0

მარტიდან გასვლა (მეუღლის ხსოვნას)


რა უცნაური სიტყვაა წასვლა...
მიდიხარ, თუმცა
ტოვებ ნაკვალევს...
მარტი ჯერ კიდევ მაგონებს ზამთარს,
არადა, როგორ მინდა არ ჰგავდეს.
თუმცა რა მარტი,
კაციც ხანდახან,
მზე გგონია და თურმე
ყინვაა.
აკაკუნებენ,
გაიხედავ და ...
სულ არაფერი,
არავინაა...
კარნავალია ირგვლივ ნიღბების,
დგახარ და შეშლილ სახეებს უმზერ...
- მისტერ, ხვალ ვეღარ განვმეორდებით...
- მისტერ პომადის კვალია ტუჩზე...
გადის ეს მარტიც...
ტკივილით გადის
და ქვეყნის წონა სადარდელს იტევს...
ჰო, მზე რომ მზეა,
შენ იმ მზეს ჰგავდი,
შენ იმ მზეს ჰგავდი და ვეღარ ვითმენ
გითხრა, რომ
მზესაც ცოდნია დაღლა
მარტია...
იხდენს ნაზამთრალ სევდას...
და ძნელი სულაც არაა წასვლა - 
ვამბობ და 
ქარში სიარულს ვბედავ -
კვლავ მარტო,
მარტო,
პირისპირ მარტის...
კომენტარები (0)