მზერა სარკიდან


სიმაღლეზე მეტად მაშინებენ თვალები,
კოსმოსურ სიცივეს შენში რომ ირეკლავენ,
როგორც ოკეანე ხარ ამ საცოდავ მოდგმაში
და ყოველი ჭრილობა შენი ჩემზე გადმოდის.

როგორც კაფკას ხოჭო ხარ შენ დილიდან ღამემდე, 
იტანჯები ცხოვრებით და გწადია სიმაღლე,
ჩემი სულის შენ გახდი ქველი სამარიტელი
და იმდენად ემსგავსე, რომ მისგან ვერ გაგარჩევ.

არა, არ შემიძლია ამ გვალვების ატანა,
უფერო სფეროებში გეძებ ნეტავ სადა ხარ,
და როდესაც ბოლოს მასა ჯვარზე გამაკრავს
ცას შევხედავ და ვიტყვი: მადლობა რომ ჩემთან ხარ!

ყველა ღელვას დავაცხრობ - მოსვლას შენთან მიშლიან,
გზაზე გველებს გავსრისავთ ქუსლებს რომ გვიწამლავენ,
ჩემს პოეტურ კრებულებს ცეცხლში ავაგუზგუზებთ,
რათა სიცარიელეში იმედი კვლავ  გამოჩნდეს.

ვიცი რომ იტანჯები, მალე კანი გაგძვრება,
შეგეშალა მისამართი, შვილი სხვა პლანეტის ხარ,
ერთადერთხელ გავარღვევ უწიაღო ფიქრებს და 
შენი გულის ცემაში ჩემი არსიც გაქრება.

სათითაოდ გავპუტავ  სულის ყველა წურბელას
და გათელილ ბილიკზე გაგიძღვები სამოთხედ,
ბოლოს მკლავზე მოგკიდებ და დაგიჭერ უფსკურზე
რათა ყურში ეს გითხრა: ბარემ მეც გამიყოლე...

ახლა გამოიჩეკა შენს თვალებში არსება,
ლევიათანს ვუწოდებ მძიმედ რომ იკლაკნება,
დიახ, ერთადერთი ხარ ტანჯვა ხორცშესხმული და
ბოლო დროს მეფიქრება  - ვაი თუ  მელანდება...

სულ დავკარგე სიზმარი, წამით არ მეძინება,
ჩვენი ბედი მადარდებს საუკუნო მხარეში,
მძიმე შეცოდებანი სიყვარულით მცირდება
და ამიტომ დამკალი სააღდგომო ბატკანი.

როცა წუთი დადგება დიმიძახებს სიკვდილი,
კარებს მომიჯახუნებს დაუკითხავ ღამეში,
ვიცი რას დავინახავ, როცა ქუდებს მოიხდის-
სევდით სავსე სიცოცხლეს შენში აწ და მარადის...

ისინი გპირდებიან არასდროს დაგტოვებენ,
თუმცა, ჩემზე კარგად ცნობ ფარისევლურ სიყალბეს,
დანგრეულ ჩარჩოებში ისევ ისმის გოდება:
აღმართულ კარიბჭეში  შესასვლელი ვიწროა.

შენი ყველა ყველა სტიგმატი დაბადებით დაგყვება,
შენში ჩემი არსება ასე მკვეთრად ცხადდება,
ამიტომაც სიცოცხლეს ფასი არ აქვს არაფრის -
გარდა გულის ბზარისა, იქ სინათლე შემოდის.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი