0 29

ოლოფერნეს სინდრომი


(ოლოფერნეს ჰგონია, რომ მისი მოჭრილი თავი მონოლოგს ამბობს ივდითის სიზმარში)

ჩემი დავიწყების კარიბჭიდან
შენი სიყვარულის გზაწვრილამდე
ნატვრები ისევ დამიდიან,
სანამ საბოლოოდ გამწირავდე.

ჩემი მარტოობის სახმილიდან
შენგან დაუნდობლად გარიყვამდე,
მზერით ერთხელ კიდევ გავივლი და
მერე სადაც გინდა, წამიყვანე. 

ჩემი მონატრების თამაშიდან
შენი ღიმილები ავიჩემე,
ეგებ შემეშველო ამაში და
ხსოვნას აღარ უნდა აბიჯებდე.

ჩემი მოკვეთილი თავიდანაც
მაგ შენს მოცახცახე ლავიწამდე,
თურმე, სიყვარულმა ამიყვანა,
სანამ საბოლოოდ არ გიწამე.

ჩემი ცრემლით სავსე დარდის ჭიდან
შენი მონატრების სანახამდე,
ვითომ ისეთი რა გაგიჭიდა,
ვეღარ მოიცადე დამარხვამდე.

ჩემი დაშორების მანძილიდან
შენი სიხარულის დაკარგვამდე,
როგორ გამოვფხიზლდე ამ ძილიდან,
საკუთარ თავსაც რომ აღარ ვგავდე.

ჩემი სიყვარულის კარავიდან
შენი სილამაზის ალაფამდე,
თითქოს მოდიოდე არაფრიდან,
ცრემლსაც ჩამოხვიდე განა რამდენს...

ჩემი დავიწყების კარიბჭიდან
შენი სიყვარულის გზაწვრილამდე
ნატვრები ისევ დამიდიან,
სანამ საბოლოოდ გამწირავდე.
კომენტარები (0)