0

მარტოქალების იავნანა


შეყვარებული ქალებიც ხომ კვდებიან ერთხელ...
კვდებიან უხმოდ, მდუმარებით, კვდებიან ყუჩად...
მაგრამ მანამდე:
დასხდებიან  ბუხართან - პლედით 
და წყნარ მუსიკას მოუსმენენ. 
თვალებში ცრემლით
გაიხსენებენ:
როგორ უყვარდათ,
როგორ სურდათ,
როგორ ელოდნენ...
როგორ ძალიან მარტოები იყვნენ,
სციოდათ...
და შემცივნებულ, თხელ და ნატიფ,
წვეტიან თითებს
იღლიებში როგორ ითბობდნენ...
ყველა ტკივილის მიუხედავად, 
შევერცხლილ თმისა და თვალებთან ნაოჭებისა, 
მიუხედავად… 
-
ელოდებიან
სხვა გაზაფხულს მათ ცხოვრებაში…
თუმცა იციან, როგორ უხმოდ ჩამოიმარცვლა 
კრიალოსანი ბედისწერისა… 
სხდებიან ჩუმად...
და ჩუმადვე ელოდებიან:
მუხლებზე პლედით
და თვალებში ჩამდგარი ცრემლით...
ეს მოლოდინიც ისეთივე მძაფრი რამაა,
როგორც ტკივილი, 
დედის მუცლიდან რომ გამოჰყვათ,
რომ არ ასვენებთ...
სჯერათ, ცხოვრება ერთხელ მაინც გააპრილდება...
რომ ისევ მოვლენ ეს თავკერძა იასამნები...
რომ სიყვარული ისევ ისე შემოგლეჯს კარებს...
რომ ეყვარებათ...
ეყვარებიან...
სხედან კუთხეში -
შეყვარებული ქალები - სხედან...
და ამ თვალებს,
ხელებს,
ამ ცრემლებს,
ამ მუხლებს და 
მკერდს და
თმებს და
ამ კუთხეში მიმსხდარ პლედიან ქალებს -
შეყვარებულ ქალებს ოდესღაც -
სიყვარული რომ ესიზმრებათ, 
ალბათ, უყვართ იმაზე მეტად
ვიდრე ჰგონიათ, 
ან იციან, რადგან სიყვარულს 
საზღვრებს ვერასოდეს დაუწესებენ... 
სხედან ბუხართან შეყვარებული ქალები - 
სხედან -
მუხლებზე პლედით
და თვალებში ჩამდგარი ცრემლით, 
და იძინებენ, 
მშვიდად ლამაზი სიყვარული რომ დაისიზმრონ:
"დაიძინე, სიყვარულო, იავნანინაო, 
დაიძინე, მოუსვლელო, ვარდონანინაო, 
მე შენ ყველგან გელოდები, ნანანანინაო, 
და ლოდინში გიბერდები, ნანანანინაო"... 
იძინებენ და
სიყვარული სიკვდილს იქით მიაქვთ თვალებით!!!
კომენტარები (0)