოდ აწკმუტუნდებოდნენ.
-სად არის ფეხსაცმლის თასმები?
-თასმები კი არა, თვითონ ფეხსაცმელი სად არის...
-მომესმის მეტაფიზიკური ბგერები, რომელსაც ჩემი ყურის მემბრანა ქალის ხმად მთავაზობს: - მიიხედ-მოიხედე, სადმე იქნება... სიგარეტი მომაწოდე.
სამყაროს გაექცა სინათლე და სიბნელეში დაემალა.
,,რელიგია გადაგვარჩენს, მეცნიერება ეშმაკისეული მემკვიდრეობაა", - იტყვის ზოგიერთი გამოსირებული.