. 👑თრობა👑
...
მე ეხლა შევსვამ ლექსს და ხმაურით,
შევეხიზნები მაგ შენს სამყაროს,
შენ როგორც ღვინო ალადასტური,
შემომეხვევი სულზე საამოდ,
ვნება ალებად აიხლართება,
აიფაფრება გზნება ფარული,
მოვა წამება როგორც ზმანება,
როგორც სიკვდილი და სიყვარული.
ლეგა კორინთელი
👑შემოდგომის სურნელი👑
...
მალე დადგება მძიმე დროება,
მკლავს შემოდგომის მძაფრი სურნელი,
ეს გული კრთომით დაემონება,
მის ბედისწერას განუკუნელი,
ის მძიმე ქარგვით შემობრძანდება,
დღეებს შემოსავს ნაცრისფერ ტონში,
და უიმედო გულში ნადებად,
გააჩენს შიშს და უმწეო ლოდინს
და მერე ფეხქვეშ მიწაც გაცვდება,
გამოეცლება სიცოცხლეს მადლი,
ამ უნუგეშო დღეთა ზმანება,
გაიფანტება გრიგალში კრძალვით,
იქნება დარდი, იქნება გლოვა,
მწუხარე სულთა მძიმე ვედრებაც,
მაგრამ საფლავში დამალულ დუმილს,
არ ეშველება, არ ეშველება.
. 👑სიბერე👑
...
შემოდგომის გაძარცვული ტყეები,
ირგვლივ ბნელი, მომქანცველი, სევდა,
წლების ქარებს მწუხარებით, ვედრებით,
მივყევი და ვერსად ვპოვე შვება,
ნისლში რისხვით შემოსილი ვერხვები,
სიმწრით სიკვდილს უმღერიან ველად,
მე კი უფრო უშფოთველი ვბერდები,
არავისგან არ მოველი შველას.
2005წ
👑ინსპირაცია👑
...
მე ახლა ვქარგავ ახალ ქარაგმას
და მტანჯავს აზრთა მწველი თარეში,
სულს ვატან მაღლა ქართა ქარავანს,
იქ, ზეცის კართან, უცხო მხარეში.
👑სევდის სავანე👑
...
აქ ამ დარდებით გადაჭედილ შავ სავანეში,
იფრქვევა მზერა, მკრთალი მზერა, შენი თვალების,
სულზე მადნები, როგორც კანდელს თაფლის სანთელი,
ნელი წვალებით, ნაზი კდემით და მოკრძალებით.
. 👑კვდომა👑
...
დამსხვრეულ დარდებს შემომაფრქვევს მაგ თვალთა ელდა,
შემოღამდება, მწუხრის შუქი მომმადლის ნათელს,
მინავლებული გულის ფეთქვა ნაზად ჩაქრება,
ცისგან დაცრილი შავი ბინდი დამასამარებს,
ანარეკლები ნელი რხევით შეკრავენ არეს,
აელვარდება ზეცად გზნება დამზრალი სული,
შავი წყვდიადის ნაზი კვნესა ღმერთთან ააღწევს,
იისფერ მწუხრში!
.
👑ცრემლ-ნამი👑
...
მოიფრქვევა ციდან ცვრიან ბაღში ნაზი ნამქერი,
ფერად-ფერად მოელვარე ცრემლთა კორიანტელი,
მოირწევა როგორც ვნება, როგორც გზნება ნათელი
და იღვრება ნეტარება მთელ ამ სინარნარეში,
მოიფრქვევა ციდან ცვრიან ბაღში ნაზი ნამქერი,
ფერად-ფერად მოელვარე ცრემლთა კორიანტელი.
2020წ