0

ვახტანგ ჯავახაძე _ ანტიგალაკტიონიზმი


კოლაუ ნადირაძე - ცისფერყანწელთა ორდენის უკანასკნელი მოჰიკანი სამი ათეული წლის მანძილზე გაოცებული და გაოგნებული შეჰყურებდა გალაკიონ ტაბიძის საყოველთაო აღიარებას... იგი ახალგაზრდობიდანვე დაავადდა ქრონიკული ალერგიით რომელსაც ანტიგალაკტიონიზმი ჰქვია. შემდეგ და შემდეგ დაავადება ისე გაურთულდა და ისეთი მძიმე ხასიათი მიიღო, რომ გამომცემლობის ბუღალტერიაში ჰონორარის გამოწერისას მიუხედავად მრავალგზის შეკითხვისა მამის სახელი ვერ ათქმევინეს იმის გამო რომ მამამისსაც გალაკტიონი ერქვა.
ერთხელაც სუფრაზე გალაკტიონის სადღეგრძელო შესთავაზეს განზრახ და სუფრიდან გაქცევა რომ დააპირა, დაამშვიდეს: მამათქვენის სადღეგრძელოს გთავაზობთო.
გალაკტიონის გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ 1961 წელს გამომცრმლობა ,,ნაკადულმა" გამოსცა პოეტის ,რჩეული" -,,ასი ლექსი" . ეს რჩეული შეიძინა კოლაუ ნადირაძემ და ორიგინალური მინაწერებიც დაგვიტოვა მთელი წიგნი გადაწითლებულ გადალურჯებულია ქართულ-რუსული მინაწერებით. ხასგასმებისა და შენიშვნებისთვის თავდაპირველად ლურჯი ფანქარი გამოუყენებია მაგრამ მერე საფუძვლიანი სიფრთხილე გამოუჩენია ვაითუ ფერადი ფანქარი წაიშალოსო და ფანქრით ნაწერზე ლურჯი პასტით გადაუვლია. ახლებიც მიუმატებია ამავე დროს კომენტარების უმეტესობას ხელს აწერს ქართულ-რუსულად რათა საავტორო უფლება არავინ წარსტაცოს. წიგნში დაბეჭდილია გალაკტიონის ცნობილი პორტრეტი _ ნახატი უჩა ჯაფარიძისა, რომელიც ნატურიდანაა დახატული და ძალიან ჰგავს ნატურას. ოპონენტს მოუპოვებია პატარა ფოტო დაბეჭდილ ნახატზე მიუკრავს და მეორე მხარეზე მიუწერია:_ ეს არის გ. ტაბიძის რეალური პორტრეტი და არა უჩა ჯაფარიძის ფანტაზიით შექმნილი არარსებული კაცი.
კოლაუ გაუღიზიანებია იმასაც წიგნის ყდაზე ავტორი მხოლოდ სახელით რომ იყო წარმოდგენილი: გადაუშლია სრულყოფილი სახელის ბოლო ასონიშანი და გვერდით გვარი მიუწერია.
არცერთ ლექსს უყურადღებოდ არ ტოვებს. ეს დასკვნები ხანგრძლივი დაკვირვების შედეგია. დაკვირვებისა და დაფიქრებისთვის კი ზედმეტად ბევრი დრო მიეცა: შვიდჯერ ათი წელიწადი. ედავება არამარტო ავტორს, არამედ გალაკტიონის პატრიოტებსაც, მაშასადამე, ჩვენც გვედავება. _ რა არის ეს? ნუ თუ პოეზია? (პროლოგო ასი ლექსის) ნუ თუ ეს კარგია? (დღეს მაისი ფერში ნაირ-ნაირშია) _ ნუ თუ ეს მოგწონთ? (ჩვენ პოეტები საქართველოსი). არ ვიცი რატომ მოსწონთ? (შემოდგომა უმანკო ჩასახების მამათა სავანეში). ეხლა ამ ბოდვას პოეზიის მწვერვალად აცხადებენ უვიცები და უწიგნურები, თანაც სრულებით გემოვნებას მოკლებული ადამიანები (ლურჯა ცხენები)_დიდი არაფრის მთქმელი თავის განდიდების გარდა! ეგოცენტრიზმის პირველი საფეხური, მერე ეს გრანდიუზულ ეგოცენტრიზმად მოგვევლინება და დაიწყება მასიური ფსიქოზი_ტაბიძის მსოფლიო პოეზიის მწვერვალად გამოცხადების!!!
(,,მთაწმინდის მთვარე")
...ყოველივე ეს ზღვაში წვეთია იმ ნეგატიურთან შედარებით, რომელიც ძალიან ხშირად გინებაში გადადის და ბრალდებით მთავრდება. ვნახოთ კიდევ რამდენიმე მინაწერი : _შედევრია როგორც აბდაუბდისა და ბოდვის სრული გამოვლენისა.
აბდაუბდა გალაკტიონ ტაბიძისეული, რაც ასე მოსწონთ უვიც დეგენერატებს.Чушь и бред сумашедшего графомана! როგორი უგემოვნობაა. ღმერთო, რა აბდაუბდაა!! ყოჩაღ ,,დიდო" პოეტო! თქვენც ვაშა ,,დიდო" კრიტიკოსებო! (,, ისევ ეფემერა").
_ ვინც კვდება ყველას გახელილი რჩება თვალები თუ არ დაუხუჭეს. მერე რა მოხდა, კრეტინო? რა არის ეს? რა ჰქვია ამას? იდიოტებო ვისაც ეს მოგწონთ?! Абсолютный вздор! Бред графомана! ქართულად ამას ბოდვა და უაზრობა ჰქვია (,, მას გახელილი დარჩა თვალები') რას ბრძანებთ ,,დიდო" პოეტო, უკაცრავად პასუხია იდიოტო!!Идиотизм Да идиотизм!!! ნიავის ბინდიც ქლიავის ფერია? კი, გვინახავს გვიჭამია! არარსებული გემი!Ерунда на постном масле (,,დაბრუნება") აქეთ მკითხველებს უტევს იქეთ ფილოლოგებს:
_ კრიტიკოსებო! ამას საერთოდ ლექსი ჰქვია? არ არის ჩმახვა? მოგწონთ დეგენერატებო?
_უაზრობასაც ვერ ამჩნევთ და ამასაც ლექსი ჰქვია? ვინ ბეჭდავდა ამ სისულელეებს?
_ რა არის ,,გახსენების მომძახოდა მტანჯველი ლანდი?" ეს არ არის აბდაუბდა, ფილოლოგიის გამოთაყვანებულო ,,დოქტორებო"?

,,შენ უკვდავების ხარ ბინადარი"_თავის თავზე ხომ არ ლაპარაკობ ეგოცენტრიკო?
,,რომელი საათია?"
_სიბითურის საათია! ბოდვისა და ონანიზმის საათია გალაქტიონ!
კომენტარები (0)