მოვკვდე თუკი სიკვდილამდე ეს სურნელი დავივიწყო!


ეს სიშორე ისე დამღლის, როგორც მტრედს ჰაერის კვეთა,
და ძახილი შორეული, ჰორიზონტს რომ ეხეთქება,
ბაგეების რხევა ჩემი, რად ვერ აღწევს შენს ყურამდე,
შენი სითბო თუკი მწვავს და ყინულივით ლამის დავდნე?

კედლის მწვანე კალენდარი, მითვლის დღეებს უშენობის,
მაღვიძარას ხმაურია, რომ არა სურს შენთან ვიყო,
და სურნელი შენი მოაქვს, ქარს სურნელი შენი ტრფობის,
მოვკვდე თუკი სიკვდილამდე ეს სურნელი დავივიწყო!

ნერვულ ბოჭკოს შეეწება, უტოპიურ დროზე ფიქრი,
ვით ჯიუტი მეცნიერი, ვზომავ ბილიკს შენსკენ სავალს,
ჩემი ათვლის წერტილიდან შენ კი უკვე შორს ხარ, მიჰქრი,
არაფერი არ მპირდება ქვეყანაზე გამოსავალს...

და საათი ვით არბიტრი, მითვლის წამებს უშენობის,
მაღვიძარას ხმაურია, რომ არა სურს შენთან ვიყო,
კვლავ სურნელი შენი მოაქვს, ქარს სურნელი შენი ტრფობის,
მოვკვდე თუკი სიკვდილამდე ეს სურნელი დავივიწყო!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი