*** (ქალმა სულ მაღლა, სარკმლის მინაზე)

ქალმა სულ მაღლა, სარკმლის მინაზე,
შევნიშნე თითით რაღაც დაწერა.
ლამაზი იყო მისი თვალები,
როგორც ვერხვებზე წვიმის დაცემა.
ის შენ იყავი. 
მძიმედ სუნთქავდი,
დროს გრძნობდი მძიმე დღეების ჯარით.
არ გადაიღო შენს სულში წვიმამ,
გულის ბაღებში მზე მოკვდა ჯავრით.
პოეზია კი, იყო ცხოვრების 
ბოლოს დასმული წერტილი დიდი!
იმ დღეს ვიცოდი, სარკმლის მინაზე 
მკვდარი ყვავილი დახატე თითით_
შენი ტკივილი და მეტაფორა.
შენც ხომ ფიქრებმა ლეშივით გკორტნეს.
ცხოვრება ჰგავდა დორიან გრეის,
ანუ მის მახინჯ და ბებერ პორტრეტს.
ეჰ, მეც ასე ვარ... გთხოვ მოდი ჩემთან,
გამიხანგრძლივდი წამად...
წუთებად...
ხომ მაგარია, როცა წვიმს გარეთ
და უცებ ვიღაც ჩაგეხუტება.