0 30

ჩვენ დავიხოცებით


ხვალ ჩვენ დავიხოცებით.
დაიხოცებიან ჩვენი მტრები და ისინიც, ვისზეც მტრებზე მეტად ვფიქრობთ. აღარ გვექნება სიცოცხლე და ვეღარ შევქმნით ისტორიებს. ვეღარ დავწერთ და ვეღარ ვიტყვით მთავარს და არამთავარსაც. ვეღარ ვნახავთ ვერც ღამეს და ვერც იმას, რის გამოც ვხუჭავთ თვალებს. ვეღარ გავიგონებთ დილის მგვინავ ნაბიჯებს და სიცილის სუნთქვას. ვეღარც სკვინჩების და ბეღურების ისტორიებს, რომლებსაც ერთმანეთს უყვებიან და ვერც სიჩუმის ძალას, რომელიც მარტო მაშინ დგება, როცა ყველაფერი ჯერ კიდევ სუნთქავს. გვექნება სული და მოგონებები. არ გვექნება ფერი და ხორცი. ვიცხოვრებთ დაგროვილი წარსულით და არ გვეყოლება არავინ, ვისაც შეგვიძლია მთავარი ვუთხრათ. ჩვენ ჩვენი წარსულის უსისხლო მონები ვიქნებით, რომლებმაც ბევრი იტირეს და ახლაც ბევრს ტირიან.
ვეღარ გავიგონებთ ერთმანეთს და ვერც სხვებს. ვეღარც იმათ, ვინც არ ვიცით და ვინც არ იცის ვინ ვართ.
ვეღარც იმას, ვინც იცის და ვიცით. ვეღარც იმას, ვინც უკვდავი იყო და ვინც უკვდავი აღარ არის. დავიხოცებით ჩვენც - ამ სამყაროს შემთხვევითი და განუსაზღვრელი არსებები, რომლებსაც სიცოცხლე უნდა. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად გრძელი იყო ჩვენი სუნთქვა ან რამდენად დიდი იყო ჩვენი კვალი, მთავარი მარტო ის არის, რა გვრჩება სულის ფსკერზე. მთავარი მარტო ის არის, როგორ ვგრძნობთ და რას ვგრძნობდით. მეტი არაფერი.

*
კომენტარები (0)